ერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნაცია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერი/ნაცია – (ლათინური სიტყვიდან nasci, რაც „დასაბადებელს“ ნიშნავს). რთული ფენომენი, რომელიც კულტურული, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლიობით ყალიბდება.

კულტურული კუთხით ერი იმ ადამიანთა ჯგუფია, რომელნიც საერთო კულტურას, ენას, ისტორიასა და ტრადიციებს იზიარებენ, თუმცაღა ერებს კულტურული ერთგვაროვნების სხვადასხვა დონე ახასიათებთ.

პოლიტიკური გაგებით ერი იმ ადამიანთა ჯგუფია, რომლებიც თავს ბუნებრივ პოლიტიკურ საზოგადოებად თვლიან. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურად ეს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების და შენარჩუნების სურვილის სახით ვლინდება, ამ მოვლენამ შესაძლოა სამოქალაქო ცნობიერების ფორმაც მიიღოს.

ფსიქოლოგიური გაგებით, ერი იმ ადამიანთა ჯგუფია, რომელსაც საერთო მიკუთვნებულობა და მეობა გამოარჩევს ― როგორც წესი, პატრიოტიზმის სახით. თუმცა, ამგვარი განცდა ამა თუ იმ ერის „შვილობის“ აუცილებელი წინაპირობა როდია: გამორჩეული ეროვნული სიამაყის არმქონე ადამიანებიც კი, შესაძლოა, თავს საკუთარი ერის წარმომადგენლებად აღიარებდნენ.

იმ მრავალ წინააღმდეგობებს შორის, რაც „ეროვნულობის“ ფენომენს ახლავს თან, უმთავრესი თავად ამ ცნების განსაზღვრაა: იმდენად ფართო გამოიყენება, რომ ხშირ შემთხვევაში, მის მახასიათებლებს აღარც უფიქრდებიან და მათზე იშვიათად თუ კამათობენ — იგი საყოველთაოდ მიღებულ ცნებადაა მიჩნეული. არადა, ვითარება ხშირად საწინააღმდეგოზე მიგვანიშნებს: მას ხან სახელმწიფოს, ხან ქვეყნის, ხანაც ეთნიკური ჯგუფისა თუ სულაც მთელი რასის აღსანიშნად მოიხმარნენ ხოლმე. ვთქვათ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აშკარად მცდარი სახელწოდებაა, ვინაიდან იგი სახელმწიფოებს წარმოადგენს, და არა ეროვნებებს. მაშ, რაღაა „ერის“, როგორც ასეთის, სრული მახასიათებელი? რა განასხვავებს მას სხვა სოციალური ჯგუფებისა თუ ერთობებისაგან?

„ერის“ ცნება რთული განსასაზღვრი იმიტომაცაა, რომ ყველა ერი ობიექტური და სუბიექტური ნიშან-თვისებების ერთგვარი ნაზავია — კულტურული და პოლიტიკური მახასიათებლების მთელი სპექტრი. ობიექტური თვალსაზრისით, „ერი“ კულტურული – მთლიანობაა — ენით, რელიგიით, საერთო წარსულითა და სხვა ფაქტორებით შეკავშირებული, და მსგავსი ფაქტორები უთუოდ უწყობს ხელს ნაციონალისტურ პოლიტიკას: კვებეკელი კანადელების ნაციონალიზმს, მაგალითად, მნიშვნელოვნად განაპირობებს განსხვავება მათ ფარანგულენოვნობასა და დანარჩენ, ინგლისურად მოლაპარაკე კანადას შორის; ნაციონალისტურ დაძაბულობას ინდოეთში აშკარად რელიგიური საფუძველი უდევს — ერთის მხრივ პენჯაბელი სიქხები დამოუკიდებელი ხალისტანისთვის იბრძვიან, ქაშმირელი მაჰმადიანები კი ამ რეგიონის პაკისტანთან გაერთიანებას მოითხოვენ… და მაინც, შეუძლებელია მხოლოდ ობიექტური ფაქტორებით განვსაზღვროთ, თუ რა არის „ერი“, რადგან თითოეულ მათგანს გარკვეული კულტურული, ეთნიკური და რასობრივი მრავალფეროვნება ახასიათებს: შვეიცარიელები მტკიცე და სიცოცხლისუნარიან ერად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სამი სახელმწიფო ენა (ფრანგული, გერმანული, იტალიური) და უამრავი ადგილობრივი დიალექტი არსებობს; კათოლიკეებად და პროტესტანტებად დაყოფა, რამაც სასტიკი ნაციონალიზმი შვა ჩრდილოეთ ირლანდიაში, დანარჩენ ბრიტანეთში, ფაქტობრივად, უმტკივნეულოა, ხოლო გერმანიის მსგავს ქვეყნებში სულაც სიმბოლური მნიშვნელობისაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იბადება დასკვნა, რომ საბოლოოდ ერის რაობა მხოლოდ სუბიექტურად შეუძლიათ განსაზღვრონ მისივე წარმომადგენლებმა. გამოდის, რომ ერი ფსიქოპოლიტიკური წარმონაქმნია ნებისმიერი სხვა ჯგუფისა თუ ადამიანთა გაერთიანებისაგან, მას საკუთარი წევრების სწორედ ამ წარმონაქმნისადმი მიკუთვნებულობა გამოარჩევს. და რას ნიშნავს ეს? ერი, ამ გაგებით, საკუთარ თავს ცალკე პოლიტიკურ ერთობად განიხილავს — სწორედ ამით განსხვავდება ერი ეთნიკური ჯგუფისაგან. ამ უკანასკნელს უთუოდ გააჩნია საერთო მეობა და კულტურული სიამაყის განცდა, თუმცა, ერისაგან განსხვავებით, მას კოლექტიური პოლიტიკური მიზანსწრაფვა არ ახასიათებს. ტრადიციულად, მსგავსი მისწრაფებები პოლიტიკური დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის მოპოვებისა თუ შენარჩუნების მოთხოვნების ფორმას იძენს ხოლმე, ნაკლები პრეტენზიის შემთხვევაში კი — გარკვეული ავტონომიით, ფედერაციისა თუ კონფედერაციის წევრობით კმაყოფილდება.

თუმცა, სირთულეები ამით არ ამოიწურება: ეროვნულობა რთული პოლიტიკური ფენომენია, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ სხვადასხვა ტრადიცია ერის კონცეფციას სხვადასხვაგვარად მოიაზრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი საპირისპირო თვალსაზრისია: ერთის თანახმად, იგი მხოლოდ კულტურული ერთობაა და აქცენტი ეთნიკური და ნათესაური კავშირების მნიშვნელობაზე გადააქვს; მეორე კი პოლიტიკურ ერთობას მიიჩნევს უმთავრესად და სამოქალაქო ურთიერთობებისა და მიკუთვნებულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ეს განსხვავებული შეხედულებები არა მარტო ერების წარმოშობის ალტერნატიულ ახსნას გვთავაზობს, არამედ ეროვნულობის სრულიად განსხვავებულ გამოხატულებებსაც.

ერი, როგორც კულტურული ერთობა

ერის არსებითად ეთნიკურ თუ კულტურულ ერთობად გააზრების მნიშვნელობას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ლაფონმა, 1968 წელს. თუმცა მსგავსი შეხედულება ჯერ კიდევ XVIII საუკუნის გერმანიაშიც გამოითქვა ჰერდერისა და ფიხტეს (1762-1814) მიერ. ჰერდერისათვის ნებისმიერი ეროვნული ჯგუფის თანდაყოლილ ხასიათს, საბოლოო ჯამში, გარემო, ჰავა და ფიზიკური გეოგრაფია განაპირობებდა, რაც განსაზღვრავდა კიდეც როგორც ცხოვრების ნირს, ასევე შრომით ჩვევებს, წესებსა და ადათებს.

უწინარესად, ის ენას ანიჭებდა გადამწყვეტ მნიშვნელობას, რადგან, მისი აზრით, სწორედ დედაენა ასახავდა ადამიანთა ძირეულ განსხვავებებს და ისტორიულ მეხსიერებას. ამ გაგებით, ყოველ ერს საკუთარი Volksgeist გააჩნია, რაც ხალხურ სიმღერებში, მითებსა და ლეგენდებში იჩენს თავს და სასიცოცხლო ძალას მატებს მას. ამდენად, ჰერდერისეული „ეროვნულობა“ კულტურალიზმის ერთგვარი ფორმაა, როცა ყურადღება არა აშკარად პოლიტიკური სახელმწიფოებრიობის მოპოვებაზე მახვილდება, არამედ ეროვნული ტრადიციებისა და კოლექტიური მეხსიერების გააზრებასა და ერთგულებაზე. ასეთმა იდეებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა XIX საუკ. გერმანიის ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებაზე და ეს ყოველივე უძველესი მითებისა და ლეგენდების გადააზრებაში აისახა − ვთქვათ, ძმები გრიმების ზღაპრებისა თუ რიჰარდ ვაგნერის (1813-83) ოპერების სახით.

ჰერდერისეული კულტურალიზმის ამოსავალი წერტილი ერების „ბუნებრივ“ ანუ ორგანულ ერთობებად მიჩნევაა: მათი კვალი უძველესი დროიდან მოჩანს და იმავე ნიშნით, არსებობაც მანამ გაგრძელდება, სანამ კაცობრიობა არ გადაშენდება. მსგავს თვალსაზრისს ადგანან თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევარნიც, რომელთა აზრით, ადამიანებს იმთავითვე დაჯგუფებისადმი მიდრეკილება ახასიათებთ, რათა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და ერთიანობისა და მიკუთვნებულობის განცდა გაუჩნდეთ. ამ გადასახედიდან, კაცობრიობის ერებად დაყოფა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება იმათ დაუახლოვდეს, ვისთანაც საზიარო კულტურა, ისტორიული გამოცდილება, ადათ-წესები აკავშირებს. ოღონდ ეგაა − ამგვარი ფსიქოლოგიური კვლევა ვერ გვიხსნის ეროვნულობას, როგორც ისტორიულ ფენომენს: ანუ მოვლენას, რომელსაც გარკვეულ დროსა და გარკვეულ ადგილას დაედო საფუძველი: კერძოდ, XIX საუკ. დასაწყისის ევროპაში.

თავის „ერებსა და ნაციონალიზმში“ (1983) ერნსტ გელნერმა ყურადღება მიაქცია, რამდენად უკავშირდება ნაციონალიზმი მოდერნიზაციისა და, განსაკუთრებით, ინდუსტრიალიზაციის პროცესს. გელნერის აზრით, თუკი თანამედროვეობამდელი, „მიწას მიჯაჭვული“ საზოგადოებები ფეოდალური წყობის უფლება-მოვალეობებით იყვნენ გაერთიანებულნი, ინდუსტრიული საზოგადოებების გაჩენამ ადამიანი შეჩვეულ ყოფას მოწყვიტა, გადადგილების მეტი საშუალება მისცა და საქმიანობის ახალ-ახალი დარგებიც შეუქმნა. სწორედ ეს გახდა საზოგადოებაში ახალი კულტურული ერთობების გაჩენის მიზეზი, რაც უკვე ერად შედუღაბებას მოითხოვდა. ამგვარად, ნაციონალიზმი ახალი საზოგადოებრივი გარდაქმნების გამოხატულებად იქცა. მეორის მხრივ, გელნერის თეორია იმაზეც მიანიშნებს, რომ ნაციონალიზმი შეუქცევადია, რამდენადაც ფეოდალურ-გვაროვნულ ურთიერთობებთან მიბრუნება დღეს უკვე წარმოუდგენელია. თუმცა, ენტონი სმიტი „ერთა ეთნიკურ ძირებში“ (1986) საკამათოდ ხდის კავშირს ნაციონალიზმსა და მოდერნიზაციას შორის და იმ უწყვეტობაზე მიათითებს, რაც თანამედროვეობამდელ ეთნიკურ ერთობებს, ანუ ეთნოსებსა და დღევანდელ ერებს აკავშირებთ. მისი აზრით, ერები ისტორიულად ჩაკირულნი არიან, ფესვი საერთო კულტურულ მემკვიდრეობასა და ენაში აქვთ გადგმული, რაც, თავის მხრივ, გაცილებით წინ უსწრებს თავად სახელმწიფოებრიობის მოპოვებას. ეთნიკურობა ნაციონალიზმის წინამორბედი კია, მაგრამ თანამედროვე სახით ერები მხოლოდ მას შემდეგ ჩამოყალიბდნენ, რაც ესა თუ ის, უკვე არსებული ეთნოსი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დოქტრინამ შეაკავშირა. მსგავსი რამ ევროპაში XVII საუკ. ბოლისა და XIX. საუკ. დასაწყისში მოხდა, აზიასა და აფრიკაში კი — XX საუკუნეში.

საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ერი, მისი ნაციონალისტურობის გარკვეულ გამოვლინებებს მაინც მკვეთრად კულტურული და არა პოლიტიკური ბუნება ახასიათებს: კულტურული ნაციონალიზმი, ჩვეულებრივ, ეროვნული თვითდამკვიდრების სახეს იღებს ხოლმე; ესაა საშუალება, რითაც ადამიანებს შეუძლიათ უფრო ნათლად გაიაზრონ საკუთარი მეობა და ეროვნულ სიამაყესა თუ საკუთარი თავის პატივისცემას გაუსვან ხაზი. ეს კარგად ჩანს უელსური ნაციონალიზმის მაგალითზე, რომელიც ყურადღებას უელსური ენისა და ზოგადად, კულტურის დაცვაზე ამახვილებს, და მაინცა და მაინც არც ფიქრობს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევას. კულტურული ხასიათისაა აგრეთვე, შავკანიანთა ნაციონალიზმი აშშ-ში, კარიბის ზღვის აუზში, და ევროპის ბევრ ქვეყანაში. ის გამოკვეთილად შავკანიანთა შეგნების ჩამოყალიბებასა და ეროვნული ღირსების გრძნობის გაღვივებას ცდილობს; მარკუს გარვიმ და მალკოლმ X-მა (1926-65) ეს მცდელობა აფრიკის, როგორც სულიერი და კულტურული სამშობლოს ხელახალ აღმოჩენას დაუკავშირეს. მსგავსი პროცესი შეინიშნება თანამედროვე ავსტრალიაში და, მეტ-ნაკლებად, ახალ ზელანდიაშიც. ავსტრალიელ რესპუბლიკელთა მოძრაობა, მაგალითად, ერის სურვილის აშკარა გამოხატულებაა, ხელახლა — პოლიტიკურად და კულტურულად — დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებულ ერთობად გაიაზროს საკუთარი თავი თვითდამკვიდრების ეს პროცესი „ძირძველი“ ავსტრალიელის ტიპის ჩამოყალიბებამ, აბორიგენებთან საერთო ენის გამონახვამ და ადგილობრივ ახალმოსახლეთა ფოლკლორის პოპულარობამაც განაპირობა.

გერმანელი ისტორიკოსი, ფრიდრიხ მაინეკე ცოტათი კიდევ უფრო წინ წავიდა და საერთოდ გამიჯნა ერთმანეთისაგან „კულტურული“ და „პოლიტიკური“ ერები. კულტურული ერები ეთნიკური ერთგვაროვნების მაღალი ხარისხით ხასიათდებიან — ფაქტობრივად, ეროვნული და ეთნიკური მეობა, ამ შემთხვევაში, გაიგივებულია. მაინეკემ კულტურული ერების მაგალითებად ბერძნები, გერმანელები, რუსები, ინგლისელები და ირლანდიელები დაასახელა, თუმცა ამ კატეგორიაში ისეთი ეთნიკური ჯგუფებიც შეიძლება მოვიაზროთ, როგორებიცაა ქურთები, თამილები და ჩეჩნები. ამგვარი ერები შესაძლოა „ორგანულ“ ერთობებად ჩაითვალონ, რამდენადაც მათი ჩამოყალიბება უფრო ბუნებრივი და ისტორიული მიზეზების შედეგია, ვიდრე პოლიტიკური ფაქტორების. კულტურული ერების სიძლიერე მათი შეკავშირებულობაა − ეროვნული ერთობის ძლიერი და ისტორიულად განპირობებული განცდის შედეგად. ისინი საკუთარ თავს გამორჩეულებადაც მიიჩნევენ ხოლმე: მსგავსი ერის შვილობა არა ნებაყოფლობითი პოლიტიკური არჩევანის შედეგია, არამედ მემკვიდრეობით მიღებული ეთნიკური მეობის. ისინი თავს საერთო წარმომავლობის, ნათესაური კავშირებით შედუღაბებულ ჯგუფებად თვლიან. ამ გაგებით, შეუძლებელია „გახდე“ გერმანელი, რუსი ან ქურთი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ენაზე ალაპარაკდე ანდა ამ ხალხების მრწამსი გაიზიარო. მსგავსი განსაკუთრებულობის განცდა ნაციონალიზმის კარჩაკეტილ და დრომოჭმულ ფორმების გაჩენას უწყობს ხელს, და ართულებს განსხვავების დანახვას ერსა და რასას შორის.

ერი როგორც პოლიტიკური ერთობა

როდესაც ერს არსებითად პოლიტიკურ ერთობად მიიჩნევენ, ამ დროს აქცენტი უფრო მეტად მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზე გადააქვთ, ვიდრე კულტურულ მეობაზე. ამგვარად, ერს უპირველეს ყოვლისა, საერთო მოქალაქეობრიობით შეკავშირებულ ადამიანებად მიიჩნევენ, მათი კულტურული, ეთნიკური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად. ერის ამგვარ გაგებას ბევრი ჟან-ჟაკ რუსოს სახელსაც უკავშირებს, რომელსაც ზოგჯერ თანამედროვე ნაციონალიზმის „მამადაც“ კი იხსენიებენ. მართალია, რუსოს განსაკუთრებულად არ უკვლევია ერის რაობის საკითხი და ნაციონალიზმის ფენომენი, მაგრამ მის „საყოველთაო ნებაში“ გამოხატული ხალხის უზენაესობის იდეა ის მარცვალი აღმოჩნდა, საიდანაც ამოიზარდა კიდეც საფრანგეთის 1789 წ. რევოლუციის ნაციონალისტური შეხედულებები. როდესაც რუსო ხელისუფლებას მოუწოდებდა დაჰყოლოდა საყოველთაო ნებას, ამით მას ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდა მონარქიული ძალაუფლებისა და არისტოკრატიული პრივილეგიებისათვის. საფრანგეთის რევოლუციის დროს, რადიკალური დემოკრატიის ეს პრინციპი იმაში გამოიხატა, რომ ფრანგი ხალხი შეუვალი უფლებებითა და თავისუფლებით აღჭურვილ „მოქალაქეებად“ იქცა და უკვე აღარ იყო ტახტის მორჩილი, უუფლებო სუბიექტი. ამრიგად, უზენაესი ძალაუფლების მყრობელად ახლა „ფრანგი ერი“ გამოცხადდა. ასე და ამგვარად, საფრანგეთის რევოლუციის შედეგად წარმოქმნილი ნაციონალიზმის ფორმა გულისხმობდა ადამიანთა თუ მთელი ერის თვითმმართველ ორგანიზმად ქცევას და უშუალოდ იყო დაკავშირებული ძმობის, ერთობისა და თავისუფლების პრინციპთან.

მოსაზრება, რომ ერი არა ეთნიკური, არამედ პოლიტიკური ერთობაა, ნაციონალიზმის არაერთმა თეორეტიკოსმა აიტაცა. ასე მაგალითად, ერიკ ჰობსბაუმმა (1983) ერის ცნება „გამონაგონი ტრადიციების“ ნაყოფად გამოაცხადა. მისი აზრით, თანამედროვე ერების ჩამოყალიბება ხანგრძლივი არსებობის მქონე ერთობების განვითარების შედეგი არ ყოფილა: ანუ, ისტორიული უწყვეტობა და კულტურული თავისთავადობა მითი გახლდათ და რაც მთავარია, თავად ნაციონალიზმის მიერვე შექმნილი. მისი თქმით, ერებს ნაციონალიზმი ქმნის, და არა პირიქით. ასე მაგალითად, ეროვნულობის ლამის საყოველთაო განცდა (ზოგჯერ „სახალხო ნაციონალიზმად“ რომ იხსენიებენ) XIX საუკ. ბოლომდე ფაქტობრივად არ არსებობდა და მის გაჩენას, ალბათ, ეროვნული ჰიმნებისა და დროშების შემოღებამ და ასევე, დაწყებითი განათლების ფართოდ დანერგვამ შეუწყო ხელი. მართლაცდა, დედაენის იდეა თაობიდან თაობას კი გადაეცემოდა, ოღონდ რამდენადაა ეს საერთო კულტურის გამომხატველი, მეტად საეჭვოა სინამდვილეში, ნებისმიერი ენა ცოცხლობს და ვითარდება იმისდა მიხედვით, როგორ იყენებს მას ესა თუ ის თაობა. მეტიც − შუა საუკუნეების ევროპაში „ეროვნული ენის“ ცნებაც კი არ არსებობდა, რამდენადაც, XIX საუკუნემდე ხალხის უდიდეს უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა წიგნიერ, ლიტერატურულ ენაზე და როგორც წესი, სხვადასხვა ადგილობრივ დიალექტზე საუბრობდა, რასაც განათლებული ელიტის მეტყველებასთან არაფერი ჰქონდა საერთო.

ბენედიქტ ანდერსონმაც (1983) თანამედროვე ერის ცნება ლამის ფიქციად შერაცხა და მას „წარმოსახვითი ერთობა“ უწოდა. მას თუ დავუჯერებთ, ერები უფრო წარმოდგენილი ხატების სახით არსებობენ, და არა ადამიანთა იმ ხელშესახებ გაერთიანებებად, სადაც საერთო მეობის მისაღწევად, უშუალო ურთიერთობის რაღაც დონე აუცილებელია. ნებისმიერ ერში პიროვნება შემოფარგლულია თანამოძმეთა განსაზღვრული, მცირე რაოდენობით, ვისთანაც იგი ეროვნულ მეობის საფუძველზე აიგივებს თავს. არადა, თუკი ერები მართლა არსებობენ, მათ იმ წარმოსახული ხატებების კვალი ატყვიათ, რომელთაც განათლების სისტემა, მასმედია და პოლიტიკური სოციალიხაციის პროცესი გვქმნის. მაშინ როცა რუსოს აზრით, ერს სიცოცხლეს დემოკრატიისა და პოლიტიკური თავისუფლების იდეები ანიჭებს, წარმოსახული თუ გამოგონილი ერთობების ცნება უფრო მარქსიზმს უახლოვდება, რომლისთვისაც ნაციონალიზმი ბურჟუაზიული იდეოლოგიის გამოვლინებაა. ორთოდოქსული მარქსიზმის გადასახედიდან, ნაციონალიზმი სოციალური რევოლუციის საფრთხის გასანეიტრალებელი საშუალებაა — რადგან მმართველი კლასი ცდილობს საზოგადოება დააჯეროს, რომ ეროვნული ერთიანობა კლასობრივ სოლიდარობაზე ძლიერია და ამ გზით პროლეტარიატი არსებული მმართველობის სისტემას შეაგუოს.

თავისუფლებისა და დემოკრატიის სურვილის ნაყოფია ერები თუ უბრალოდ, პოლიტიკური ელიტების ან მმართველი კლასების ეშმაკური გამონაგონი, ბევრი ერი მაინც უთუოდ პოლიტიკური ხასიათის წარმონაქმნია. მაინეკეს თანახმად, ამგვარ ერებს „პოლიტიკურ“ ერებად იხსენიებენ და ამ კლასიფიკაციაში ის ერები მოიაზრება, რომლის მოქალაქეობასაც უფრო პოლიტიკური მიზანშეწონილობა განაპირობებს, ვიდრე ეთნიკური წარმომავლობა; ჩვეულებრივ, პოლიტიკურ ერებს რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი აყალიბებს და ამდენად, მათ კულტურული არაერთგვაროვნებაც ახასიათებთ. პოლიტიკური ერების კლასიკურ მაგალითად დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი ითვლება. ბრიტანეთი 4 ამგვარი „კულტურული ერის“ გაერთიანებაა: ინგლისელების, შოტლანდიელების, უელსელებისა და ჩრდ. ირლანდიელების (ეს უკანასკნელი კიდევ ორ შემადგენლად შეიძლება დაიყოს — პროტესტანტ-იუნიონისტებად და კათოლიკე რესპუბლიკელებად). თუმცა არსებობს გამორჩეულად ბრიტანული ეროვნული თვითშეგნებაც, რაც ისეთ პოლიტიკურ ფაქტორებს ემყარება, როგორიცაა ტახტისადმი საერთო ერთგულება, უესტმინსტერის პარლამენტისადმი პატივისცემა და ბრიტანელი ხალხის ისტორიული უფლებებისა და თავისუფლებების რწმენა. როგორც ემიგრანტთა სამშობლო, აშშ გამოკვეთილი მრავალეთნიკურობითა და მრავალკულტურულებით ხასიათდება, რაც შეუძლებელს ხდის მისი ეროვნული მეობის საერთო კულტურულ და ისტორიულ კავშირებზე დაფუძნებას. პირიქით — ამერიკული ეროვნულობის განცდა მიზანმიმართულად განვითარდა განათლების სისტემის მეშვეობით და რამდენიმე საერთო ღირებულების აღიარების ნიადაგზე დაფუძნდა: ეს გახლდათ დამოუკიდებლობის დეკლარაციასა და ამერიკის კონსტიტუციაში გაცხადებული ღირებულებები. ასევე, ფრანგული ეროვნული მეობა მჭიდროდ უკავშირდება 1789 წ. საფრანგეთის რევოლუციის ტრადიციებსა და პრინციპებს.

