ნადური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნადური − ქართული ხალხური შრომის სიმღერა.

ნადური სიმღერები აჭარის ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. გადმოცემით, მარტო კინტრიშის ხეობაში ნადში ოცდათორმეტამდე სიმღერა სრულდებოდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებისათვის ფოლკლორისტებისათვის ოცდაოთხამდე ნადური ტექსტი იყო ცნობილი. ბუნებრივია, მას შემდეგ არაერთი ზეპირსიტყვიერი ნიმუში გამოვლინდა. მაგალითად, ნადური სიმღერა „ლელას” ერთი ტაეპია შემორჩენილი, ხოლო სიმღერა „ღუპას” შესრულებისას, როგორც ჩანს, გამოყენებული იყო ცნობილის ლექსი – „სანთლის გუთანს ავაშენებ, შიგ შევაბამ უღელ დევსა”. ზოგიერთი ნადური სიმღერის, მაგალითად, „ჯურყეთულასა” და „ფარანჯულას” მხოლოდ სახელწოდებები შემოგვრჩა. ნადური სიმღერების უმეტესობა დავიწყებას გადარჩა, მაგალითად, „ჯიქურას” სახელწოდებით ცნობილი სიმღერების ციკლიც. მიჩნეულია, რომ სიმღერა „წერეთიე” იმერული წარმომავლობის უნდა იყოს, ხოლო „საჯავახურა” – დასავლეთ იმერეთსა და აღმოსავლეთ გურიაში უნდა წარმოშობილიყო. ნადური სიმღერების შესასრულებლად რვიდან-თექვსმეტ ადამიანამდე იყო საჭირო.

მათ შორის, პირველი მთქმელი, თავად ლექსის მომღერალი იყო, ორი შემხმობარი, ერთი გამყივანი და ორი მობანე – ბანის მთქმელი. ბანის მთქმელი, რაც უფრო მეტი იყო, სიმღერაც მით უფრო კარგი გამოდიოდა. სიმღერას მომღერალი იწყებდა, როგორც ადგილობრივები იტყოდნენ – „აიყვანდა სიმღერას”. სწორედ ამიტომ „სიმღერის აყვანისას” მას „მთქმელს” ეძახდნენ, შემდეგ მას „გამყივანე” მიჰყვებოდა, ხოლო „შემხობრები” აბოლავებდნენ. ყოველივე ეს გადაბმულად სრულდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში, შიგადაშიგ საჭირო იყო სამი ადამიანისა მაინც ბანის ჩართვა.

სიმღერა რამდენიმე მუხლისაგან შედგებოდა. ჯერ ნელა იწყებოდა, შემდეგ თანდათანობით აჩქარდებოდა, ყანაში მომუშავეებიც ჯერ ნელა მუშაობდნენ, მაგრამ სიმღერის აჩქარებასთან ერთად თვითონაც აქტიურდებოდნენ და შრომაც ინტენსიური ხდებოდა. ნადური სიმღერების მცოდნე სოფლებში არც თუ ისე ბევრი იყო. ამიტომ, ვინც დიდ ნადს დაპატიჟებდა, მას ადრევე უნდა მიეღო ზომები და მომღერლების, გამყივანების, შემხმობრებისა და მობანეთა მოსაპატაჟებლად ხალხი სოფლებში ადრევე უნდა გაეგზავნა. მასპინძელი დაინტერესებული იყო კარგი მომღერლების მოწვევით, რათა ნადის შრომა წაეხალისებინა და მეტი ეფექტი მიეღო. თუ მოსაზღვრე პირები ნადს „დაახირებდნენ” – ერთდროულად დანიშნავდნენ, მაშინ ორ მეზობელ ნადს შორის ერთგვარი შეთანხმება მყარდებოდა, ნადურის შესრულებაში მორიგება ხდებოდა. სიმღერას რიგ-რიგობით მღეროდნენ ისე, რომ ერთ ნადს მეორის მიერ შესრულებული სიმღერის მოსმენა შესძლებოდა.

შესრულების თვალსაზრისით კინტრიშის ხეობაში „გადამბმული სიმღერები” და „ჩამყოლიანი სიმღერები” გამოირჩეოდა. გადაბმული სიმღერების დროს მომღერალთა ორი ჯგუფი იყო გათვალისწინებული: „დამწყები მომღერლები” და „ჩამომრთმევი მომღერლები”. ჩამომრთმევი იმ მოტივზე და იმასვე მღეროდა, რასაც დამწყები. ისინი ერთსა და იმავე სიმღერას რიგრიგობით ასრულებდნენ. გადაბმული სიმღერების, მაგალითად, მგზავრულის, მაყრულის ჩამყოლიან სიმღერებში, გადაბმულისაგან განსხვავებით, ჩამყოლი არ იმეორებდა იმას, რასაც დამწყები − მთქმელი ამბობდა. ჩამყოლი სიმღერას დამწყებისაგან განსხვავებულ ჰანგზე აგრძელებდა და აბოლოვებდა, კერძოდ, „ხასანბეგურასა” და „შვიდკაცას” დაბოლოება ჩამყოლი იყო. დამწყებსა და ჩამყოლ ჯგუფებში სავალდებულო არ იყო ხმების რაოდენობა ერთნაირი ყოფილიყო. „ხასანბეგურას” შესრულების დროს დამწყებთა − მთქმელთა ჯგუფში სამი ხმა იყო საჭირო: მომღერალი − მთქმელი ანდა იგივე დამწყები, გამყინავე - წვრილის მთქმელი და ბანი. ჩამყოლი ორნი იყვნენ – ჩამყოლის მთქმელი და ბანი.

ნადური სიმღერები ქობულეთში, შუახევსა და ხულოში – „ხელხვავი”, რომელსაც ქედის რაიონში „ჩათხრობილი” ცვლიდა, რთული სიმღერები იყო, თუმცა მათ შორის გარკვეული სხვაობები მაინც შეინიშნებოდა. აჭარისწყლის ხეობის ცალკეულ სოფელში დადასტურებულია ნადურის სოფლური ვარიანტებიც. მაგალითად, „ზუნდაგურა”, „მეძიბნური”, „გულებური”, „დიელო”... ნადურში ოთხი ხმა მონაწილეობდა, როგორც ითქვა, მომღერალი, გამყივანე, შემხმობარი და ბანი. ასევე, სიმღერას ორპირი და ჩამყოლი ახლდა, რომლის როლს თავად მომღერალი ასრულებდა.

ნადური სიმღერების თემატიკა მრავალფეროვანი იყო. გამოიყოფოდა სოციალური ხასიათის, საყოფაცხოვრებო და სატრფიალო, საწესჩვეულებო თუ საგმირო და სამონადირეო ხასიათის ლექს-სიმღერები. ლექს-სიმღერებში ასახული იყო ისეთი საკრალური მოტივებიც, რომლებიც უძველეს რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთან იყო დაკავშირებული. ქობულეთურისაგან განსხვავებით რამდენადმე თავისებური იყო აჭარისწყლის ხეობის ნადური სიმღერები. აქ ნადურ სიმღერას ერთი დამწყები ასრულებდა, რომელსაც ქობულეთის რეგიონში მომღერალი ერქვა, ერთი გამყინავე, და სამი ანდა ოთხი ბანი შემხმობარე – მეოთხე ხმა აქაურ ნადს არ ჰყავდა, სამაგიეროდ სიმღერა, ძირითადად, ბანს ემყარებოდა მაშინ, როცა კინტრიშის ხეობაში ბანი სიმღერაში შიგა და შიგ იყო საჭირო. საერთოდ, აჭარისწყლის ხეობის ნადური სიმღერების უმეტესობა, ქობულეთურისაგან განსხვავებით, უსიტყვო იყო. ზოგჯერ სიმღერებში ლექსსაც გამოურევდნენ, რაც თემატურად სატრფიალო ლექსი იყო, თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც საყოფაცხოვრებო სიმღერებსაც ვხვდებოდით. სიმღერების მუსიკალური წყობა, შეძახილების მრავალფეროვნება მრავალი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, ვთქვათ იმისაც, რომ ამ ტიპის ლექსებს ნადურ სიმღერებში გვიან უნდა ეჩინათ თავი.



ლიტერატურა

ნოღაიდელი, ჩხეიძე, 1960:67-94; ჩიქოვანი, 1960:96-97.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები