სოფელ ორტევის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ორტევის წმინდა გიორგის ეკლესია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადი

სოფელ ორტევის წმინდა გიორგის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლის სასაფლაოზე მდებარე ეკლესია ნაგებია როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით – სქელ დუღაბზე. კუთხეებში გამოყენებულია კარგად თლილი ქვა. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. მის ორსავე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით.

ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრული ფორმისაა. კამარის სარჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. პილასტრების საშუალებით გრძივი კედლები თითქმის ორ ტოლ ნაწილად იყოფა. პილასტრების კაპიტელები მარტივპროფილიანია. კაპიტელებს და აბსიდის მხრებს კედლის თაღები ეყრდნობა.

დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი და სამხრეთის სწორკუთხა სარკმლებით. დასავლეთი სარკმელი შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. ინტერიერი შეთეთრებულია, იატაკი დაგებულია ქართული აგურით. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, ტიმპანი სადაა. შესასვლელის ორივე მხარეს კრონშტეინებია. სამხრეთ ფასადის ქვედა ნაწილში ჩაყოლებულია თლილი ქვის დიდი კვადრები, რომლებზეც ტოლმკლავა ჯვრების რელიეფური გამოსახულებაა. დასავლეთის სარკმელს შირიმის ქვა აჩარჩოებს. ეკლესიის ფასადები სადაა. კარნიზი მარტივპროფილიანია. ეკლესია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადახურულია შიფერით. ეკლესიაში იატაკი ბევრგან აყრილია. ინტერიერში ნალესობა ჩამოცვენილია. აღმოსავლეთი სარკმელი ძლიერ დაზიანებულია.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები