მოხალისე ექსპერტთა საერთაშორისო კორპუსი
მოხალისე ექსპერტთა საერთაშორისო კორპუსი (მესკ) - (mesk) (International Corps of Volunteers Experts), არაკომერციული და არასახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია მრავალმხრივი დახმარება გაუწიოს სუსტად განვითარებულ ქვეყნებს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.
მესკ შეიქმნა 1969 წელს და ამჟამად 12 ათასზე მეტ ექსპერტ სპეციალისტს ითვლის. მას აფინანსებენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, 200-ზე მეტი უმსხვილესი კორპორაცია და სხვ. მესკ ეხმარება კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, განათლების დაწესებულებებს საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლაში. იგი აფინანსებს ეკონომიკის განმსაზღვრელ დარგებში პროგრესის დაჩქარების პროექტებს. მნიშვნელოვანია მესკ-ის საქმიანობა მარკეტინგის სფეროში. იგი ინვესტიციებით დიდად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მესკ-მა საქართველოსთან თანამშრომლობა დაიწყო 1993 წლის ივლისიდან.