მთის მწყერჩიტა
მთის მწყერჩიტა (ლათ. Anthus spinoletta Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ბოლოქანქარასებრნი (Motacillidae)
- გვარი − მწყერჩიტა (Anthus)
მთის მწყერჩიტა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 75-90 მმ-ია, კუდი – 50-70 მმ, ნისკარტი – 10-13 მმ, წონა – 18-26 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება თითქმის არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მორუხო-მოწაბლისფროა. ზურგის წინა ნაწილზე და თავზე მკაფიო გასწვრივი ლაქებია, რაც არაა წელზე და კუდზედა ბუმბულებზე. ფრთების დიდი და საშუალო მფარავები მოწაბლისფროა, მოთეთრო წვეროებით; მომქნევები მორუხო-მურაა, ღია ფერის არშიებით. საჭის ბუმბულებიც მურაა, მაგრამ კიდურა წყვილის გარეთა მარაოების დიდი ნაწილი თეთრია, ხოლო მეორე წყვილზე თეთრი ლაქები წვეროს ნაწილშია. თვალების ზემოთ ღია ფერის ზოლებია. მუცლის მხარე მკრთალი მოვარდისფრო-ჟანგმიწისფერი ან მკრთალი მომწვანო-მოყვითალოა; ყელი და მუცლის შუა ნაწილი მოთეთროა; ჩიჩახვი მკაფიოდაა გამოყოფილი ღია ფერის ყელისაგან. ნისკარტი მოშავო-მურაა, ფეხები – მკრთალი მურა. უკანა თითის ბრჭყალი ამავე თითზე გრძელია.
აღწერილია 8 (ზოგი ცნობით 12) ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური მთის მწყერჩიტა – A. s. caucasicus Laubman, 1915.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად ფართოა, მაგრამ ამასთან დანაწევრებულია. მთის მწყერჩიტა მოიპოვება ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის თითქმის ყველა მთის მასივზე – ალპებში. კარპატებში, კავკასიაში, აზიის მთებში – ჩუკოტკის, კამჩატკისა და სახალინის ჩათვლით; ბრიტანეთში, სკანდინავიაში, კანადაში, გრენლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ა. შ. დასაზამთრებლად ზოგან მთიდან დაბლობში ეშვება ან მიფრინავს – ჩრდილოეთი ამერიკის სამხრეთ ნახევარში, სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. საქართველოში მოიპოვება მთებში ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
ალპური და სუბალპური მდელოები ტყის ზემო საზღვრიდან მყინვარებამდე. ზამთარში ინაცვლებს დაბლობებში, უპირატესად ქვაღორღიან მინდვრებში.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე ქვის ან კორდის გვერდით პატარა ჩაღრმავებაში. წელიწადში მრავლდება 2-ჯერ. პირველად მაისში დებს 5-6 კვერცხს, მეორედ ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში – 4-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14-15 დღეს უნდა გრძელდებოდეს, თუმცა კავკასიური ქვესახეობისათვის ეს დადგენილი არაა.
კვება
მთის მწყერჩიტას უმთავრესი საკვებია პატარა ზომის მწერები, ობობები, წვრილი ლოკოკინები, მცირე რაოდენობით ჭამს აგრეთვე ბალახების თესლებსაც, განსაკუთრებით ზამთარში.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით უთუოდ სასარგებლო ფრინველია.