მიწის საფარის დაბინძურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწის საფარის დაბინძურება – დედამიწის ქერქის ზედა ფენის დაზიანება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და მისი გამდიდრების, მშენებლობის, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების მიწაში დამარხვის, სამხედრო სწავლების ჩატარებისა და მისთ. დროს. ნიადაგის საფარი მნიშვნელოვნად ბინძურდება ატმოსფეროში სხვადასხვა გამონაბოლქვების გაბნევის ზონებში გაჩენილი დანალექებით; სახნავი მიწები ბინძურდება სასუქის ჭარბად შეტანისას და პესტიციდების გამოყენებისას; ყოველწლიურად დედამიწის წიაღიდან იღებენ უაღრესად დიდი რაოდენობის მთის ქანს, რომელთაგან წარმოებაში მოპოვებული მოცულობის მხოლოდ 7% გამოიყენება და თუმცა ნარჩენების ნაწილი მიდის მეორეულ გადამუშავებაზე, მილიონობით ტონა ნარჩენი მაინც იყრება არაორგანიზებულ ნაგავსაყრელებზე. ნიადაგი მნიშვნელოვნად ბინძურდება ატმოსფერული ტოქსიკური ნივთიერებებით. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ფერადი და შავი მეტალურგიის საწარმოები, რომელთა გამონაბოლქვებით გამოწვეული დაბინძურების ზონის რადიუსი 20-50 კმ-ს აღწევს, ხოლო კონცენტრაცია ზღვრულ დასაშვებს 100-ჯერ აღემატება. განსაკუთრებით, საშიშ დამბინძურებლებს მიეკუთვნება ნიკელი, ტყვია, ვერცხლისწყალი და სხვ. საშიშია ნაგავსაწვავი ქარხნების გამონაბოლქვებიც, რომლებიც შეიცავენ ტეტრაეთილტყვიას, ვერცხლისწყალს, დიოქსინებს, მაღალი ონკოგენური პოტენციის არომატულ ნახშირწყალბადებს, ვანადიუმის ნაერთებს, რადიონუკლიდებს, მჟავებსა და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები