ნონოს პანოპოლელი
ნონოს პანოპოლელი (Nónnos ho Panopolítēs, Νόννος ὁ Πανοπολίτης) − ბიზანტიური პერიოდის მწერალი და ეპიკოსი პოეტი. მისი მოღვაწეობა ჩვეულებრივ თარიღდება მე-5 საუკუნის პირველი ნახევრით. ბიოგრაფიული ცნობები არ გვაქვს. ის რომ ნონოსი დაიბადა ეგვიპტის ქალაქ პანოპოლისში (თანამედროვე ახმიმი, Akhmim), ჩანს მისი ერთერთი − ეპიგრამიდან: „Νόννος ἐγώ. Πανὸς μὲν ἐμὴ πόλις“ (მე ვარ ნონოსი. ჩემი ქალაქია პანოსი). არც ის ვიცით დანამდვილებით, თუ როდის ცხოვრობდა იგი. ის გარემოება, რომ VI საუკუნეში მას იხსენიებს ა გ ა თ ი ა, გვეუბნება, რომ ის VI საუკუნეზე გვიან ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, ნონოსს ემჩნევა თავისი თხზულების ზოგიერთ ადგილას გრიგოლ ნაზიანზელის ლექსებისადმი მიბაძვა, ე. ი. ამის მიხედვით ნონოსს უნდა ეცხოვრა 381—390 წლების შემდეგ (ამ წლებშია შეთხზული გრიგოლის ლექსები). გარდა გრიგოლ ნაზიანზელის ლექსებისადმი მიბაძვისა, ავერინცევის თანახმად, ნონოსის შემოქმედებაში გამოჰყოფს ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სტილსაც (Poetika 136-149). მისი მთავარი ნაშრომია „დიონისიაკა“ (Διονυσιακά), რომელშიც აღწერილია დიონისეს მოგზაურობა ინდოეთში. პოემას ეტყობა ჰომეროსის დიდი გავლენა: მსგავსად ჰომეროსის პოემებისა „დიონისიაკა“ შედგება 48 წიგნისგან, პოეტი დასაწყისში მუზას მიმართავს მსგავსად ჰომეროსისა და პოემა დაწერილია დაქტილური ჰექსამეტრით. „დიონისიაკას“ გარდა, ნონოს პანოპოლელს ეკუთვნის „იოანეს სახარების“ გალექსვა; მან იოანეს სახარება გალექსა დაქტილური ჰეგზამეტრით. მიუხედავად იმისა, რომ „დიონისიაკა“ არის ღრმად წარმართული ხასიათის პოემა, ნონოსის მეორე მნიშვნელოვანი თხზულება — იოანეს სახარების პოეტური გადამუშავება — მიანიშნებს, რომ ის მოგვიანებით ქრისტიანულ რწმენაზე გადადის. ეს გარდაქმნა ნონოსის შემთხვევაში არ იყო უბრალოდ რელიგიური, არამედ კულტურული და მხატვრული ტრანსფორმაცია, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან შეძლო შეენარჩუნებინა ბერძნული ლიტერატურული ტრადიცია ქრისტიანული იდეოლოგიის კონტექსტში.
ნონოსი ითვლება ბოლო დიდ წარმართ პოეტად და ამავდროულად ერთ-ერთ პირველ მნიშვნელოვან ქრისტიან ეპიკოსად. მისი შემოქმედება ასახავს გვიანანტიკური ხანის კულტურულ და რელიგიურ ტრანსფორმაციებს. ნონოს პანოპოლელის შემოქმედება წარმოადგენს უნიკალურ შერწყმას კლასიკური ტრადიციებისა და ახალი (ბიზანტიური) დროის პოეტური ტექნიკისა, რაც მას განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
ლიტერატურა
● ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ 1963.
● The Oxford Dictionary of Byzantium, ed by G.W. Kazhdan, New York – Oxford, 1991
● Encyclopædia Britannica, Inc.
● Аверинцев С. С. Поэтика ранневизантийской литературы. — М.: Наука, 1977.
წყარო
● მოამზადა ლაშა გოგეშვილმა