ორლოვი ალექსი
ალექსი ორლოვი – (1786-1861), თავადი, რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, 1801 სამსახური დაიწყო საგარეო საქმეთა კოლეგიაში, 1804 გადავიდა სამხედრო სამსახურში, იბრძოდა სამამულო ომში 1812, მონაწილეობდა დეკაბრისტთა აჯანყების ჩახშობაში (1825). 1829 მონაწილეობდა თურქეთთან მოლაპარაკებებში, რასაც მოჰყვა ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერა. ამის შემდეგ დაინიშნა ელჩად თურქეთში, 1833 პორტასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომელიც დასრულდა რუსებისათვის ხელსაყრელი უნკიარ-ისკელესის ხელშეკრულების ხელმოწერით. იმავე წელს მონაწილეობდა ავსტრიასთან მიუნხენგრეცის კონვენციის შემუშავებასა და ხელმოწერაში. 1844-56 – ჟანდარმერიის შეფი, ყირიმის ომის (1853-56) დასრულების შემდეგ დაინიშნა რუსეთის პირველ რწმუნებულად პარიზის კონგრესზე 1556. 1856-60 – სახელმწიფო საბჭოსა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე.