მინიმალიზმი მუსიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინიმალიზმი − (ინგლ. Minima Art Minima Music) − მხატვრული მიმდინარეობაა, რომელიც ჩამოყალიბდა ამერიკაში, XX საუკუნის 60-იან წლებში (მკვლევარები ზოგჯერ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ მინიმალიზმის სამშობლო ნიუ-იორკია) და ამ და შემდეგ ათწლეულებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც აკადემიურ, ისე პოპულარულ ხელოვნებაში.

მინიმალიზმის, როგორც მხატვრული მიმართულების ძირითადი იდეა დაფუძნებულია ნაწარმოების შექმნისთვის გამოყენებული მასალის მინიმუმზე და ასევე, ამ მასალის განვითარების პროცესში მის მინიმალურ ტრანსფორმირებაზე. მინიმალიზმი ისწრაფვის უბრალოების და ერთგვაროვნებისკენ, ავტორის შემოქმედებითი თვითშეზღუდვისკენ.

მუსიკაში ტერმინი მინიმალიზმი სახვითი ხელოვნებიდან მოხვდა და გამოიყენება იმ მოვლენის აღწერისთვის, რომელსაც ახასიათებს განგებ გამარტივებული რიტმული, მელოდიური და ჰარმონიული ლექსიკონი. მუსიკალური მინიმალიზმი, როგორც მხატვრული მიმდინარეობა 60-იანი წლების ბოლოს – 70-იან წლების დასაწყისში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. მისი გაჩენის ძირითადი მხატვრული იმპულსი უკავშირდება ახალი თაობის ნეგატიურ რეაქციას ბულეზის, შტოკჰაუზენის და სხვა ავანგარდისტთა მუსიკის რაციონალიზმზე და უკიდურეს სირთულეზე, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, კეიჯის და მისი მიმდევრების ირაციონალიზმზე და სრულ ინდეტერმინიზმზე.

მინიმალიზმი, მათ შორის მუსიკაში, არააკადემიური ხელოვნებისადმი თავისი ტოლერანტობით უპირისპირდება ავანგარდს და, უფრო ზოგადად, მოდერნის აზროვნებას. მის წარმოშობას წინ უსწრებდა Pop Art-ის მიმდინარეობა შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში, რომელიც ისწრაფოდა ხელოვნებას და ცხოვრებას, ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის ზღვარის წაშლისკენ. მან სახვით ხელოვნებას ფიგურაციულობა, მუსიკალურს კი ისეთი ტრადიციული ფასეულობები დაუბრუნა, როგორიცაა ტონალური ცენტრი, მარტივი რიტმები, მელოდია და ჰარმონია. მინიმალიზმის ძირითადი ესთეტიკური იდეალები და ტექნიკური პრინციპები ჩამოყალიბდა მასობრივი კულტურის ელემენტებზე ორიენტირებული Pop Art-ის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ე. წ.Fluxus-მოძრაობის იდეალების წიაღში, კერძოდ, ნაწილობრივ ჯონ კეიჯის და განსაკუთრებით, მინიმალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლა მონტე იანგის შემოქმედებაში. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მინიმალიზმის წინამორბედად მიჩნეულია ფრანგი კომპოზიტორი ერიკ სატი, კერძოდ მის მიერ 1914-16 წწ. დეკლარირებული ე. წ. Musique d′ameublement-ის (ოთახის გასაწყობი მუსიკა, Меблировочшная музыка) პრინციპები, რომლებიც განახორციელა 1917-19 წლებში. ამ ტიპის ნაწარმოებების, მათ შორის სატის ყველაზე სახელგანთქმული Мexations, იქმნებოდა „არა მოსასმენად, არამედ კედელზე გაკრული შპალერის მსგავსი როლის შესასრულებლად“ (Онеггер 1985:149).

მინიმალიზმის კიდევ ერთ წინამორბედად მიიჩნევა ფრანგი მწერალი, ჟურნალისტი ალფონს ალე, რომელმაც თავისი ეპატაჟური გამოსვლებით კონცეპტუალიზმი და მინიმალიზმი იწინასწარმეტყველა. მისი „სამგლოვირო მარში დიადი ყრუს გარდაცვალებაზე“ კეიჯის 4”33”'-ზე თითქმის ნახევარი საუკუნით ადრე დაწერილია.

ამგვარად, საწყის ეტაპზე მინიმალიზმის გამოვლინებას მხატვრულ შემოქმედებაში, უმთავრესად სოციალური აქტის, ექსპერიმენტის მნიშვნელობა ჰქონდა და მხოლოდ 60-იანი წლებიდან გადაიქცა მხატვრულ მიმდინარეობად, სტილად, მეთოდად და ტექნიკად.

მინიმალისტური მუსიკალური ნაწარმოებების ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო თვისება არის რეპეტიტიულობა და სწორედ ამის გამო მუსიკაში დამკვიდრდა ტერმინი რეპეტიტიული მინიმალიზმი, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან ჯონ ადამსი, სტივ რაიხი, ფილიპ გლასი, ტერი რაილი. აქვე აღვნიშნავთ, რომ არსებობს მინიმალიზმის არარეპეტიტიული ნაირსახეობაც. უფრო მეტად გავრცელებული რეპეტიტიული მინიმალიზმის მთავარ კონსტრუქციულ ელემენტს წარმოადგენს მოკლე რიტმულ-ინტონაციური მოდელები, ე.წ. pattern-ები − ნებისმიერი ჰარმონიული, მელოდიური, რიტმული ერთეულები, რომლებიც ერთად, ან ცალ-ცალკე შეიძლება იყოს მოცემული. ამ მოდელების საფუძველს ტონალობა, ან უფრო ხშირად, მოდალობა წარმოადგენს და ესაა ის უმთავრესი, რითაც უპირისპირდება მინიმალიზმი სერიალიზმს. გარდა ამისა, ამ ორ მიმდინარეობას განასხვავებს ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება გამეორებისადმი: ნეგატიური – სერიალიზმს და პოზიტიური – მინიმალიზმს.

მაგალითისთვის მოვიყვანთ რამდენიმე ნაწარმოების pattern-ს, რომლებიც ერთი რომელიმე ელემენტის გამეორებაზეა აგებული:

მაგალითი № 1
ა) ჰარმონია − ჯ. ადამსი. ფორტეპიანოს პარტიის ფრაგმენტი ოპერიდან „ნიქსონი ჩინეთში“

Niqsoni chinetidan.JPG






ბ) მელოდია – ფ. გლასი. სოლო ვიოლინოს პარტიის ფრაგმენტი სავიოლინო კონცერტიდან

Glasi f.JPG





გ) რიტმი − ს. რაიხი. „ტაშის მუსიკა 2 შემსრულებლისთვის“

Raixi ritmi.JPG




pattern-ების რაოდენობა ნაწარმოებში არაა შეზღუდული. როგორც წესი, ნაწარმოები ათეულობით ერთმანეთისგან მინიმალურად განსხვაგებული pattern-ი-ების მრავალჯერად გამეორებაზე და მონაცვლეობაზე აიგება. pattern-ი-ების გამეორების რაოდენობა შეიძლება იყოს მითითებული კომპოზიტორის მიერ, ან მთლიანად შემსრულებლის/ების სურვილზე იყოს დამოკიდებული.

რეპეტიტიული მინიმალიზმის მრავალრიცხოვან ნიმუშებში, უმთავრესად, მხატვრული მთლიანის დროის და სივრცის ორგანიზების ერთიანი პრინციპი მოქმედებს: საწყისი მუსიკალური იმპულსის მომცემი pattern-ის მდორე, თითქმის შეუმჩნეველი გრადაციული ცვლილებებით გარდაქმნა და ახალ pattern-ად გადაქცევა. ასე წარმოიშობა სტატიკური მუსიკალური ნაწარმოები, რომლის დროის ორგანიზება უშუალოდ უკავშირდება არაევროპულ, განსაკუთრებით აფრიკულ და აზიურ კულტურებს - და იქ გავრცელებულ მთლიანის არადისკრეტული ორგანიზების პრინციპს ანიჭებს უპირატესობას. ამასთანავე, მინიმალიზმის ამერიკიდან ევროპაში „ექსპორტის" შემდეგ მან ევროპული მხატვრული აზროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებები შეიძინა – ნაწარმოების დრამატურგიის საბოლოო შედეგზე, finalis-ზე ორიენტირება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.

მინიმალიზმში, იმისგან დამოუკიდებლად რეპეტიტიულობის პრინციპზეა აგებული ნაწარმოები თუ არა, უპირატესობა ენიჭება მუსიკალური აზრის მდორე გაშლას და დროის თითოეულ ერთეულში მხატვრული მოვლენების მინიმალურ რაოდენობას. სწორედ ამ თვისებით უახლოვდება ერთმანეთს, მაგალითად, ფილიპ გლასის და მორტონ ფელდმანის ნაწარმოებები, რომელთაგან პირველი რეპეტიტიულობის პრინციპზეა აგებული, მეორე კი – არა, მინიმალიზმის კიდევ ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის უარს ამბობს ტრადიციულ მუსიკალურ დრამატურგიაზე, კონტრასტებზე და დასავლეთევროპული მუსიკალური ხელოვნების სხვა სახასიათო ნიშან-თვისებებზე. მასში მუსიკალური დროის და რიტმული სტრუქტურების ორგანიზების ახლებურ, ინდივიდუალურ გააზრებას ვხვდებით. ამასთანავე, განვითარების ტრადიციული პრინციპებიდან მინიმალიზმი ფართოდ სარგებლობს ოსტინატოთი.

წყარო

მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზი: XX საუკუნე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები