ნიკოტინი
ნიკოტინი – ალკალოიდი, რომელიც წარმოადგენს თამბაქოს ძირითად ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. აქვს როგორც მასტიმულირებელი (სტიმულიატორი), ისე რელაქსანტური თვისება.
ელექტროენცეფალოგრამაზე ქმნის აგზნების ეფექტს. ზოგ ინდივიდში იძლევა ყურადღების კონცენტრაციის მომატების ეფექტს, სხვა შემთხვევებში ამცირებს გამღიზიანებლობას და მოუსვენრობას.
ნიკოტინი გამოიყენება ნიკოტინის კვამლის სახით, ინჰალატურად, „უკვამლო თამბაქოს“ (თამბაქოს ღეჭვა), სასუნთქი თამბაქოს ან ნიკოტინური საღეჭი რეზინის სახით. თამბაქოს კვამლის (რომელიც შეიცავს ნიკოტინს) ყოველი ჩასუნთქვის დროს ფილტვებში ხდება ნიკოტინის შეწოვა და წამებში აღწევს თავის ტვინს. ნიკოტინს ახასიათებს მნიშვნელოვანი ტოლერანტობა და დამოკიდებულება. სწრაფი მეტაბოლიზმის გამო თავის ტვინში ნიკოტინის შემცველობა სწრაფად მცირდება, ამიტომ მწეველს ახალი სიგარეტის მოწევის სურვილი უჩნდება უკვე 30-45 წუთის შემდეგ.
პირს, რომელსაც ნიკოტინის მიმართ ფიზიკური დამოკიდებულება აქვს, აღკვეთის სინდრომი უვითარდება უკანასკნელი დოზის მიღებიდან რამდენიმე საათში და აღნიშნული გამოიხატება თამბაქოს მოწევის მძაფრი სურვილით, გამღიზიანებლობით, მოუსვენრობის გრძნობით, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, მადის მომატებით, გულისცემის სიხშირის შემცირებით, ზოგჯერ თავის ტკივილებით, ძილის დარღვევით. თამბაქოს მოწევის სურვილი მაქსიმუმს აღწევს 24 საათის შემდეგ, შემდგომში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, აღნიშნული სიმპტომები მცირდება, თუმცა შესაძლებელია მათი განმეორება იმ სიტუაციებში, რომლებშიც ინდივიდი ეწეოდა.
თამბაქოს ნაწარმი გარდა ნიკოტინისა შეიცავს სხვა კომპონენტებსაც. თამბაქოს ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის კიბო, თავის, კისრის სიმსივნური დაავადებები, გულის დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, ემფიზემა და სხვა სომატური დაავადებები.
ნიკოტინური დამოკიდებულება (F17.2) კლასიფიცირდება როგორც დარღვევები, გამოწვეული ნიკოტინის მიღებით, დსკ მე-10 გადასინჯვაში – როგორც დარღვევები, გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით.
იხილე აგრეთვე
აშლილობა, გამოწვეული თამბაქოს მოხმარებით