მიმინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიმინო

მიმინო (ლათ. Accipiter nisus Linnaeus, 1758) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. პატარა ზომის მტაცებელი ფრინველია. ფრთა 190-260 მმ-ია, კუდი — 150-180 მმ, წონა — 130-280 გ. დედალი მნიშვნელოვნად დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის შესამჩნევი განსხვავებაა. გარეგნულად ძალიან ჰგავს ქორს, მაგრამ ბევრად უფრო პატარაა. ზრდასრული მამალი ზემოდან მურა-მოცისფროა, ქვემოდან — თეთრი, ხშირი მურა ან მოქარცისფრო განივი ზოლებით; კეფაზე თეთრი ლაქაა, თვალების ზემოთ თეთრი წარბებია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი მურაა, მოშავო განივი ზოლებით. ეს ზოლები უფრო კარგად ჩანს ქვემო მხრიდან. დედალი ზემოდან უფრო მორუხოა, სუსტად გამოხატული ცისფერი ელფერით, ხოლო ქვემოდან განივი ზოლები უფრო მუქია და არა მოქარცისფრო. მიმინო ადვილი გასარჩევია მისი მსგავსი ქორცქვიტასაგან იმით, რომ ყელზე არ აქვს გასწვრივი შავი ზოლი. შუა თითი გრძელია, შიგნითა თითის ბრჭყალი შუა თითის პირველი ფალანგის დონეზე იწყება. ნისკარტის წვეროში მოშავოა, ბრჭყალები − შავი, ცვილანა და ფეხები — ყვითელი.

აღწერილია 8 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მიმინო − A. n. nisus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს მთელ პალეარქტიკას, მაგრამ არ არის უტყეო ტუნდრაში, ველებსა და უდაბნოებში. ჩრდილოეთით ვრცელდება ტყის საზღვრამდე, სამხრეთით მაროკოში, ალჟირსა და ტუნისში, მცირე აზიაში, ირანში, ჰიმალაიზე, ჩრდილოეთ ბირმაში, შუა ჩინეთსა და იაპონიაში. არეალის ჩრდიელოეთი ნაწილიდან გადამფრენია. იზამთრებს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში და სამხრეთ აზიაში. საქართველოში მობინადრეა.

ბიოტოპი

ტყე და უტყეო, გაშლილი ადგილების ერთობლიობა, განსაკუთრებით ნათელი ტყეები და კორომები, სადაც მრავლადაა პატარა ზომის ფრინველები. გამრავლების დამთავრების შემდეგ გვხვდება კულტურულ ლანდშაფტშიც. ვერტიკალურად ვრცელდება ტყის ზონის ზემო საზღვრამდე.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ხეზე, უფრო ხშირად ნაძვზე ან ფიჭვზე, ზოგჯერ ფოთლოვანებზეც. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 3-6, უფრო ხშირად — 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 32 დღემდე აღწევს.

კვება

ქორის მსგავსად, მიმინო ორნითოფაგი ფრინველია. მამალი ყოველდღე იჭერს 2-3 ბეღურას ზომის რომელიმე ფრინველს, ხოლო დედალი 3-4 ასეთივე ფრინველს. ზოგჯერ ჭამს მემინდვრიებსა და თაგვებსაც.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით მავნეა, ზიანი მოაქვს ბეღურასნაირი მგალობელი ფრინველებისათვის. მიმინოს იჭერენ და წვრთნიან მწყერზე სანადიროდ.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები