ქორცქვიტა
ქორცქვიტა (ლათ. Accipiter badius Gmelin, 1788) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. პატარა ზომის მტაცებელი ფრინველია, ფრთა 210-240 მმ-ია, კუდი — 150-175 მმ, წონა 180-275 გ. დედალი შესამჩნევად დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე სხვაობაა. მამალი ზემო მხრიდან მომტრედისფრო-მურაა, კეფის უკან მოქარცისფრო ელფერით და თეთრი სიჭრელით. მომქნევები მურაა, კიდევ უფრო მუქი მურა განივი ზოლებით, ხოლო მათ შიგნითა მარაოებზე ფართო თეთრი ლაქებით. საჭის ბუმბულები მოცისფრო-მურაა, მუქი წვეროებით და მუქი მურა განივი ზოლებით (გარდა შუა წყვილისა). მკრთალი რუხი ფერის ყელის შუაში მურა ფერის მკვეთრი გასწვრივი ზოლია. მკერდი, მუცელი და გვერდები მოთეთროა, ხშირი მურა-მოჟანგისფრო განივი ზოლებით. მუცლის უკანა ნაწილი, კუდქვეშა და წვივის ბუმბულები თეთრია. დედალი ზემოდან უფრო ღია ფერისაა, მომტრედისფრო ელფერის გარეშე, ხოლო მკერდსა და მუცელზე ზოლები უფრო მუქია. ნისკარტი მოშავო რქისფერია, ბრჭყალები შავი, ცვილანა და ფეხები — ყვითელი.
აღწერილია 9 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული ქორცქვიტა — A. b. brevipes Severtzoff, 1850.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი ვრცელია. ევროპაში მოიპოვება ბალკანეთიდან და სამხრეთი უკრაინიდან ვოლგისპირეთსა და კავკასიამდე; აზიაში-ანატოლიაში, ირანში, თურქმენეთში, ქაშმირში, სამხრეთ ჩინეთში, ინდოეთში, ცეილონზე, ნიკობარის კუნძულებზე და ინდოჩინეთში; აფრიკაში — სენეგალიდან და სამხრეთი ნიგერიიდან ერითრეამდე. აზიისა და აფრიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში მობინადრეა, ხოლო ევროპისა და შუა აზიის ფორმები — გადამფრენი. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს უპირატესად მურყნისა და შერეულ ტყეებში. მდინარეთა ხეობებში, ტყის კორომებსა და წარაფებში. მთებში მაღლა არ ადის. ყირიმში ნაპოვნია 500 მ-მდე, ხოლო კავკასიაში — 1000 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მეტწილად მურყანზე, უფრო იშვიათად — ვერხვზე, მუხასა ან სხვა ფოთლოვან ხეზე. მაისში დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. მამალი ამ დროს კვებავს დედალს და შემდეგში ახალნაჩეკ მართვეებსაც. საინკუბაციო პერიოდი 35 დღემდე გრძელდება.
კვება
ქორცქვიტას ძირითად საკვებს შეადგენენ ხვლიკები და მოზრდილი ზომის მწერები. ზოგჯერ იჭერს პატარა ზომის ბეღურასნაირ ფრინველებსაც, აგრეთვე წვრილ მღრღნელებს.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით უფრო სასარგებლოა.