ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია თბილისში, ნარიყალას ციხესიმაგრის ტერიტორიაზე.

წმინდა ნიკოლოზის ხატი

თავდაპირველად აშენდა XIII საუკუნეში საქართველოს მეფე დემეტრე II თავდადებულის დროს (1270-1289 წწ.). საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ნარიყალამ ადრინდელი მნიშვნელობა დაკარგა და 1818 წელს გენერალმა ერმოლოვმა ტაძარი დენთის საწყობად აქცია, სადაც მომხდარმა მძლავრმა აფეთქებამ ტაძარი თითქმის საძირკვლამდე დაანგრია. 1966 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლინდა თლილი ქვით შემოსილი და უხვად მოჩუქურთმებული ტაძრის ნაშთი. გაირკვა, რომ ტაძარი იყო „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ნაგებობა საკურთხევლის მხრებსა და ორ მრგვალ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. შიგნით, აგურის ერთ სვეტზე შელესილობის ნაშთი და მოხატულობის კვალი აღმოჩნდა. ტაძარს ემჩნეოდა ძლიერი ცეცხლისა და აფეთქების კვალი.


ნარიყალას ციხის მთავარ შესავლელთან შემოინახა დიდი თლილი ქვებით ნაგები VI საუკუნის კედლის ფრაგმენტი, კანკელის ქვის ჩუქურთმიანი ნაწილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქ მანამდეც იდგა ეკლესია. აღმოსავლეთ კედელში ჩართულია XVII საუკუნის მრგვალი კოშკი აგურის წყობაში გამოყვანილი რომბებით. 1996 წელს დაიწყო ძველ საძირკველზე ახალი ტაძრის მშენებლობა (ავთენტურობის შენარჩუნებით), რომელშიც XIII საუკუნის გადარჩენილი ნაშთებია ჩართული. დედაციხის ჯვარგუმბათოვან ტაძარს გეგმით ოდნავ წაგრძელებული მართკუთხედის მოყვანილობა აქვს, ნაგებია ქართული აგურით, ბოლნისის ტუფითა და დაკუთხული ქვიშაქვებით. შენობა გარედან ღია ფერის ქვათლილებითაა შემოსილი და დამშვენებულია ჩუქურთმებით. ინტერიერი მთლიანად მოხატულია (მხატვრები დავით ხიდაშელი, ლადო თევდორაძე) და შემკულია ხატებით, ფრესკებითა და სიძველეებით.

ტაძრის აღდგენის ინიციატორები იყვნენ რომან გვენცაძე და ბაკურ გულუა, რომელთაც თანადგომა გაუწიეს არქეოლოგმა ოთარ ტყეშელაშვილმა, არქიტექტორმა ტარიელ კიპაროიძემ და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის 1971 წელს კურსდამთავრებულ მშენებელთა ჯგუფმა. ქტიტორია ბიზნესმენი თემურ კვარაცხელია. ტაძარი 1997 წელს აკურთხა ალავერდის მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე).





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები