მეღვინეთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეღვინეთუხუცესი - სამეფო კარის საღვინის უწყების ხელმძღვანელი შუა საუკუნეების საქართველოში.

ქართულ წყაროებში მეღვინეთუხუცესის შესახებ პირველი ცნობა XII საუკუნიდან ჩნდება, თუმცა ცხადია, რომ ეს სამოხელეო თანამდებობა საქართველოში ბევრად ადრიდან არსებობდა. მეღვინეთუხუცესის სახელოს მნიშვნელობასა და ფართო გავრცელებაზე მიუთითებს ამ სამოხელეო სახელიდან ნაწარმოები გვარები: მეღვინეთუხუცესი, მეღვინეთხუცისშვილი, მემარნიშვილი.

მეღვინეთუხუცესი სათავეში ედგა სასახლის ერთ-ერთ უწყებრივ სტრუქტურას „საღვინეს“, რომელშიც, XIII ს-ში, „ხელმწიფის კარიგების“ თანახმად, შედიოდნენ: მეღვინეთუხუცესი//პირის მეღვინე, საღვინის მუქიფი, საღვინის მოლარე და მეღვინენი. პურობის დროს საჭურჭლის ნაცვალი და მეღვინეთუხუცესი მეფის „პირის მწდის“, ანუ „პირის მეღვინის“ მოვალეობას ასრულედნენ. პირის მწდეს საღამოობით მეფისათვის ოქროს მაშრაპით ღვინო უნდა მიერთმია.

ვახუშტი ბატონიშვილის განსაზღვრებით, მეღვინეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ „მწდენი და მესასმისენი მეფისა და ღვინის მნენი“. „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ ირკვევა, რომ სასახლეში საღვინეს თავისი ნაგებობა ჰქონდა, სადაც ახალწლის დღესასწაულზე მეფის მონაწილეობით რიტუალური მნიშვნელობის წესი სრულდებოდა: („საღვინეთ ქვე დასმენ [მეფესა] მაღლა სკამითა, ტაბლას წინ დაუდგმენ და ველურისა ტახის თავს მოხარშულს წინ დაუდგმენ“). მეღვინეთუხუცესის ძირითადი საქმიანობა სამეფო ზვრების მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა იყო. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, ამ საქმეს მეღვინეთუხუცესი უძღვებოდა მანდატურთუხუცესთან და მუქიფთან ერთად. მეღვინეთუხუცესი ადგილებზე ანაწილებდა „ღვინის მკრეფელებს“, რომლებიც მანდატურთა ზედამხედველობით თვალყურს ადევნებდნენ ვენახში მუშაობას, ყურძნის მოსავლის აღება-დაბინავებას. მეღვინეთუხუცესის შემდეგ საღვინის უწყების უმთავრეს მოხელედ ითვლებოდა ღვინის მუქიფი, რომელიც ღვინის ძღვენსა და საღვინის შემოსავალ-გასავალს განაგებდა. მანდატურთუხუცესის მოხელესთან ერთად იგი მეღვინეთუხუცესის ბრძანებით „იურვოდა“ (ზედამხედველობდა) ზვრის სამუშაოებს და მის ანგარიშსაც აწარმოებდა. საღვინის მოლარე ითვლებოდა საღვინის ქონების მცველად. მეღვინეებთან ერთად მას ევალებოდა მეფის მომსახურება საწოლში და ნადიმის დროს; მასვე ებარა ყოველდღიური სახმარი საღვინის ჭურჭელი, აგრეთვე სამეჯლისო ჭურჭელი, რომელიც ცალკე ინახებოდა. საღვინის შესავალ-გასავლის ანგარიშები „საანგარიშოთა გოდორთა შინა“ ეწყო და მეჭურჭლეთუხუცესის ბეჭდით იყო დაბეჭდილი (ტექსტში „მეღვინეთ“ გადახაზულია და წერია „მეჭურჭლეთუხუცესი“). რიგითი მეღვინეების ფუნქციაში შედიოდა საღვინის იარაღისა და მანდილის სისუფთავეზე ზრუნვა: „მანდილი... რა დამტვერიანდეს, გარეცხვა უნდა. საფარეშოს მიიღებს მეღვინე და ერთს მაშრაპას ღვინოს მიართომს, გარეცხენ და საღვინესვე მიიღებენ“.

მეღვინეთუხუცესსა და საღვინის უწყებაში შემავალ ყველა დიდსა და პატარა მოხელეს თავისი განსაზღვრული სარგო ერგებოდა. ღვინის ულუფა ნაწილდებოდა მათი რანგის შესაბამისად. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ღვინის ულუფის, ანუ სარგოს შესახებ აღნიშნულია, რომ ყოველი ზვრიდან მეღვინეთუხუცესს თითო ჭური ეკუთვნოდა, უფრო მომცრო - მუქიფს. საღვინის მოლარე მეზვრეთაგან ღვინოს იმისდა მიხედვით იღებდა, თუ როგორი იყო ზვარი და მოსავალი. მეღვინეები სარგოს იღებდნენ იმ ერთდროული ულუფიდან, რომელსაც მეფის ჩადგომისას ამა თუ იმ სოფელში „წერდნენ“ (იღებდნენ) მეფისა და მისი თანმხლები პირების გამოსაკვებად.

მეღვინეთუხუცესი, მართალია, არ მიეკუთვნებოდა სასახლის მოხელეთა უმაღლეს წრეს, მაგრამ საკმაოდ საპატიო ხელის მფლობელი იყო. ამ თანამდებობის პირები საშუალო რანგის აზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ და მეფესთან „აღზრდილ-შეზრდილობით“ იყვნენ დაკავშირებულნი. მეღვინეთუხუცესს მეფის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებიც შეიძლებოდა ჰქონოდა, მათ შორის სამხედრო ან დიპლომატიური ხასიათისა. მაგ., 1191 წ. შავშეთ-კლარჯეთის ციხეების მიმტაცებელი გუზან ტაოსკარელის წინააღმდეგ საბრძოლველად სარგის თმოგველთან და კახა სამძივართან ერთად თამარ მეფემ მეღვინეთუხუცესიც მიავლინა.

საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდგომ ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებს (ისევე, როგორც მთავრებსა და დიდ თავადებს, ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსებს), საკუთარი მეღვინეთუხუცესები ჰყავდათ. XVI ს-ის დასავლეთ საქართველოს მეფეების მიერ გაცემული საბუთების ბრძანებულებით ნაწილებში სხვა, დიდ თუ მცირე მოხელეთა გრძელ ჩამონათვალებში მეღვინეთუხუცესი და მეღვინენიც იხსენიებიან. ამ პერიოდში შენარჩუნებულია მეღვინეთუხუცესისა და საღვინის მოხელეთა საპატიო ადგილი და მნიშვნელობა, თუმცა საახალწლო რიტუალის ადრინდელი წესი წყაროებში აღარ დასტურდება. ვახტანგ VI-ის (1703-1724) „დასტურლამალის“ თანახმმად, მეღვინეთუხუცესის ხელქვეითი მოხელეები იყვნენ მეღვინე, შიგამდეგი და თავლიდარი, ასევე, პირის მეღვინე (პირის მწდე) და მეტიკისპირე, რომელთა შორის ფუნქციები მკაფიოდ იყო განაწილებული. მეტიკისპრეს სასახლემდე ღვინო უნდა მოეტანა და „კართან დაედო“, მაგრამ სასახლის შიგნით შესვლა არ შეეძლო. რაც შეეხება მეღვინეთუხუცესს და საღვინის ცხრა მეღვინეს, მათი პირდაპირი მოვალეობა იყო საღვინის მოვლა და ჯეროვნად შენახვა. დიდი მეჯლისის დროს მეღვინეთუხუცესი მეღვინეთა თანხლებით დარბაზში შედიოდა და დადგენილი რიგითობით (ოთხი მეღვინე მარჯვნივ და ოთხი მარცხნივ) სტუმრებს ღვინოს მიართმევდა. პირის მეღვინეს (პირის მწდე) მეფისათვის უნდა მიერთმია ღვინო. ასეთივე წესით, მაგრამ უკვე ექვსი მეღვინის თანხლებით ემსახურებოდა მეფეს მეღვინეთუხუცესი სხვა, უფრო მცირე მეჯლისების დროს. უფრო გამარტივებული იყო მათი მომსახურების წესი, როცა მეფე სხვა სასახლეებსა და სადგომებში გადადიოდა, მაგრამ მეღვინეთუხუცესი მეღვინეებთან ერთად მუდამ თან ახლდა მას.

ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ ცალკე პარაგრაფი აქვს დათმობილი რთველთან დაკავშირებულ მოხელეთა საქმიანობის აღწერას. აქ ზუსტადაა განსაზღვრული „ღვინის მოსავლის რიგი“ - მემარნისა და მესთვლის მოვალეობები, თუ რომელი ზვრიდან რომელ მარანში (კოჯორი, ატენი, ბოლნისი) უნდა გაეგზავნათ დაწურული ღვინო; გაწერილია, ვის და როგორ უნდა გაერეცხა ქვევრები, მითითებულია სოფლები, რომელს რა რაოდენობით უნდა გადაეხადა კულუხი და ტკბილი, რომელი იყო გათარხნებული და სხვ. „დასტურლამალში“ მკაფიოდაა გამიჯნული საღვინის მოხელენი და მესთვლენი. ძეგლის შედგენის დროს სამეფო მეღვინეთუხუცესის განკარგულებაში ყოფილა 15 „მესთვლე“. მეღვინეთუხუცესის ხელქვით მოხელეებს უნდა ჩაებარებინათ ღვინისა და არყის შემოსავალი მეფის სახასო მამულებიდან, აეკრიფათ კულუხის გადასახადი და ჩაებარებინათ მეღვინეთუხუცესისათვის. ამ უკანასკნელს კი ზემდგომი მოხელეებისათვის უნდა წარედგინა ანგარიში.

მეღვინეთუხუცესები. XV-XVII სს.

  • ვაჩნასძე ასათ - მეღვინეთუხუცესი 1455 წ. გიორგი VIII-ის „აღზრდილ-შეზრდილი“ (ქისკ 2014: 85).
  • ფალავანდაშვილი ფალავანდ - მეღვინეთუხუცესი 1504 წ. (პალ 2007: 284).
  • თულაშვილი ბეჟან - მეღვინეთუხუცესი 1641-1642 წწ. (ქსის 1955: 163, 172).
  • სოლაღაშვილი ბიძინა - მეღვინეთუხუცესი 1658 წ. (პალ 2007: 181).
  • თულაშვილი ოთარ - მეღვინეთუხუცესი 1681-1687 წწ. (პალ 1993: 321).
  • სულხან - მეღვინეთუხუცესი 1700 წ. (პალ 2007: 207).
  • გაბელ - 1700-იანი წწ. (დასტურლამალი 1970: 24

წყაროები და ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 64;
  • ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 80, 81, 82, 88, 92;
  • ვახუშტი 1973: 32;
  • დასტურლამალი 1970: 249, 252-259, 300-301, 306-8; 300-301; 307; 306-308;
  • ქსძ 1965: 189;
  • ჯავახიშვილი 1982: 319-322;
  • ანთელავა 1983: 94-99.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები