შრომის სიმღერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შრომის სიმღერა – ხალხური შემოქმედების უძველესი ჟანრი. ასახავს ადამიანთა საწარმოო ურთიერთობასა და აზროვნებას.

საზოგადოების განვითარების ადრინდელ საფეხურზე შრომის სიმღერებში მცირეა სიტყვიერი მასალა; წარმოებისა და ენის განვითარებასთან ერთად ვითარდება სასიმღერო ტექსტი, რომელიც გუნდურად სრულდება. ტექსტი თანდათან ხდება მელოდიის საყრდენი და დროთა ვითარებაში გამთლიანებულ პოეტურ ნაწარმოებად იქცევა. ქართული შრომის სიმღერების პოეტური ტექსტები თავისი სახეებით, თემატიკით, სოციალური შინაარსით, მუსიკალური ჰანგებითა და მხატვრული ფორმებით მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა. იგი მოიცავს ადამიანთა სამეურნეო საქმიანობის ყველა სფეროს (მონადირეობა, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეზღვაურობა, საოჯახო წარმოება და სხვ.).

შრომის სიმღერა შესრულების მიხედვით, იყოფა ინდივიდუალურ (ურმული, მიწის ბარვისა) და კოლექტიურ (გუთნური, ნადური, სამკალი, კალოური, მთიბლური, ვენახის, საფეიქრო და სხვ) ლექს-სიმღერებად. შრომის სიმღერა მსოფლიოს ყველა ხალხს გააჩნია. ქართველ ტომებს იგი თავისი ისტორიის დასაწყისიდანვე ჰქონიათ. შრომის სიმღერებზე უძველესი წერილობითი ცნობა მოცემულია მე-10 ს. ძეგლში „ცხოვრება ხანძთელისა“. შრომის სიმღერის შესრულების ტრადიციას გვამცნობს თამარის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი: „ყრმანი მემროწლენი განპებასა შინა ორნატთასა თამარის ქებასა მელექსეობდიან“. შრომის სიმღერის ცალკეულ სახეთა შესახებ ცნობები შემოგვინახეს საბამ, ბესიკმა, გურამიშვილმა; ი. ბატონიშვილის „კალმასობაში“ მოგვეპოვება მკის ლექს-სიმღერის ტექსტი.

გ. ჭელიძე



ლიტერატურა

  • ქართლის ცხოვრება“, ბროსეს გამოცემა, 1849, გვ. 336;
  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956, გვ. 225;
  • ქს. სიხარულიძე, ქართული ხალხური სიტყვიერება, ქრესტომათია, 1956, გვ. 15;
  • თ. ოქროშიძე, ქართული ხალხური შრომის პოეზია, 1963.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები