მრგვალნისკარტა ტივტივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მრგვალნისკარტა ტივტივა

მრგვალნისკარტა ტივტივა (ლათ. Phalaropus lobatus Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

მრგვალნისკარტა ტივტივა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 105-115 მმ-ია, კუდი 45-50 მმ, ნისკარტი – 20-22 მმ, წონა – 28-35 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შესამჩნევია. ზაფხულში დედლის შუბლი, თხემი, კეფა და ყურების მფარავები მუქი რუხია; ლოყა, ნიკაპი და ყელი – თეთრი. ზურგი მოშავოა, რომლის გვერდებს ქარცი გასწვრივი ზოლები გასდევს. წელი და კუდის ზემო მფარავები მონაცრისფრო-მურაა, წვეროებზე თეთრი არშიებით. კისრის გვერდები მკვეთრი წითურია, რომელიც ხშირად ჩიჩახვის წინა ნაწილზეც ვრცელდება. ზოგჯერ კისრის წინა ნაწილში იგი წითურ საყელურს ქმნის. ჩიჩახვი და სხეულის გვერდები მონაცრისფროა. მკერდი, მუცელი და კუდის ქვემო მფარავები – თეთრი; მომქნევები – მუქი მურა. იღლია თეთრია; საჭის ბუმბულები – მონაცრისფრო, მაგრამ შუა წყვილი უფრო მუქია. ნისკარტი შავი, წვრილი და მახვილია, ფეხები მუქია. მამალი კისრის გვერდებსა და ჩიჩახვზე ნაკლებად წითურია, მაგრამ ზურგის მხარეს უფრო ჭრელია.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს როგორც ამერიკის, ისე ევროპისა და აზიის არქტიკულ ზონას, რომლის სამხრეთი საზღვარი დიდ ფარგლებში მერყეობს და საშუალოდ გადის მე-60-70 პარალელებზე. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს რბილი ხავსით დაფარული ტბებისა და სხვა წყალსატევების სანაპიროებზე ჭაობიან ტუნდრაში. ამასთან მნიშვნელობა არა აქვს იმას, წყალი მარილიანია თუ მტკნარი. გადაფრენის დროსაც ჩერდება ტბების სანაპიროებზე.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყალსატევის ნაპირას, წყლის უშუალო სიახლოვეს. ივნისის დასაწყისში დებს 4 კვერცხს. კრუხად ჯდება მამალი, რომელსაც ზოგჯერ მოკლე ხნით შეიძლება შეენაცვლოს დედალი. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღეს გრძელდება. ერთი თვის ასაკში ახალგამოჩეკილებს შეუძლიათ ფრენა და ცურვა მოზრდილების მსგავსად.

კვება

ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები – ნაირგვარი წყლის ხოჭოები და ბაღლინჯოები. გაცილებით იშვიათად იკვებება ორფრთიანებითა და საერთოდ ხმელეთის მწერებით. ამ ფრინველის კუჭში ნაპოვნია აგრეთვე ძაფისებური წყალმცენარეები, გვერდულები და ზოგიერთი პატარა ზომის მოლუსკებიც.

მნიშვნელობა

ადამიანისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები