ნერჩინსკის ხელშეკრულება 1689

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნერჩინსკის ხელშეკრულება 1689 – პირველი ხელშეკრულება, რომელმაც განსაზღვრა რუსეთის სახელმწიფოს ურთიერთობა ჩინეთთან. ხელი მოაწერეს 29.VIII-8.IX, XVIII საუკუნის 80-ანი წლების სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, რომლის მიზეზი გახდა მანჯურიელთა დინასტიის მცდელობა, დაეპყრო რუსეთის მიერ ათვისებული ამურისპირეთი.მოლაპარაკებები რუსეთის ელჩობის მეთაურ თ. ა. გოლოვინსა და ცინების მთავრობის წარმომადგენლებს შორის, რომელთაც სონგოტუ მეთაურობდა, მიმდინარეობდა ნერჩინსკის ციხე-ქალაქის კედლებთან, რომელიც ფაქტობრივად ალყაშემორტყმული იყო რუსეთის საზღვრებში შეჭრილი მანჯურიის არმიის მიერ. მოლაპარაკებების მსვლელობისას ცინების წარმომადგენლებმა კატეგორიულად „უარყვეს გოლოვინის წინადადება – რუსეთ-ჩინეთის საზღვარი დაედგინათ ამურის გასწვრივ. მათ მოითხოვეს ალბაზინის სავოევოდო, მთელი ამიერბაიკალეთი, ასევე მდ. ენის აღმოსავლეთით მდებარე მიწები. გოლოვინმა ეს პრეტენზიები უარყო. ნერჩინსკის შტურმით აღების მუქარით ცინების წარმომადგენლებმა აიძულეს გოლოვინი, დათანხმებოდა ზემო და შუა ამურიდან რუსების წასვლაზე, თუმცა იმის გამო, რომ თითოეული მხარის მიერ შედგენილი ტექსტები განსხვავებულად იკითხებოდა, რუსეთის ეს დათმობები ნერჩინსკის ხელშეკრულებაში იურიდიულად არ განმტკიცებულა. გორბიცის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია გაუმიჯნავი დარჩა და ფაქტობრივად გადაიქცა ბუფერულ ზონად ორ სახელმწიფოს შორის. ამ ზონის გამიჯვნა რუსეთსა და ჩინეთს შორის დასრულდა XIX საუკუნეში. ზემო ამურის მარცხენა ნაპირზე გაშენებული ქალაქი ალბაზინი, ხელშეკრულების თანახმად, უნდა განადგურებულიყო, ხოლო მისი მოსახლეობა გადასახლებულიყო რუსეთის საზღვრებში. ცინების ელჩები იძულებული გახდნენ, თავის მხრივ ეკისრათ ვალდებულება, არ დაესახლებინათ „ალბაზინის მიწები“. ნერჩინსკის ხელშეკრულებამ მოაწესრიგა ასევე ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ვაჭრობის საკითხი. ყველა ადრინდელი ურთიერთპრეტენზია დავიწყებას მიეცა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები