მეტროპოლიტენ-ოპერა
მეტროპოლიტენ-ოპერა, აშშ-ის წამყვანი საოპერო თეატრი. გაიხსნა 1883 ნიუ-იორკში. შენობა აგებული იყო არქიტექტორ ჯ. ა. კეიდის პროექტით. მაყურებელთა დარბაზი 3625 კაცს იტევდა. თეატრის გუნდი, ორკესტრი და დამხმარე კოლექტივები სტაბილურია. სოლისტებს და დირიჟორებს იწვევენ მთელი სეზონით ან ცალკეული სპექტაკლისათვის (კონტრაქტებით). რეპერტუარშია მსოფლიოს კლასიკა.
მეტროპოლიტენ-ოპერის სცენაზე გამოდიოდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერლები: ს. არნოლდსონი, ე. კარუზო, თ. შალიაპინი, ე. დესტინოვა, ლ. ბორი, ბ. ჯილი, ა. გალი-კურჩი, ტ. რუფო და სხვ. 50-იან წლებში მ. დელ-მონაკო, ბ. ნილსონი, ლ. პრაისი, ტ. გობი, ბ. ხრისტოვი, რ. სკოტო, ჯ. საზერლენდი, რ. ტებალდი, ნ. გიაუროვი და სხვ. სპექტაკლებს დგამდნენ ცნობილი დირიჟორები; ფ. მოტლი, გ. მალერი, ა. ტოსკანინი, დ. მიტროპულოსი, კ. ბემი, ლ. სტოკოვსკი, ლ. ბერნსტაინი, ზ. მეტა, ჰ. კარაიანი და სხვ. 1966 თეატრი გადავიდა ახალ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შენობაში – „ლინკოლნ-ცენტრში“, მაყურებელთა დარბაზი (3800 კაცზე) გამოირჩევა საუკეთესო აკუსტიკით.მეტროპოლიტენ-ოპერის სპექტაკლებში მონაწილეობდნენ მ. ქასრაშვილი, პ. ბურჭულაძე, გ. გაგნიძე, ა. რაჭველიშვილი, ნ. მაჩაიძე და სხვ.