მიმესისი
მიმესისი – (ბერძნ. mimesis – მიბაძვა) – ანტიკური, შემდგომ კი კლასიცისტური თეატრის ერთ-ერთი ძირითადი ესთეტიკური პრინციპი. ხელოვნება მიბაძვად განიხილება პითაგორას მოძღვრებაში (მუსიკა როგორც კოსმიური ჰარმონიის ანარეკლი). პლატონის შეხედულებით, ხილული სამყარო არის იდეათა უმაღლესი სამყაროს მიბაძვა, ხოლო ხელოვნება, რომელიც ბაძავს რეალობას, არის მიბაძვის მიბაძვა. არისტოტელეს აზრით, მიბაძვისკენ სწრაფვა საერთოდაც ახასიათებს ცოცხალ არსებას, ხოლო ადამიანს კი, განსაკუთრებით; მისი აზრით, მიმესისი ხელოვნების არსებითი მოვლენაა და სიამოვნებას გვანიჭებს მაშინაც, როცა ავსახავთ სიმახინჯეს.
მიმესისის თეორიამ ფართო გავრცელება ჰპოვა კლასიციზმის ესთეტიკაში. ისინი თვლიდნენ, რომ მიბაძვას იმსახურებს მხოლოდ მშვენიერება.
რომანტიზმი დაუპირისპირდა მიმესისის თეორიას, წინა პლანზე წამოსწია სუბიექტური საწყისი, თავად ხელოვანის პიროვნება, მისი წარმოსახვა, ფანტაზია.
მიმესისი კვლავ რჩება ესთეტიკის საკვანძო პრობლემად.