მოცეკვავე მეღორღია
მოცეკვავე მეღორღია (ლათ. Oenanthe isabellina Temmick, 1829) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − შაშვისებრნი (Turdidae)
- გვარი − მეღორღია (Oenanthe)
მოცეკვავე მეღორღია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 90-105 მმ-ია, კუდი – 50-60 მმ, ნისკარტი – 12-16 მმ, წონა – 25-32 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. გარეგნულად ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ მეღორღიას, მაგრამ საერთო შეფერილობით უფრო მორუხო-მოთიხისფროა, ზურგის მხარეს – მოქვიშისფრო-მურა; ნისკარტის ძირიდან თვალების ზემოთ ყურებამდე არამკვეთრი თეთრი ზოლები გასდევს. ლოყების წინა ნაწილი და ნიკაპიც თეთრია. ნისკარტიდან თვალების ქვემოთ ვიწრო შავი ზოლებია. ზურგის უკანა ნაწილი მოვარდისფროა, კუდზედა ბუმბულები სუფთა თეთრი. მომქნევები მუქი მურაა, შიგნითა მარაოებზე ღია ფერის არშიებით. ფრთების მფარავებს და მეორე რიგის შიგნითა მომქნევებს ფართო ჟანგმიწისფერი არშიები აქვთ. კუდის ძირის ნაწილი თეთრია (შუა წყვილი – მხოლოდ ერთ მესამედზე), ხოლო წვეროს ნაწილი – შავი. სხეულის ქვემო მხარე ქვიშისფერ-ჟანგმიწისფერია, მაგრამ ჩიჩახვისა და მკერდის წინა ნაწილში უფრო სერდაგი ფერისაა; ფრთების ქვემო მფარავები და იღლია თეთრი ან ჩალისფერია, ნისკარტი და ფეხები – შავი.
ზოგიერთი ავტორი გამოყოფს 2 ქვესახეობას. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მოცეკვავე მეღორღია – O. i isabellina Temm., 1829.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობს ქვემო ვოლგისპირეთიდან იმიერბაიკალეთამდე; ჩრდილოეთით ვრცელდება სარატოვამდე, ომსკამდე, კრასნოიარსკამდე და ბაიკალის აღმოსავლეთით – ჩიტამდე; დასავლეთით – სტავროპოლის მხარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილამდე. ჩვეულებრივია ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიასა და ალტაიზე. სამხრეთით მოიპოვება თურქეთში, სირიაში, ირანში, ავღანეთში, მონგოლეთში და ტიბეტში. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ ინდოეთში, ცენტრალურ აზიაში, პაკისტანში, სამხრეთ არაბეთსა და აღმოსავლეთ აფრიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს ღია, თიხნარიან ველებზე, მწირი მცენარეული საფარით, მთათა ფერდობების ქვა-ღორღიან ადგილებში. შესაფერის ბიოტოპში ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.
გამრავლება
ბუდობს მიწაზე, მღრღნელების მიერ მიტოვებული სოროების ხვრელებში, თიხნარი ფლატეების ნაპრალებში, ქვების ძირებში. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში, მეორედ კი ივნისის პირველ რიცხვეში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 15 დღემდე გრძელდება.
კვება
მოცეკვავე მეღორღიას საკვებს შეადგენენ მწერები, ობობები და ხმელეთის სხვა წვრილი უხერხემლოები.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.