ორთოდოქსული მარქსიზმი
ორთოდოქსული მარქსიზმი – რეალურად, მარქსიზმის თეორიული მოძღვრება ცხოვრებაში საბჭოური კომუნიზმის სახით გამოვლინდა — უპირველეს ყოვლისა, ორი საბჭოთა ლიდერის — ვ.ი. ლენინისა და იოსებ სტალინის უშუალო ძალისხმევით. ბოლო-ბოლო, XX საუკუნის კომუნიზმი მარქსიზმ-ლენინიზმად გარდაისახა და ამ საქმეში ლენინის წვლილი ის გახლდათ, რომ პარტიას „რევოლუციური და მეწინავე“ როლი დააკისრა. როგორც ჩანს, პროლეტარიატის დიდი ბელადი შიშობდა, ბურჟუაზიული იდეებით დაბანგული მუშათა კლასი საკუთარ რევოლუციურ პოტენციალს ვერ გაიაზრებს და „დახავსებულ პროფკავშირულ ცნობიერებას“ აყოლილი, საერთოდ ვეღარ განვითარდება ― საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას გადაყვება და კაპიტალიზმის დასაფლავების საკითხიც იქით დარჩებაო. აი, სწორედ აქ იყო აუცილებელი მარქსიზმით შეიარაღებული რევოლუციური პარტია ― როგორც „მუშათა კლასის ავანგარდი“. ეს სრულიად ახალი ყაიდის პარტია უნდა ყოფილიყო: არა მრავალრიცხოვანი, არამედ ერთ მუშტად შეკრული, იდეოლოგიური წინამძღოლობისათვის შესაფერისი, პროფესიონალი რევოლუციონერებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ორგანიზაცია დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპს უნდა დაფუძნებოდა, − აზრის გამოთქმა ყველას შეეძლო, ოღონდ ქმედება უნდა ყოფილიყო ერთიანი. მართლაც, როცა ლენინის ბოლშევიკებმა, 1917 წ. ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, თავი მეწინავე, მუშათა კლასის ინტერესთა დამცველ პარტიად გამოაცხადეს.
თუმცა, 30-იანი წლების სტალინურმა „მეორე რევოლუციამ“ სსრკ-ს სახის შესაქმნელად მეტი გააკეთა, ვიდრე 1917 წლის ბოლშევიკურმა რევოლუციამ. სტალინმა ორთოდოქსული კომუნიზმის ის ქარგა მოიგონა, რაზედაც II მსოფლიო ომის მერე მთელი აღმოსავლეთ ევროპა და ჩინეთი, ჩრდილო კორეა და კუბა გამოიჭრა. ე.წ. „ეკონომიკური სტალინიზმი“ 1928 წ. დაიწყო „პირველი ხუთწლედის“ შემოღებით, როცა ერთბაშად და მთლიანად მოისპო კერძო მეწარმეობა.
1928 წ. ამას უკვე სოფლის მეურნეობის „კოლექტივიზაცია“ მოჰყვა — ყოველი რესურსი სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარა და „ცენტრალური დაგეგმვის“ პრინციპი შემოიღეს. სტალინისეული „პოლიტიკური გარდაქმნებიც“ არანაკლებ ტრაგიკული იყო: 1930-იან წწ. სტალინმა საბჭოთა კავშირი საკუთარ დიქტატურას დაუქვემდებარა და საამისოდ უამრავი მოწინააღმდეგის ფიზიკურ განადგურებასაც არ მოერიდა − პარტიის წევრების, სახელმწიფო ჩინოვნიკებისა თუ სამხედრო პირების ჩათვლით. გამუდმებული თვალთვალის, დაშინებისა და რეპრესიების შედეგად, სტალინმა ქვეყანაში, ფაქტობრივად, კლასიკური ტოტალიტარული დიქტატურა დაამყარა.
მართალია, ორთოდოქსული კომუნიზმის სისასტიკე 1953 წ. სტალინის სიკვდილთან ერთად დასრულდა, მაგრამ ლენინური პარტიის უმთავრესი პრინციპები (იერარქიული ორგანიზაცია და დისციპლინა) და ეკონომიკური სტალინიზმი (სახელმწიფო კოლექტივიზაცია და ცენტრალური დაგეგმვა) მაინც ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა რეფორმების აუცილებლობას. ეს ნათლად გამოჩნდა გორბაჩოვისეული პერესტროიკის დროს (1985-91), როცა მხოლოდ. გეგმიური ეკონომიკის სისუსტეების გამოვლენა და წნეხის ქვეშ დიდხანს მყოფი პოლიტიკური ძალების გამოთავისუფლება მოხერხდა. ყოველივე ამან საბჭოურ კომუნიზმს იქ მიუჩინა ადგილი, რასაც ტროცკი თავის დროზე და სულ სხვა მისამართით, „ისტორიის სანაგვეს“ უწოდებდა. ოღონდ ეგეცაა, სტალინიზმის სული ჯერ კიდევ ტრიალებს როგორც საბაზრო რეფორმებზე ორიენტირებულ ჩინეთში, ისე ჯერაც ორთოდოქსულ კომუნიზმში ჩარჩენილ ჩრდილოეთ კორეაში.