თეორიულად, ხსენებულ ერებს ერთი რამ აახლოებს: გარკვეული პრინციპებისა და მიზნების ნებაყოფლობითი აღიარება — არსებული კულტურული მეობის საპირწონედ. ზოგჯერ იმასაც ამტკიცებენ, რომ მსგავს საზოგადოებებში გაჩენილი ეროვნულობის განცდა ტიპიურად შემწყნარებლური და დემოკრატიულია: თუ ერი იმთავითვე პოლიტიკური ერთობაა, იგი უფრო გახსნილია, და მისი წევრობა არ იზღუდება ამა თუ იმ ენობრივი, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა რამ მსგავსი კრიტერიუმით. კლასიკური მაგალითებია აშშ — როგორც „მოთუხთუხე ქვაბის“ ანალოგია და დღევანდელი სამხრეთ აფრიკა — მისი „ნაირფერი“ საზოგადოებით. მეორის მხრივ, პოლიტიკურ ერებს ზოგჯერ შესაძლოა აკლდეთ კიდეც ორგანული ერთობისა და ისტორიული ფესვების განცდა, ასე დამახასიათებელი „კულტურული ერებისათვის“. შეიძლება ესეც იყოს მიზეზი დიდ ბრიტანეთში „ზოგად-ბრიტანული“ ნაციონალიზმის სისუსტისა შოტლანდიურ თუ უელსურ, ანდა წმინდად ინგლისურ, ე.წ. „კუნძულელთა“ ნაციონალიზმთან შედარებით.

განვითარებადი სამყაროს სახელმწიფოები განსაკუთრებულ პრობლემებს წააწყდნენ ეროვნული თვითშეგნების მიღწევის გზაზე: მათ ორი თვალსაზრისით შეიძლება „პოლიტიკური ერები“ ვუწოდოთ − ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებლობას მათ მხოლოდ კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად მიაღწიეს, და ამ მხრივ, მათ ეროვნულ თვითშეგნებას დიდად განაპირობებს გაერთიანებული ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ამდენად, მესამე სამყაროს ნაციონალიზმს აშკარა ანტიკოლონიალური ხასიათი აქვს. მეორეც − ამ ერების ჩამოყალიბებას, ხშირ შემთხვევაში, ყოფილი კოლონიზატორების მიერ დადგენილმა საზღვრებმაც შეუწყო ხელი და ეს განსაკუთრებით, აფრიკის მაგალითზე ჩანს. აფრიკული „ერები“ უმეტეს შემთხვევაში, უამრავი ეთნიკური, რელიგიური და რეგიონალური ჯგუფის უბრალო ჯამია, და მათ გამთლიანებას მხოლოდ საერთო კოლონიური წარსული უდევს საფუძვლად. ევროპული „კულტურული“ ერებისაგან განსხვავებით, რომლებმაც სახელმწიფოებრიობას უკვე არსებული ეროვნული მეობის საფუძველზე მიაღწიეს, აფრიკაში პირიქით ― ცდილობდნენ ერები უკვე არსებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების „ბაზაზე“ შეექმნათ. შედეგად, პოლიტიკური და ეთნიკური მეობის ერთმანეთისაგან აცილებამ განაპირობა უსასრულო შიდა დაპირისპირებანი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნიგერია, სუდანი, რუანდა-ბურუნდი — და ეს კონფლიქტები სხვა არაფერია, თუ არა უძველესი ტრაიბალიზმის ანუ „ტომობრიობის“ გამოხატულება — ზოგადად, კოლონიური წარსულიდან შემორჩენილი „დაყოფისა და ბატონობის“ პოლიტიკის გამოძახილი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები