მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“, („კატერინა იზმაილოვა“) – რუსი კომპოზიტორის დიმიტრი შოსტაკოვიჩის ოპერა ოთხ მოქმედებად. ოპერის ლიბრეტო ეკუთვნის დ. შოსტაკოვიჩსა და ალექსანდრე პრეისს. სპექტაკლის პრემიერა შედგა 1934 წლის იანვარში ლენინგრადის მცირე საოპერო თეატრში.

შოსტაკოვიჩის ეს ოპერა პრინციპულად გამოირჩეოდა 30-იანი წლების სხვა საბჭოთა ოპერებისგან მუსიკალური პორტრეტების მრავალფეროვნებით, მხატვრული დამაჯერებლობით და სიღრმით, დრამატურგიის მთლიანობით, ნოვატორობით და, ამასთანავე, ტრადიციასთან მჭიდრო კავშირით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ერთი მხრივ, სიახლოვე ჩაიკოვსკის „პიკის ქალთან“, რაც ტრაგედიულ კონცეფციაში ვლინდება, ხოლო მეორე მხრივ, მუსორგსკის მუსიკალურ დრამებთან საგუნდო სცენების სიმრავლით, ვოკალური პარტიის რეჩიტატიულ-დეკლამაციური სტილით და სატირული პერსონაჟების დახასიათების სპეციფიკით. თანამედროვე საოპერო ლიტერატურიდან „კატერინა იზმაილოვა“ ყველაზე ახლოსაა ბერგის ვოცეკთან. ამ ორ ქმნილებას ექსპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი პირქუში ატმოსფერო, გმირთა ფსიქოლოგიური პორტრეტები და ცალკეული პერსონაჟების გროტესკულ-პაროდიული დახასიათება აახლოებს.

შოსტაკოვიჩის „კატერინა იზმაილოვა“ ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, თუმცა, ამავე დროს, ოპერამ საბჭოთა რეჟიმის მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა და ამ პერიოდში შექმნილი სხვა, ნაკლები ღირებულების მქონე ნაწარმოებებთან ერთად, სამთავრობო დადგენილებით დადანაშაულებული იყო ფორმალიზმში.

„კატერინა იზმაილოვას“ კომპოზიტორმა ტრაგედია-სატირა უწოდა და ამით ხაზი გაუსვა ნაწარმოების ჟანრული არსის ორ მხარეს. მასში თანაარსებობს ტრაგიზმი და მძაფრი გროტესკი, ნატიფი ფსიქოლოგიზმი და მოუხეშავი ბუფონადა. დრამატული კონფლიქტი თანმიმდევრულადაა გახსნილი ოპერის სახეობრივ-ინტონაციურ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაში, „ცხვირის“ მსგავსად, არაა რეალურად დადებითი პერსონაჟები, კომპოზიტორი იმგვარად ახასიათებს კატერინას, რომ იგი მსმენელის თანაგრძნობას იმსახურებს და პოზიტიურ პერსონაჟად მოიაზრება, ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, რომლებიც სწორედ მუსიკალური საშუალებებითაა მხილებული.

ჭეშმარიტად ადამიანური ემოციების მატარებელი ოპერაში მხოლოდ მთავარი პერსონაჟი, კატერინაა, რომელიც გარშემორტყმულია ბოროტი, უგულო, დაუნდობელი სამყაროთი და ბოლოს ამ სამყაროს მსხვერპლი ხდება. მისი დახასიათება სასიმღერო ინტონაციებზეა დაფუძნებული, როგორც ხალხური სიმღერის, ისე რომანსის ტიპის საქცევებზე და ღრმა, გულწრფელი ლირიზმითაა განმსჭვალული. კატერინას პირველი მონოლოგი, რომლითაც იწყება ოპერა („О, Боже мои, какая скука“), აღსავსეა უსასოობით და სევდით და განმსჭვალულია რუსული სასიმღერო ინტონაციებით, რომლებიც გამდიდრებულია კომპოზიტორის ინდივიდუალური სტილისთვის დამახასიათებელი მოდალური საქცევებით. მეორე მონოლოგი („Много вы мужики, о себе возмечтали“), მეორე სურათი განსაკუთრებული უბრალოებით და, ამასთანავე, დიდი შინაგანი ვნებით ხასიათდება. მასში დეკლამაციური ინტონაციები დომინირებს, რაც მუსორგსკის საოპერო ტრადიციასთან სიახლოვეზე მიუთითებს. კატერინას პარტიაში განსაკუთრებული ლირიზმით და კანტილენური მელოდიკით გამოირჩევა არიოზო „Я однажды в окошко увидела“ (პირველი მოქმედება) ტრაგიკულ კულმინაციას კატერინას სახის განვითარება აღწევს ოპერის ფინალში, სადაც გმირს ორი მონოლოგი აქვს: „IНе легко после почёта да поклонов перед судом стоять“ და „В лесу, в самой чаще есть озеро“. პირველი მათგანი მწუხარე თხრობის ხასიათს ატარებს, მეორე კი – სრულ გარინდებას, რეალობის ადეკვატურ აღქმას მოკლებული, თითქმის შეშლილი ადამიანის სახეს წარმოგვიდგენს.

ოპერის სხვა პერსონაჟები ძირითადად რეჩიტატიულ-დეკლამაციური ტიპის ვოკალით არიან დახასიათებული. გამონაკლისია სერგეის პარტია, განსაკუთრებით ოპერის დასაწყისში, მაგრამ მისი კანტილენა ჰიპერტროფირებულია და ხაზგასმით ყალბი, თეატრალიზებული გრძნობების გადმოცემას ემსახურება.

მეორეხარისხოვანი პერსონაჟების დახასიათებისას ფართოდაა გამოყენებული საყოფაცხოვრებო ჟანრების ინტონაციები. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მათი გამოყენების კონტექსტი განსხვავდება კატერინას პარტიისგან – ხაზგასმით ბანალური, გროტესკულად დამახინჯებული, – რის გამოც მათი მუსიკალური პორტრეტები ნეგატიურ თვისებებს იძენენ.

ოპერის მთავარი უარყოფითი პერსონაჟები – ბორის ტიმოფეევიჩი, ზინოვი ბორისოვიჩი, სერგეი – ცხმირის გმირებისგან განსხვავებით არა სახე-ნიღბებს, არამედ რეალისტურ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს წარმოადგენენ, რომლებიც მრავალმხრივადაა წარმოჩენილი. ამგვარად, სახეთა სატირული დახასიათება მხოლოდ ამძაფრებს მათ ხასიათებს. ამავე საზარელ, დაუნდობელ და პირქუშ სამყაროს განეკუთვნებიან მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც – მღვდელი, „კვარტალნი“, პოლიციელი, ლოთი-მაწანწალა (Задрыпанный Мужичёнка). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი და, განსაკუთრებით, პოლიციელების დახასიათებისას კომპოზიტორი უპირატესად გროტესკულ ხერხებს მიმართავს და სცენის – „В полицейском участке“ („პოლიციის განყოფილებაში“) ბუფონური ხასიათით კიდევ უფრო ამძაფრებს გარემომცველი ეპიზოდების ტრაგიზმს.

ოპერის დრამატურგია დამყარებულია დაძაბულობის თანდათანობით ზრდაზე, რომელიც კულმინაციას მერვე სურათში აღწევს. ფინალურ მოქმედებას სიმძაფრეს ანიჭებს არა მხოლოდ გმირთა დახასიათება, არამედ კატორღაზე მიმავალთა გუნდი. ამ სცენებზე საუბრისას კომპოზიტორი აღნიშნავდა, რომ აქ აღწერილია დათრგუნული, დაბეჩავებული, გაწკეპლილი რუსეთი და პარალელს ავლებდა თ. დოსტოევსკის ბარათებთან მკვდარი სახლიდან.

ოპერაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საორკესტრო პარტიას, ვრცელ საორკესტრო ანტრაქტებს, რომლებიც მოვლენათა განზოგადება-გააზრებას წარმოადგენენ. საორკესტრო ეპიზოდებს შორის უნდა აღინიშნოს სცენა, სადაც სერგეი სარდაფში მიათრევს მოკლული ზინოვი ბორისოვიჩის ცხედარს, კატერინა კი მას გზას სანთლით უნათებს. ეს ჩუმი მარში მთავარი გმირის განწირულობას განასახიერებს. ერთი მხრივ, მან თითქოს მიაღწია სანატრელს, მეორე მხრივ კი – იგი უფსკრულის პირასაა, რომლის იქეთ დამცირება, ძალადობა და უიმედობაა. მეორე მნიშვნელოვანი საორკესტრო ეპიზოდია ანტრაქტი მეხუთე სურათის წინ, რომელიც პასაკალიის ფორმითაა დაწერილი და შოსტაკოვიჩის სიმფონიებისთვის დამახასიათებელი თვისებებით – აზრის კონცენტრაციით, მუსიკალური მასალის ინტენსიური განვითარებით, დინამისმით და მთლიანობით ხასიათდება. საორკესტრო პარტიის როლის თვალსაზრისით, „კატერინა იზმაილოვა“ უახლოვდება ბერგის შედევრს.

ამგვარად, დრამატურგიული მთლიანობით, გმირთა დახასიათების რელიეფურობით და ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით, შოსტაკოვიჩის „კატერინა იზმაილოვა“ XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი საუკეთესო რუსული ოპერაა.


წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები