ნიკოლა ბუალოს პოეტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლა ბუალოს პოეტიკა

კლასიცისტური ლიტერატურის თეორიაში ბუალოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისმა მეგობრებმა და თანამოაზრეებმა – მოლიერი, ლაფონტენი, რასინი – დატოვეს კლასიკური ჟანრის განუმეორებელი ნიმუშები: კომედიები, იგავები, ტრაგედიები, ამ შედევრებს მხატვრული ღირებულება დღემდე არ დაუკარგავთ. თავად ბუალო იმ ჟანრში მუშაობდა, რომელიც ასეთი მარადიული არ იყო. მისი სატირა და გზავნილები კონკრეტული დროისა და ადგილისთვის, მეტად მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო გახლდათ. დროთა განმავლობაში კი დაკარგეს ღირებულება. თუმცა მისი მთავარი ნაწარმოებია ლექსად დაწერილი ტრაქტატი − „პოეტური ხელოვნება“, რომელმაც განაზოგადა კლასიციზმის თეორიული პრინციპები, ის დღესაც აქტუალურია. მასში ბუალომ შეაჯამა განვლილი ათწლეულების ლიტერატურა, ჩამოაყალიბა საკუთარი ესთეტიკური, ზნეობრივი და საზოგადოებრივი პოზიცია. აგრეთვე გადმოსცა სუბიექტური დამოკიდებულება თავისი დროის კონკრეტულ ლიტერატურულ მიმართულებებსა და მწერლებზე.

ბუალო თავის მთავარ ნაშრომზე „პოეტური ხელოვნება“ ხუთი წელი მუშაობდა. ის ჰორაციუსის „მეცნიერება პოეზიაზე“ და რენე დეკარტის ფილოსოფიით ხელმძღვანელობდა. თეორიული მოსაზრებები და პრინციპები ლექსადაა დაწერილი – მსუბუქი, უშუალო, ალაგ-ალაგ სახუმარო და გონებამახვილური, ზოგჯერ კი უხეში და ბასრი ტექსტით. პოეტური ხელოვნების სტილისთვის დამახასიათებელია ლაკონურობა, რომელიც ბუნებრივად გადმოიცემა ალექსანდრიული ლექსთწყობით. ბევრი ლექსი „მფრინავ ფრაზებად“ იქცა. ბუალოს თითოეული თეზისი გამყარებულია კონკრეტული მაგალითებით თანამედროვე პოეზიიდან.

„პოეტური ხელოვნება“ ოთხ სიმღერადაა დაყოფილი. პირველში ის საერთო მოთხოვნებია ჩამოთვლილი, რომლებიც ნამდვილმა პოეტმა უნდა დააკმაყოფილოს: ტალანტი, ჟანრის სწორად შერჩევა, გონების კანონებით ხელმძღვანელობა და მთავარი – პოეტური ნაწარმოების შინაარსი.

მეორე სიმღერა ეძღვნება ლიტერატურულ ჟანრებს – იდილიას, ეკლოგას, ელეგიას. აქ ბუალო დასცინის ყალბ გრძნობებს, ბანალურ შტამპებს, რაც ასე ახასიათებდა იმდროინდელ პასტორალურ პოეზიას.

ბუალო პირველი იყო, ვინც ლიტერატურული კრიტიკის იარაღად სატირა გამოიყენა. ის ევროპაში პირველი ლიტერატურის კრიტიკოსი გახლდათ, რომელიც ნაწარმოებებს სუბიექტურად კი არ აფასებდა, არამედ საერთო ესთეტიკური პრინციპებიდან გამომდინარე, რომლებიც გონების კანონებად მიაჩნდა.

ბუალო პრობლემას – სიმართლის და სიმართლესთან მიმსგავსებულის – რაციონალური ესთეტიკის ჭრილში განიხილავს. ის აგრძელებს და ავითარებს თავისი წინამორბედი თეორეტიკოსების – შაპლენის („სიდის“ მთავარი კრიტიკოსი) და დ’ობინიაკის (ავტორი წიგნისა „თეატრალური კრიტიკა“, 1657) ხაზს. ბუალო მკაცრ ზღვარს ავლებს ისტორიულ ან რეალურ სიმართლესა და მხატვრულ გამონაგონს შორის. თუმცა, შაპლენის და დ’ობინიაკისგან განსხვავებით, ბუალო სიმართლესთან მიმსგავსების კრიტერიუმად არა ჩვეულ, საყოველთაოდ მიღებულ აზრს თვლის, არამედ გონების მარადიულ, უნივერსალურ კანონებს.

ფაქტობრივად მართებულობა არ არის მხატვრული სიმართლის ის მახასიათებელი, რომელიც აუცილებლად გულისხმობს მოვლენების განვითარების შინაგან ლოგიკას და ხასიათებს. თუ რეალურ მოვლენასა, ემპირიულ სიმართლესა და შინაგან ლოგიკას შორის წინააღმდეგობა წარმოიშობა, მაყურებელი უარს ამბობს მიიღოს „მართებული“, მაგრამ დაუჯერებელი ფაქტი.

სიმართლეს მიმსგავსებული ბუალოს ესთეტიკაში მჭიდროდ დაკავშირებულია განზოგადების პრინციპთან: არა ერთეულ მოვლენას, ბედისწერას ან პიროვნებას შეუძლია დააინტერესოს მაყურებელი, არამედ მხოლოდ იმ საერთომ, იმ განზოგადებულმა, რაც ყველა დროში აფორიაქებს და აღელვებს ადამიანურ ბუნებას.

„გონებით დადგენილ ჭეშმარიტებას ბუალო აიგივებს სილამაზესთან და პოულობს მას „ბუნებაში“, ესე იგი რეალურ სინამდვილეში. ასახავს რა ბუნებას, პოეზია იძლევა გონივრულ სიამოვნებას, ყველა ადამიანისთვის თანაბრად მისაწვდომს, ამიტომ ბუნების მიბაძვა არის ბუალოსათვის ძირითადი ამოცანა პოეზიისა, კრიტერიუმი მისი ესთეტიკური ფასეულობის“.

ამ ზოგადი საკითხების გარდა, ბუალო დრამატული ნაწარმოების აგების უფრო კონკრეტულ წესებს გვთავაზობს: კონფლიქტის წყარო მოქმედებაში თავიდანვე უნდა ერთვებოდეს, დამქანცველი აღწერების გარეშე, კვანძის გახსნაც ასევე სწრაფი და მოულოდნელი უნდა იყოს, გმირი კი არ უნდა იცვლებოდეს, არამედ უნდა ინარჩუნებდეს ჩაფიქრებული ხასიათის მთლიანობას და თანმიმდევრულობას, სხვაგვარად ის ვერ გამოიწვევს ინტერესს მაყურებელში. იგი აქვე აყალიბებს დროის, ადგილის, მოქმედების მთლიანობის წესს და ყველაზე მნიშვნელოვანი ტრაგიკული მოვლენის თხრობით შეტყობინების და სცენის მიღმა „გატანის“ წესსაც.

როგორც ვხედავთ, მესამე სიმღერაში ბუალო ყურადღებას ძირითად პოეტურ ჟანრებზე ამახვილებს. ესენია: ეპოპეა, ტრაგედია და კომედია.

რაც შეეხება კომედიას, მასზე მსჯელობისას ბუალოს ორიენტირი სერიოზული, დიდაქტიკური ხასიათებია, რომლებსაც ანტიკურობაში მენანდრე და ტერენციუსი, თანამედროვეობაში კი – მოლიერი წარმოადგენდნენ. მაგრამ მოლიერის შემოქმედებიდან მისთვის ყველაფერი როდია მისაღები. მაღალი კომედიის უმაღლეს ნიმუშად მას „მიზანთროპი“ მიაჩნია. ის გადაჭრით უარყოფს ხალხური ფარსის ტრადიციებს, რომელთაც უხეშად და ვულგარულად თვლის.

მეოთხე სიმღერაში ის უბრუნდება ზოგად საკითხებს, რომელთაგან უმთავრესია პოეტის ზნეობრივი სახე და მისი მოქალაქეობრივი მოვალეობა. ბუალო აფრთხილებს პოეტს, თავი დაიცვას სიხარბისგან, მომხვეჭელობისგან, რომელიც აიძულებს მას, ივაჭროს საკუთარი ნიჭით, რაც შეუთავსებელია პოეტის უმაღლეს მისიასთან. კრიტიკოსი ტრაქტატს მონარქის ქება-დიდებით ასრულებს.

„პოეტურ ხელოვნებაში“ ბევრი რამ იმ მოცემული დროისა და სოციუმისადმი გაღებული ხარკია. მაგრამ ძირითადი საკითხები, რაც დასვა ბუალომ თავის პოეტიკაში, დღესაც ხელოვანთათვის აქტუალურია. მაგალითად, მწერლის საზოგადოებრივი და ზნეობრივი მოვალეობები; საკუთარი ხელოვნებისადმი მაღალი მოთხოვნების წაყენება; სიმართლის მიბაძვის და მხატვრული სიმართლის საკითხი და სხვა.

„საერთოდ, ბუალოს ტრაქტატის პოპულარობაში ყველაზე დიდი როლი იმ გარემოებამ ითამაშა, რომ იგი კარგად იყო გალექსილი. ბუალოს გაბრაზებულმა მტერმა ჟან ფრანსუა რენიარმა, რომლის თეორიულმა ნაშრომმა აღიარება ვერაფრით მოიპოვა, განაცხადა: „არ შეგეშინდეთ, თუ დაკარგავთ ბუალოს „პოეტურ ხელოვნებას“. მას მთლიანად იპოვით ჰორაციუსთან“. ეს, რასაკვირველია, გადამეტება იყო, რადგან ჰორაციუსის ტრაქტატის გავლენა ბუალოზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე რენე დეკარტის ფილოსოფიური იდეებისა. ასე რომ „პოეტური ხელოვნების“ დაკარგვის პრობლემა არ არსებობდა. XVII საუკუნის პარიზის ცხოვრებაში, როგორც ირკვევა, ბევრმა ფრანგმა ზეპირად იცოდა ბუალოს თხზულება“.

ბუალოს ავტორიტეტი რაციონალურ პოეტიკაში ხელშეუხებელი იყო. რომანტიზმის ეპოქაში კი ის კრიტიკის და ირონიის სამიზნე გახდა. მისი სახელი ლიტერატურული დოგმატიზმის და პედანტიზმის სინონიმად იქცა. და მხოლოდ მაშინ, როცა ეს დისკუსიები და ქილიკი მინელდა, როცა კლასიცისტურმა ლიტერატურამ და მისმა ესთეტიკურმა სისტემამ ობიექტური ისტორიული შეფასება მიიღო, ბუალოს ლიტერატურულმა თეორიამ დამსახურებული ადგილი დაიკავა მსოფლიო ესთეტიკური აზრის განვითარებაში.

მარიკა მამაცაშვილი

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები