ნათურა
ნათურა – ნაკეთობა, რომელიც იძლევა ელექტრულ სინათლეს მავთულოვანი ძაფისას, რომელიც გაცხელებულია ისეთ ტემპერატურამდე, რომ ვარვარებს ხილული სინათლით. ძაფი, გაცხელებული მასში გამავალი ელექტროდენით, დაცულია დაჟანგვისგან მინის ან კვარცის გარსით (კოლბით), რომელშიც ვაკუუმური სივრცეა ან შევსებულია ინერტული აირით (აზოტი, კრიპტონი, არგონი). მავთულის ძაფის დასამზადებლად გამოიყენება ფოლფრამის, ტიტანის, ქრომისა და სხვ. ლითონები.
არსებობს ნათურის სახეები: ამრიდი, გადასატანი, გამაცხელებელი, გამოსაძახებელი, დეკორატიული, დღის სინათლის, ეკონომიკური, ელექტრული, ვარვარის, ილუმინაციური, იმპულსური, ინდიკატორული, ინფრაწითელი, კვარცის, კომუტატორული, მცველი, მცირეინერციული, ოპტიკური ხელსაწყოების, ორძაფიანი, საავარიო, საგაბარიტო, საერთო დანიშნულების, საპროექციო, საპროჟექტორო, სარკული ვარვარის, სასიგნალო, სატრანსპორტო, საფარე, სპეციალური, ფოტო-, წერტილოვანი, ფლუორესცენციური, ჰალოგენური და სხვ.
ნათურის გამომგონებლად ითვლება ამერიკელი ინჟინერი თომას ედისონი (1879 წ.), თუმცა ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით სხვა მეცნიერებსაც, როგორებიცაა: უორენ დე ლა რიუ, ჟოზეფ უილსონ სუონი (ინგლისი), ჰაინრიხ გიობელი (გერმანია), ნიკოლოზ ლოდიგინი, პავლე იაბლოჩკოვი, ვასილ დიდრიკსონი (რუსეთი), შანდორ იუსტი (უნგრეთი), ფრანიო ჰარამანი (ავსტრია), ირვინგ ლენგმიური (აშშ) და სხვ.