მცირე არწივი
მცირე არწივი (ლათ. Aquila pomarina Brehm, 1831) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. გარეგნულად ძალიან ჰგავს მყივანი არწივას, თუმცა მასზე ბევრად პატარაა. ფრთა 445-505 მმ-ია, ნისკარტზედას სიმაღლე ცვილანის წინ 17 მმ-ზე ნაკლებია; წონა — 1100-1500 გ. მე-7 მომქნევი მე-4 მომქნევზე მოკლეა 60 მმ-ზე მეტით. გარეთა მარაო ამოკვეთილი აქვს მე-2−მე-6, ხოლო შიგნითა − მე-2−მე-7 მომქნევებს. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არ შეიმჩნევა. პირველი წლის სამოსი ზურგისა და მუცლის მხარეს მკრთალი მურა ფერისაა, კეფაზე ღია ჟანგმიწისფერი ლაქით. ფრთების მფარავებზე ჟანგმიწისფერი ლაქები ზოლებს წარმოქმნიან. ასეთივე ლაქებია მხრებისა და კუდზედა ბუმბულებზე. მუცლის მხარეს კი ხშირად მოთეთრო ღერძულა ლაქებია. ზრდასრული ფრინველი მკრთალი მორუხო-მურა ფერისაა, თავი ზურგზე უფრო მკრთალი რუხია, მომქნევები მუქი მურაა. საჭის ბუმბულებზე ზოგჯერ მუქი განივი ზოლებია. ასეთ შეფერილობას ღებულობს 2-3 განგურის შემდეგ, როცა თანდათან მცირდება ჟანგმიწის-ფერი ლაქები და ბოლოს სრულიად ქრება. ნისკარტი მოლურჯო-შავია, ცვილანა, პირის ჭრილი და თათი − ყვითელი, ბრჭყალები − შავი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული მცირე არწივი − A. p. pomarina Brehm, 1831.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი შეიცავს 2 ძირითად რეგიონს, რომელთაგან ერთი მოიცავს შუა ევროპას, დასავლეთით − მდ. ელბას, უნგრეთს, მაკედონიას, ჩრდილოეთ საბერძნეთს. ჩრდილოეთით ლენინგრადისა და ნოვგოროდის ოლქებს; აღმოსავლეთით − მოსკოვის, კიევის, პოლტავის ოლქებს; სამხრეთით − ბულგარეთს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროებს. შემდეგ კავკასია და მცირე აზია − ყუბანიდან თერგის ქვემო დინებიდან, თურქეთამდე და ჩრდილო-დასავლეთ ირანამდე. არეალის ამ ნაწილიდან საზამთროდ მიფრინავს აფრიკაში. არეალის მეორე რეგიონი მდებარეობს ინდოეთსა და ბირმაში. საქართველოში ცნობილია მობუდარი ფრინველის სახით.
ბიოტოპი
შერეული და ფოთლოვანი ტყეები ტენიან ადგილებში, დატბორილი მდელოების, ჭაობების მახლობლად ან ჭალებში. კავკასიის მთებში შეიძლება შეგვხვდეს 1800 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდეს ჩვეულებრივად იკეთებს ხეზე ტყისპირებში. აპრილის მეორე ნახევარში დებს 2 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ უმეტეს დროს ბუდეში მაინც დედალი ზის. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 45 დღემდე აღწევს.
კვება
ძირითად საკვებს შეადგენენ ქვეწარმავლები და ამფიბიები, შემდეგ — პატარა ზომის მღრღნელები. იკვებება მოზრდილი ზომის მწერებით, აგრეთვე ზოგიერთი ფრინველით, თუმცა ამ უკანასკნელთ ფრენის დროს ვერ იჭერს.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლოა, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.