ორკოპლიანი ტოროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორკოპლიანი ტოროლა (ლათ. Melanocorypha bimaculata Menetries, 1838) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ორკოპლიანი ტოროლა ველის ტოროლაზე რამდენადმე პატარაა, ფრთა 110-122 მმ-ია, კუდი – 50-65 მმ, ნისკარტი – 13-18 მმ, წონა – 50-65 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. თავი ზემოდან მორუხო-ჟანგმიწისფერია, ვიწრო მურა გასწვრივი წინწკლებით. ნისკარტიდან თვალების ზემოთ გადის მოთეთრო ზოლები და ყურებს სცილდება. ნისკარტქვედას ძირიდან გამოსული ვიწრო მუქი ზოლები თვალებს ქვემოდან ევლებიან. ყურების მფარავები ყავისფერია. კისრის უკანა ნაწილი, ზურგი და ფრთები ზემოდან მოქარცისფრო-რუხია, მურა ფერის წინწკლებით. მომქნევები მოწაბლისფროა. პირველი რიგის მომქნევების გარეთა კიდეები მოთეთროა. საჭის ბუმბულების შუა წყვილი მურა-რუხია და ბოლოში შევიწროებულია. საჭის დანარჩენ ბუმბულებს წვეროები თეთრი აქვთ. ყელი მოთეთროა; კისრის ორივე გვერდზე თითო ფართო შავი ლაქაა. მკერდი, მუცელი და გვერდები მოთეთრო-რუხია; მკერდზე აქვს მუქი წინწკლები. ნისკარტი მოცისფრო-რქისფერია, ფეხები – მორუხო-ხორცისფერი.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ვიწრო ზოლს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროებიდან ავღანეთამდე, მხოლოდ ჩრდილოეთით შედის ამიერკავკასიაში და მთელ შუა აზიაში ზაისანის ქვაბულამდე. სამხრეთით მოიპოვება მცირე აზიაში, ირანში და ავღანეთში. იზოლირებული არეალი არის ბალხაშის ჩრდილოეთით. ზამთრობს აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთში, ირანში, ავღანეთში და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში. ამიერკავკასიაში ბუდობს მხოლოდ სომხეთში. საქართველოში მოიპოვება მომთაბარეობისა და მიმოფრენის დროს.

ბიოტოპი

ორკოპლიანი ტოროლას ტიპობრივი ადგილსამყოფელია ველები, მათ შორის დამლაშებული ნაკვეთები, წივანასა და აბზინდას მწირი მცენარეულობით როგორც ბარში, ისე მთებში – 2000 მ-მდე ზ. დ. მაღალ ბალახნარებს თავს არიდებს.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ორმოში. იგი სამხრეთის, ანუ მზის მხრიდან დაფარულია ბალახებით. წელიწადში ორჯერ მრავლდება, პირველად მაისში, ხოლო მეორედ – ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში. დებს 3-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 16 დღემდე გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე მშობელი.

კვება

მეტწილად მწერებით იკვებება, განსაკუთრებით ზაფხულში. სხვა დროს ჭამს სარეველა მცენარეთა თესლებს, მცირე რაოდენობით – მათ ნორჩ მწვანე ნაწილებსაც.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. გარდა ამისა, აქვს დიდი ესთეტიკური მნიშვნელობა. იგი ველის ტოროლაზე უკეთ გალობს და ხშირად ჰყავთ გალიაში.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები