ნაგანოს ზამთრის XVIII ოლიმპიური თამაშები (1998)
ნაგანოს ზამთრის XVIII ოლიმპიური თამაშები − ზამთრის XVIII ოლიმპიური თამაშები ჩატარდა იაპონიაში, ნაგანოში 1998 წლის 7 - 22 თებერვალს.
ნაგანოში ზამთრის XVIII ოლიმპიური თამაშების ჩატარებით იაპონიას მეორედ ერგო ასეთი პატივი, მანამდე კი რთული ბრძოლა გადახდა ფავორიტად მიჩნეულ სოლტ ლეიკ სიტისთან, რომელსაც საბოლოოდ, მეოთხე ტურში 4 ხმის უპირატესობით აჯობა. სოლტ ლეიკ სიტის დამარცხების მიზეზს 1996 წლის ატლანტის ზაფხულის თამაშებს უკავშირებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ აშშ-ს მიჯრით მეორე ოლიმპიადის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ.
ასპარეზობამდე ცოტა ხნით ადრე ნაგანოსთვის პრობლემა უთოვლობა გახდა, უშუალოდ თამაშებისას კი ამინდი ისე აირია, პრობლემად უკვე ჭარბად მოსული თოვლი იქცა. სათხილამურო ტრასების გასაწმენდად ჯარის მობილიზებაც გახდა საჭირო. დიდთოვლობისა და ნისლის გამო სამთო მოთხილამურეთა ასპარეზობები რამდენიმეჯერ გადაიდო. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობებისა, თამაშების ორგანიზებამ მოწონება დაიმსახურა. ნაგანოში რეკორდულად მრავალი ქვეყნის ბევრი წარმომადგენელი ჩავიდა. თამაშებში მონაწილე დელეგაციათა რაოდენობა პირველად აღემატებოდა სამოცდაათს, ხოლო ათლეტთა რაოდენობამ ასევე პირველად გადააჭარბა 2 ათასს.
პირველად ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში, მასში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, კენიის, მაკედონიის, ურუგვაისა და ვენესუელის დელეგაციები.
გაიზარდა ოლიმპიური თამაშების პროგრამაც. ნაგანოში პირველად გათამაშდა მედლები სნოუბორდში და ქალთა ჰოკეიში. ამავე დროს, ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მატჩები საოლიმპიადოდ შეწყდა და, შესაბამისად, პროფესიონალები თამაშებზე პირველად დაუშვეს. ოლიმპიადას დაუბრუნდა კერლინგი, რომელიც მანამდე ერთხელ იყო წარმოდგენილი ოლიმპიურ პროგრამაში და ისიც შორეულ, შამონის (1924) საინაუგურაციო თამაშებზე.
ნაგანოში 11 სპორტსმენი აღმოჩნდა ისეთი, ვინც ერთზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვა. მათ შორის საუკეთესო შედეგები ქონდათ რუს ლარისა ლაზუტინას და ნორვეგიულ ბიორნ დელის, რომლებმაც ბარის თხილამურობაში სამ-სამი ოქროს მედალი დაისაკუთრეს. გარდა ამისა, ლაზუტინამ თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა და ჯილდოების საერთო რაოდენობითაც ლიდერი იყო. რუსს ერთი ბრინჯაოთი ჩამორჩა დელი, მაგრამ ზამთრის ოლიმპიადებზე მოპოვებული ტიტულების ჯამური მაჩვენებლით ნორვეგიელი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ალბერვილის, ლილეჰამერისა და ნაგანოს ოლიმპიადებზე ბიორნ დელიმ 8 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს იყო შედეგი, რომელიც მოგვიანებით ერთი ბრინჯაოს მედლით გააუმჯობესა მისივე თანამემამულემ ბიათლონისტმა ულე-ეინარ ბიორნდალენმა, ვინც წარმატებული სვლა სწორედ ნაგანოში მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის მედლით დაიწყო.
სახელოვანი გერმანელი გეორგ ჰაკლი ციგაობაში ზედიზედ მესამე თამაშებზე გახდა საუკეთესო, ასეთი შედეგისთვის კი სპორტის ამ სახეობაში დღმდე არავის მიუღწევია (2018 წლის ჩათვლით).
ნიდერლანდების კრახით წარიმართა ციგურებით რბოლა. ქალებსა და ვაჟებში მათმა მონაგარმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი შეადგინა. ამ წარმატებაში ლომის წილი მიუძღვით მარიანე ტიმერს და ჯანი რომეს. თითოეულმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გზა ორჯერ გაიკვალა, ამასთან - მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდებით.
სამთომოთხილამურეთა შორის ორგზის იზეიმა ჩემპიონობა ლილეჰამერის ოქროს მედლის მფლობელმა, გერმანელმა კატია ზაიცინგერმა. იტალიელი დებორა კომპანიონისთვის ნაგანოც ისეთივე შედეგიანი გამოდგა, როგორც წინა ორი ოლიმპიადა. იტალიელმა ზედიზედ მესამე თამაშების ოქრო დაისაკუთრა და გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწია როგორც ქალებში, ისე ვაჟებში (2018 წლის ჩათვლით). სათხილამურო ტრასებზე ჩატარებული ასპარეზობებიდან ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო ჰერმან მაიერის გამოსვლა. ეს ავსტრიელი სწრაფდაშვებაში სტარტიდან მალევე ტრასიდან გადავარდა, ჰაერში რამდენიმეჯერ ამოტრიალდა და დამცავი ბადე გაარღვია. მიუხედავად ასეთი დაცემისა, მაიერი არ დაშვებულა. ეგ კი არა, მომდევნო დღეებში სუპერგიგანტსა და გიგანტურ სლალომში ჩემპიონობა იზეიმა.
მასპინძელთათვის ყველაზე შედეგიანი ტრამპლინიდან მხტომელთა ასპარეზობები გამოდგა. მათ გათამაშებული მედლების სამი კომპლექტიდან ორი ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. მათგან ორგზის ჩემპიონი (120 მ. და გუნდურში) გახდა კაზუიონში ფუნაკი, ვინც ვერცხლის მედალიც მოიპოვა (90 მ.). პროფესიონალი მოთამაშეებით გაძლიერებულ ჰოკეისტთა ტურნირში ყველასთვის მოულოდნელად გაიმარჯვა არა აშშ-ის ან კანადის ნაკრებმა, რომლებიც ფავორიტებად იყვნენ შერაცხულნი, არამედ ჩეხეთის გუნდმა. ჩეხებმა ფინალში რუსებს სძლიეს. ამგვარად, ჩეხეთი გახდა მეშვიდე ქვეყანა, რომელმაც ჰოკეიში ოლიმპიური ოქროს მედლები მოიპოვა, ქალთა სადებიუტო ტურნირში კი საუკეთესო აშშ-ის ნაკრები აღმოჩნდა.