ნიკორწმინდა (ტაძარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკორწმინდა

ნიკორწმინდა − (ინგლ. Nikortsminda Cathedral) – ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს რაჭის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიკორწმინდაში. დასავლეთის შესასვლელი კარის წარწერის თანახმად, აშენებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით რაჭის საერისთავოს შექმნის აღსანიშნავად, რომელიც შემდეგ ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.

გეგმა

სახელი „ნიკორწმინდა” დაკავშირებულია წმინდა ნიკოლოზის სახელთან. XI-XIII საუკუნეებში ნიკორწმინდა რაჭის ერისთავ კახაბერიძეთა საგვარეულო სალოცავს წარმოადგენდა, რაც დასტურდება ტაძარში არსებული მრავალრიცხოვანი წარწერებით. XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერი იყო. 1534 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ განაახლა ტაძარი და იქ საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რის შემდეგაც ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. გვიან შუასაუკუნეებში (XVI-XVIII სს.) ტაძარი ადგილობრივი თავადების, წულუკიძეების საძვალე იყო. ეზოში მდგარი სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. ტაძარში შესასვლელი სამხრეთის და დასავლეთის კარიბჭე-ეგვტერები, ოდნავ მოგვიანებით, XI საუკუნის შუა წლებში, მიუშენეს. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია, რაც იშვიათი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი (მანგლისის სიონის ტაძრის გუმბათის მსგავსად).

ტაძრის ჩრდილოთი შესასვლელი

გარედან მოკლემკლავა ჯვრის ფორმის, შიგნიდან კი ხუთ აფსიდიანი ნიკორწმინდის ტაძარი ცენტრალურგუმბათოვანია (ზომები გარედან კარიბჭეების გარეშე: სიგრძე – 17,3 მ, სიგანე – 13,3 მ, სიმაღლე შიგნით – 22,0 მ). გეგმით იგი უახლოვდება კუმურდოს ტაძარს (ორივე ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში ცნობილი გუმბათოვანი ტაძრების იშვიათ სახეს მრავალაფსიდიან ტაძართა ტიპს განეკუთვნება), თუმცა აქ აფსიდები ვარსკვლავისებრივადაა განაწილებული გუმბათქვეშა სივრცის მიმართ (კუმურდოში აფსიდთა განლაგება სხვაგვარადაა გადაწყვეტილი). აღმოსავლეთის აფსიდის გვერდებზე მოთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნო, ხოლო დასავლეთის მკლავის გვერდებზე ეკვდერებია. გუმბათის ყელი აფსიდების შვერილებს ეყრდნობა, ხოლო გუმბათიდან ყელზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება. ინტერიერის შიდა სივრცე საგრძნობლად დაგრძელებულია მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის დაგრძელებული მკლავის ხარჯზე. მშვენივრად გააზრებული შიგა სივრცე უხვად არის განათებული გუმბათის ყელზე არსებული 12 სარკმლიდან. შესასვლელების წინ ტაძარს ახლავს მდიდრულად მორთული კარიბჭეები.

სამხრეთი ფასადის ფრონტონის რელიეფური კომპოზიცია კიდურყვავილოვანი წარწერით

ცალკე უნდა აღინიშნოს ტაძრის გარე გაფორმების სიმდიდრე. ნიკორწმინდის მორთულობა წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც მოიცავს ტაძრის ყველა ნაწილს. გაფორმების ძირითად გამაერთიანებელ მოტივს შეადგენს ორმაგ ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღები. ორნამენტული მორთულობა მდიდარია და მრავალფეროვანი. ყველა კარი და სარკმელი შემკულია სხვადასხვა ჩუქურთმოვანი საპირეებით და თავსართებით. ყველა ფასადზე თაღების ზემოთ ფრონტონებში მოთავსებულია ნაკვთიანი რელიეფებისაგან შედგენილი კომპოზიციები. განსაკუთრებითაა მორთული გუმბათის ყელი, რომლის არა მარტო სარკმლების საპირეები, არამედ თვით დეკორატიული თაღების ლილვები, რთული ლავგარდანი და სარკმლების ქვემოთ დატოვებული არე მთლიანად ხალიჩისებრ დაფარულია ჩუქურთმებით და რელიეფური ნაკვთებით. ჩუქურთმების სიუხვე, მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

სამრეკლო

ნიკორწმინდის ფასადები და ეკვდერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავა-ლფიგურიანი სცენები, რეალური და ფანტასტიკური ცხოვე-ლები. აღმოსავლეთის ფასადზე წარმოდგენილია ფერისცვა-ლების სცენა, ხოლო სამხრეთ ფრონტონზე ქრისტეს მეორედ მოსვლა და ჯვრის ამაღლების კომპოზიციები, რომლებიც შინაარსობრივად ატარებს უფლის ძლევამოსილების იდეას. კომპოზიციის თავზე კიდურყვავილოვანი წარწერაა. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის კამარა, რომელზეც გამოსახულია ორნამენტულად მორთული სხივი და მასში ჩასმული ჯვარი. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული გუმბათის ყელიც. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები.

ტაძრის გვერდით ამაყად დგას თლილი ქვით აგებული სამსართულიანი სამრეკლო. ტაძარს დიდი გალავანიც ჰქონია, მაგრამ ამჟამად მისგამ მხოლოდ ნაკვალევია დარჩენილი.

ნიკორწმინდის ტაძარი ფასადებსა და გუმბათის ყელზე ნაკვე-თი უამრავი ჩუქურთმით, რელიეფური ქანდაკებითა და ბრწყინ-ვალედ შესრულებული ფრესკებით ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია და ნათლად მიანიშნებს იმ ქართული მართლმადიდებლური ტაძრების სიდიადეზე, რომლებმაც ბედის უკუღმართობის გამო პირვანდელი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. ნიკორწმინდის ჩუქურთმა თუ რელიეფი, ფასადების მორთულობა სამართლიანად ითვლება ქართული მონუმენტური პლასტიკის საგანძურად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები