მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი - უმაღლესი საკარისკაცო თანამდებობა XII-XIII სს-ების საქართველოს სამეფო კარზე. შეიქმნა დავით აღმაშენებლის (1089-1125) მეფობის დროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა, ჩვეულებრივ, ეპყრა ბერმონაზვნური ფრთის წარმომადგენელ საეკლესიო პირს, რომელიც მწიგნობართუხუცესობასთან ერთად სხვადასხვა დროს ფლობდა რამდენიმე მნიშვნელოვან კათედრას (ჭყონდიდი, ბედია, ალავერდი, სამთავისი, აწყური). მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელები ატარებდნენ „ქრისტეს სწორის“ და პროტოიპერტიმოსის საპატიო ტიტულებს.

„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი კათალიკოსი და მოძღვართ-მოძღვარი ერთნაირი პატივით სარგებლობდნენ. დიდ დარბაზობაზე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი პირველი ეთაყვანებოდა მეფეს, შემდგომ უკვე მეფე მიაგებდა სათანადო პატივს ფეხზე წამოდგომითა და „ნოხთა პირსა ზედა“ მის წინაშე თაყვანებით. მხოლოდ ამის შემდეგ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი მეფის მარცხენა მხარეს დაბრძანდებოდა „ნატითა და ბალიშით“.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ერთდროულად იყო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მეფის „მამა“. ფაქტობრივად, ის იყო სახელმწიფოში მეორე პირი, რომელიც კოორდინაციას უწევდა სამეფო კარის სამოქალაქო, სამხედრო დ საეკლესიო უწყებების სინქრონულ საქმიანობას. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი მონაწილეობდა საბრძოლო გეგმების შემუშავებაში და თვით სამხედრო ოპერაციებში, დიპლომატიურ საქმიანობაში, ეპარქიათა მესაჭეების შერჩევა-დანიშნვაში. მის უშუალო კომპეტენციაში შედიოდა მართლმსაჯულება, რითაც იგი დაკავებული იყო ყოველი კვირის ორშაბათს. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ევალებოდა სამეფო დომენის მონასტრებისა და სამღვდელო დასის მეთვალყურეობა და მათზე ზრუნვა (გარდა გელათისა). ამ მრავალფეროვან საქმიანობას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი უძღვებოდა მეფესთან შეთანხმებით და მისი უშუალო ნებართვით.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს უშუალოდ ემსახურებოდნენ საწოლისა და ზარდახნის მწიგნობრები, რომელთა დახმარებით იგი ისმენდა საჩივრებს და აღასრულებდა მართლმსაჯულებას. მას, როგორც „მეფის მამას“, უფლება ჰქონდა შესულიყო სამეფო საჭურჭლეში და გაეკონტროლებინა სახელმწიფოს შესავალ-გასავალი. მის წინაშე ანგარიშვალდებული იყვნენ სასახლის დანარჩენი მწიგნობრებიც, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში მსახურებდნენ. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ამზადებდა სავაზიროს სხდომებს და და თვალყურს ადევნებდა მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელად ინიშნებოდნენ სამეფო ოჯახის უახლოესი ვასალური წრიდან გამოსული და მაღალი განსწავლულობის მქონე პირები, რომლებიც მეფის უმაღლესი ნდობით სარგებლობდნენ. ნ. ბერძენიშვილის შეფასებით, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობის არსებობა დაემთხვა ქართული სახელმწიფოებრიობის უნაყოფიერეს პერიოდს. მკვლევარები მას ადარებენ დასავლეთ ევროპულ კანცლერს, თუმცა სრულ იდენტურობაზე ლაპარაკი შეუძლებელია. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობის დასუსტება დაიწყო XIII ს-ის 10-იანი წლებიდან, თამარის მიერ ათაბაგობის შემოღების შემდეგ, რაც, ფაქტობრივად, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის უპირველესი მრჩევლის ფუნქციების გაყოფას მოასწავებდა ათაბაგთან.

როდის გახდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი სავაზიროს მეთაური, ბოლომდე ცხადი არ არის. ივ. ჯავახიშვილი სავაზიროს არსებობას ვარაუდობდა გიორგი III-ის დროიდან. მ. ლორთქიფანიძე - თამარის დროიდან. შ. მესხიას აზრით, სავაზირო, როგორც დაწესებულება, თამარის მეფობის დასაწყისში ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამ დრომდე მეფის ერთადერთი მრჩეველი (ვაზირი) იყო მხოლოდ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი მისი უკიდურესად ფართო უფლებების გამო შეფარული კონფლიქტის ნიშნები სამეფო კარის სხვა დიდ მოხელებთან იკვეთება XII საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ თანამდებობასთან შეუთავსებლობას ამჟღავნებდნენ, ერთი მხრივ, ამირსპასალარი და, მეორე მხრივ, კათალიკოსი. ეს ფარული დაპირისპირება მკაფიოდ გამომჟღავნდა თამარის მეფობის პირველ წლებშივე. ამის გამოვლინება იყო მიქაელ კათალიკოსის მიერ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობის მიტაცება. თამარს საგანგებო საეკლესიო კრების მოწვევა მოუხდა, რათა კათალიკოსისათვის მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა ჩამოერთმია. შ. მესხია მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელთან განსაკუთრებული კონფლიქტის საფუძველს ხედავს ამირსპასალართან, რადგან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს სამხედრო საქმეებიც ებარა. მისი აზრით, ამირსპასალარის მზარდი პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად შემოიღო თამარმა ათაბაგის ინსტიტუტი. ამიერიდან ათაბაგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, ერთი მხრივ, ეცილებოდა „მეფის მამობაში“, მეორე მხრივ, სამხედრო უწყების ზედამხედველობაში. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ძალაუფლების ამგვარმა გაყოფამ დასაბამი მისცა ამ თანამდებობის დამცრობას. ამავე ცვლილებას უნდა გამოეწვია მოხელეთა გადაადგილება სამეფო კარზე და სავაზიროს ჩამოყალიბება. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ვაზირთა უპირველესის, ანუ ვაზირთუხუცესის წოდება. თამარის მეფობის ბოლო წლებში მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ხელში დარჩა სააჯო კარი და საჭურჭლე, სამხედრო უწყება მთლიანად ათაბაგ-ამირსპასალარის ხელში გადავიდა (ივანე მხარგრძელი ერთდროულად ათაბაგიც იყო და ამირსპასალარიც). თამარის შემდგომ, XIII ს-ის 40-იან წწ. კვლავ გვხვდება მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და კათალიკოსის თანამდებობათა შერწყმის ფაქტი, რაც მიანიშნებს, რომ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის დამოუკიდებელ არსებობას საფუძველი უკვე მორყეული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მონღოლთა ბატონობის წლებში ორად გაყოფილ ქართულ სამეფოებში მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ფორმალურად ისევ რჩებოდა სამოხელეო იერარქიის სათავეში. XIII ს-ის ბოლოს ეს თანამდებობა რომ დასავლურქართულ სამეფოშიც არსებობდა, ამას ადასტურებს „ხელმწიფის კარის გარიგება“, რომელიც დასავლეთ საქართველოშია შედგენილი XIII ს-ის მიწურულს. აღმოსავლეთ საქართველოს ვაზირთა უპირველესის წოდებულებაში „ჭყონდიდლობა“ საპატიო ტიტულის სახით იყო შენარჩუნებული, თუმცა მას ჭყონდიდის კათედრაზე ხელი არ მიუწვდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში XIII ს-ის 60-იანი წლების შემდგომ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელ აღარ გვხვდება.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლები. XII-XIII სს.

წყაროები და ლიტერატურა

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 32, 22-23;
  • ქისკ 1984: 100, 119;
  • ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 82, 90;
  • ჯავახიშვილი 1982: 270-282;
  • ბერძენიშვილი 1966: 5-56;
  • ლორთქიფანიძე 1955: 67-73;
  • მესხია 1979: 27-30, 73-74;
  • ანთელავა 1983: 115-122;
  • სურგულაძე 2012: 146-168;
  • აბაშიძე 2013: 138-142.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები