მომდენი ვენტილაცია
მომდენი ვენტილაცია − სავენტილაციო მომდენი სისტემა სათავსში სუფთა ჰაერის მისაწოდებლად დაბინძურებული ჰაერის ნაცვლად. მომდენი ჰაერი საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება გაწმენდას, შეთბობას, დატენიანებას და სხვ. მისი შემადგენელი ნაწილებია: ჰაერმიმღები (ჰაერშემკრები) მოწყობილობა, გამათბობელი, მაცივარი, გამწმენდი ფილტრები, სათავსში სუფთა ჰაერის მისაწოდებელი მოწყობილობა. სისტემა 100%-ით მუშაობს ატმოსფერულ ჰაერზე. მომდენი ვენტილაცია არის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების. მომდენი დანადგარები შეიძლება იყოს მონობლოკური და ასაწყობი. ასაწყობი სისტემა იკრიბება ცალკეული კომპონენტებისაგან და უპირატესობაა ის, რომ ასეთი სისტემით შესაძლებელია ნებისმიერი სათავსის ვენტილაცია დაწყებული მცირე ფართობის ბინებითა და ოფისებით და დამთავრებული სავაჭრო ცენტრებით, სუპერმარკეტებითა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით. მონობლოკური სისტემები თავსდება ცალკე ბგერაიზოლირებულ კორპუსში და, შესაბამისად, გამოირჩევა ხმაურის დაბალი დონით, რაც საშუალებას იძლევა ძირითადად გამოყენებული იქნეს საცხოვრებელ სახლებში. პრაქტიკულად, ვენტილაციის მომდენი სისტემა გამოიყენება გამწოვ სისტემასთან ერთად და მას მომდენ-გამწოვ სისტემას უწოდებენ. მომდენი ვენტილაცია ძირითადად მონტაჟდება სათავსებში მეტალოპლასტმასის ფანჯრებით, რადგან ეს ფანჯრები საცხოვრებელში ქმნის სრულ ჰერმეტულობას: არ არის მტვერი, ხმაური, გამონაბოლქვი აირები, თუმცა არ არის ცოცხალი ჰაერიც. ამჟამად საკმარისად გავრცელებულია მეტალოპლასტმასის ფანჯრები საჰაერო სარქველით.