ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები
ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები – ქართული ხელნაწერი წიგნი დაცულია ბოდლეს ბიბლიოთეკის აღმოსავლურ ხელნაწერთა დეპარტამენტის უორდროპის კოლექციაში, რომელმაც გააერთიანა როგორც ოლივერ უორდროპის მიერ შეძენილი, ასევე ბიბლიოთეკის ფონდში მანამდე და შემდგომაც შესული ქართული ხელნაწერი წიგნები. ჩვენ მიერ წარმოდგენილი კატალოგის პირველი 7 ერთეული განეკუთვნება ძველკოლექციას, რომელშიც გაერთიანებულია ადრეული (VII-VIII სს-ებით დათარიღებული) ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ფრაგმენტები, XI, XIV სს-ის ჯვრის მონასტერში გადაწერილი კოდექსები.
ოქსფორდის უორდროპის კოლექციის წერილობითი სიძველეები მოიცავს 210 ერთეულს, რომელთაგან მხოლოდ 75-ია ხელნაწერი წიგნი, ფრაგმენტი ან ფოტოასლი. უმეტესი ნაწილი ამ წიგნებისა თარიღდება XVIII-XIX სს-ით. ოქსფორდის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერი ფონდი შედგენილობით მრავალფეროვანია: სასულიერო წიგნების პარალელურად მასში შესულია მდიდარი საერო რეპერტუარის კრებულები, „ვეფხისტყაოსნის“ ორი ილუსტრირებული ხელნაწერი წიგნი, ხელნაწერთა ფოტოპირები (MS. Wardr. e. 29; MS. Wardr. e. 34; MS. Wardr. e. 35-37) და დიდი რაოდენობით ეპისტოლარული მემკვიდრეობა, დოკუმენტები. ამასთანავე ფონდში ინახება ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ სხვადასხვა დროს ინგლისურ ენაზე შედგენილი ქართულ ხელნაწერთა და ნაბეჭდ წიგნთა კატალოგები.
საინტერესოა, რომ ფონდი აერთიანებს მასალას ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ენებზე. ამ უცხოენოვანი მასალის უდიდესი ნაწილი ქართული წიგნების თარგმანს წარმოადგენს. ისინი შესრულებულია მარჯორი და ოლივერ უორდროპის მიერ. ინგლისურენოვანი თარგმანები ძირითადად პოლიტიკური შინაარსისაა: მაგ.: MS. Wardr. c 1(9)-ქართული ეკლესიის პეტიცია კავკასიის მთავარმართებლისადმი, MS. Wardr. c. 1(12) -ვ. ჩერქეზიშვილის ნაშრომი საქართველო--რუსეთის ხელშეკრულებების შესახებ, MS. Wardr. c. 1(13-15), MS. Wardr. c. 19 - საქართველოს მდგომარეობა 1921 წ. ბოლშევიკური წყობის ფონზე; MS. Wardr. c. 20; MS. Wardr. c 23; MS. Wardr. c. 23 (4-6); MS. Wardr. c.25 – საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვაენოვანი ქაღალდები, MS. Wardr. c 26 – საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურასთან დაკავშირებული ნაწერები და სხვ. კოლექციაში დიდი რაოდენობით წარმოდგენილი საარქივო-ეპისტოლარული მასალა ეხება უორდროპების მიმოწერას როგორც ქართული საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოლღა გურამიშვილთან, ასევე ბრიტანელ და სხვა ევროპელ მოღვაწეებთან: MS. Wardr. c. 24; MS. Wardr. c. 27; MS. Wardr. d. 8; MS. Wardr. d. 20; MS. Wardr. d. 38/7 და სხვა. გარდა ხელნაწერი სიძველეებისა, ოქსპორდის უორდროპების ფონდში დაცულია სხვადასხვა ქართულენოვანი გამოცემა. ფონდი აღწერილი აქვს დევიდ ბარეტს (Barrett 1973). წინამდებარე ნაშრომში ჩვენ ვეყრდნობით სწორედ ამ პუბლიკაციას და ამავე დროს ვითვალისწინებთ ოქსფორდის ქართული ხელნაწერების ადრე გამოქვეყნებულ აღწერილობებს(Peeters 1912: 25-32; Lang 1957 (a); Такаишвили 1961: 196—206). ინფორმაცია იმ ერთეულების შესახებ, რომლებიც ნაკვლევია ქართველი ან ევროპელი მეცნიერების მიერ, დაზუსტებული და შევსებულია მათი პუბლიკაციების საფუძველზე.
MS. Georg. b. I. აგიოგრაფიული კრებული.
1056-1065 წწ. 500 ფ.; ეტრატი; 39×25 სმ.; ნუსხური; გადაწერილს ადგილი: პალესტინა; გადამწერი: გიორგი-პროხორე. კრებული აღმწერელს 1038-1040 წწ-ით აქვს დათარიღებული (Barrett 1973: 305). ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ყურადღება მიიპყრო პ. პეეტერსის მიერ გამოქვეყნებულმა ანდერძ-მინაწერებმა (Peeters1912: 302). მოვიხმობთ გიორგი-პროხორესეულ ანდერძს, რომლის მიხედვითაც თამამად მხოლოდ იმისი თქმა შეიძლება, რომ აღნიშნული წიგნი მონასტრის დასრულების შემდგომაა დადებული მის წაგნსაცავში: „ღირს ვიქმენ მე, გლახაკი პროხორე, დაწერად ამის სულთა განმანათლებელისა წმიდათა მოწამეთა წიგნისა და გავასრულე და შევმოსე და დავდევ ნებითა ღუთისაჲთა და შეწევნითა წმიდათაჲთა ჩემ მიერ აღშენებულსა ეკლესიასა წმიდისა ჯუარისასა… (312v).“ მონასტრის საბოლოო დასრულების თარიღად დადგენილია 1056-1065 წლები (კეკელიძე 1980: 103, მენაბდე 1980:84). საყურადღებოა კრებულის შედგენილობა. წიგნში შესულია მამათა და დედათა ცხოვრება-მარტვილობის 45 ტექსტი, წმ. გიორგის შესხმა და „უწყებაჲ სარკჳრველებათაჲ“, ანტიოქე სტრატიგის „იერუსალიმის წარტყვევნა“ და ალექსანდრე კვიპრელი ჯვრის პოვნის საკითხავი. ტექსტების ნაწილი კიმენური რედაქციისაა, გამოუცემელია, ზოგი შემორჩენილია მხოლოდ ქართული თარგმანით (გაბიძაშვილი 2014: 17, 25-26, 28-29, 32, 34, 39, 43, 49, 70-71). თუ დავაკვირდებით წიგნში გაერთიანებული მასალის კალენდარულ სისტემას, რომელიც მარტი-თებერვლის ხსენებათა შემდგომ კვლავ აპრილისა და ივნისის საკითხავებს უბრუნდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი შედგა არა ერთი, არამედ რამდენიმე დედნიდან მასალის თანდათანობითი შეკრების საფუძველზე.
MS. Georg. c. I (P). იერემია წინასწარმეტყველი.
VI-VII სს. ფრაგმენტი; 2 ფ.; ეტრატი; 23×11,6 სმ.; მთავრული; ქართულ-ებრაული პალიმფსესტი. 1894 წელს ნაყიდია რაბი ს. ვერტაიმერისგან იერუსალიში, სადაც მოხვდა კაიროს გენიზადან. ესაა კებრიჯული ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ნაწილი. პელიმფსესტის ზედა ფენა ნაწერია წვრილი ებრაულით, ხოლო ქვედა-მსხვილი ასომთავრულით. აღწერილია რ. ბლეიკის მიერ (Blake 1932: 207-242). ფრაგმენტის რაობასა და კვლევის ისტორიათან დაკავშირებით იხ. კემბრიჯის Georgian Ms. 1/TaylorSchechter Ms. 12,183
MS. Georg. d. I. ნიმუში ქართული წერისა.
1870 წ. 19 ფ.; 13 ფ. დაუწერელია; ქაღალდი; 17×13 სმ.; ნუსხური.
MS. Georg. d. 2. ჯვრის მონასტრის ტიპიკონი.
XIV ს. 220 ფ.; ქაღალდი; 23×16 სმ.; ნუსხური; გადაწერის ადგილი: ჯვრის მონასტერი. კრებულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოაქვეყნა გრ. ფერაძემ (Peradze 1935 (a): 183-216). ტიპიკონი შესწავლილი არ არის. მაგრამ გადაწერის ადგილისა და თარიღის მიხედვით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი წარმოადგენს სამონასტრო წესგანგების იმ ახალ საბაწმინდურ რედაქციას, რომელიც XII ს-დან კვლავ დამკვიდრდა ქართულ ტრადიციაში (კეკელიძე 1980: 567).
MS. Georg. d. 3 (P). წმ. ბაბილა მოწამის მოსახსენებელი.
XI-XII სს. ფრაგმენტი. 2 ნახევარი ფურცელი.; ეტრატი; ნუსხური; ფრაგმენტი ლიტურგიკული კრებულის ნაწილი უნდა იყოს. ჩაკერებული იყო ბოდლეანის სომხური ხელნაწერის MS. Arm. f. 7 თავსა და ბოლოში.
MS. Georg. d. 4. საწელიწდო სახარება.
XIII ს.15 ფ.; ეტრატი; ნუსხური; 28×21 სმ.; ფრაგმენტზე შემორჩენილია 9 იანვრის საკითხავი მასალა – მათ. 4,14-17.
Ms. Georg. e. I. ანტონ კათალიკოსი. „წიგნი ღრამტიკაჲ ქართულისა ენისაჲ“.
1784 წ. vi+378 გვ.; ქაღალდი; 22×17სმ.; მხედრული; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულითა და ნუსხურით. ხელნაწერის გადამწერია მიხეილი. 347 გვ-ზე მხედრული მინაწერი- „ეს ღრამატიკა მეფის ძის ძის ლეონისა არის“ – უნდა ეკუთვნოდეს არა ამ ხელნაწერს, არამედ მის დედანს, ვინაიდან ლევან ბატონიშვილი (1756-1781) წიგნის გადაწერის დროისთვის ცოცხალი აღარ იყო.
MS. Wardr. b. I. „სირინოზიანი“.
1840 წ. II+203 ფ.; ქაღალდი; ზომა: 37×23 სმ.; მხედრული; ჭვირნიშანი 1838. ნაყიდია უორდროპის მიერ ირანელი გენერლისა და წარჩინებული პირის, მაჯდ-ოს-სალტანესგან 1910 წელს (წერილები 1961: 218, შენ. 9). დასაწყისი: სათაური: „კარი პირველი მაშრიყით ჴელმწიფის არდაპის და ძისა მისისა სირინოზისა ამბავი“. კრებულის დასასრულს ანტონ კათალიკოსის ლექსებია დართული (თაყაიშვილი 1961: 203).
MS. Wordr. c. I(1). „მწევრის შვილი“.
1894 წ. ქაღალდი; 21×15 სმ.; მხედრული. ფონდისთვის გადაცემულია ოლივერ უორდროპის მიერ 1910 წელს.
MS. Wardr. c. I(2). აკაკი წერეთლი. ლექსი.
1894 წ. ქაღალდი; მხედრული; 21×13 სმ.; დასაწყისი: „ჯვარით, წულდიდთ და მათრახით,/ლოცვით და ...“
MS. Wardr. c. I(3). აკაკი წერეთლის „ხანჯალს“.
1894 წ. ქაღალდი; 21×13 სმ.; მხედრული. დასაწყისი: „შენი ჭირიმე, ხანჯალო...“
MS. Wardr. c. I(5). „საომარი“ (მთიულური ლექსი XVIII ს-ისა).
1894 წ. საფოსტო ქაღალდი; 25×20 სმ. ახლავს ო. უორდროპის ინგლისური კომენტარები: „გადმოწერილია „შრომიდან“, N.37 „22 სექტენბერი, 1882 წ. დაიბეჭდა ქუთაისში“. და სხვ.
MS. Wardr. c. I(6). მამია გურიელი. „ალავერდი“.
1894 წ. საფოსტო ქაღალდი; მხედრული; 21×13 სმ.; მინაწერი: „მამია გულიელი. 1880 წ.“
MS. Ward. c. I(7). „საყვირები“.
1890 წ. 8 გვ.; საფოტო ქაღალდი; მხედრული, 21×13 სმ.; იმერული ფოლკლორი.
MS. Wardr. c. I(8). „ომაინ ჭაბუკი“.
1893 წ. 9 ფ.; ქაღალდი; 25×19 სმ.; მხედრული; მინაწერი 1r-ზე ინგლისურ ენაზე: „ომაინ ჭაბუკის პირველი თავი გადმოწერილია საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ხელნაწერიდან MS.9 მარჯორი უორდროპის მიერ 1893 წელს პარიზში ვიზიტის დროს“
MS. Wardr. c. I(10). ქართულ-ინგლისური ლექსიკონი.
1895 წ. 21 ფ.; ქაღალდი: 25×20 სმ.; დაწერილია მხოლოდ 10 ფურცელი. ლექსიკონი შედგენილია მარჯორი უორდროპის მიერ.
MS. Wardr. c. 3. „ისტორია ანუ მოთხრობა სააბყარანა-ამარამზასი და ბააბა ამარასი.“
1833 წ. iv+570 გვ.; ქაღალდი; 33×21 სმ.; წვრილი მხედრული; შავი მელანი; სათაურები სინგურით; ყდა ტყავგადაკრული მუყაოსი. „ყარამანიანის“ მსგავსი ეს ვრცელი თხზულება სპარსულიდან თარგმნა სოლომონ თარხანოვმა იმავე სოლომონ ზაალის ძე თარხან-მოურავმა (1762-1822), ქართველმა თავადმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდგომ იყო საქართველოს უმაღლესი მმართველობის წევრი. დასარულს მთარგმნელის 7-სტროფიანი ლექსია დართული (თაყაიშვილი 1961: 200).
MS. Wardr. c. 4. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი.
1819 წ. Viii+52 8გვ.; ქაღალდი; 32×20 სმ.; საზედაო ასოები და აბზაცების დასაწყისები წითლითა და ოქრომელნით; ყდა: ხის, ტყავგადაკრული. გადამწერი: ნიკოლოზ ბაგინოვი. ანდერძი 524 გვ-ზე. ნიკოლოზ ბაგინოვი საკუთარი პიროვნებისა და წიგნის გადაწერის შესახებ წინ ურთავს 6-სტროფიან ლექსს. ერთ-ერთი მინაწერის მიხედვით, 1876 წელს წიგნი შეუსყიდია თავად დიმიტრი დავითის ძე ჯორჯაძეს: „ეს წიგნი დაჰქონდა ერთ დალალს და მე ვიყიდე თვრამეტ მანეთათ თბილისში 1876 წელსა, მაისის 12 დღესა. თ~ა დიმიტრი დავითის ძე ჯორჯაძე“ (თაყაიშვილი 1961: 198-199).
MS. Wardr. c. 5. ლუკა ისარლოვი. „ქართული ლექსიკონი შედგენილი ანბანისამებრ“.
1835 წ. 138 ფ.; ქაღალდი; 31×20 სმ.; მხედრული. 6r-47r-ლექსიკონია, 2, 130-133, 137 ფფ.- სხვადასხვა ლექსი. ლექსიკონი შედგენილია სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის მიხედვით ლუკა ისარლოვის, იმავე ლუკა ისარლიშვილის (1817-1893) მიერ. იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებების თანახმად, იგი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის გიმნაზიელი მეგობარი, ცენზორი. ხელნაწერი 1894 წელს ო. ოურდროპს უსახსოვრა ზაქარია ჭიჭინაძემ.
MS. Wardr. c. 6. „ბარამიანი“.
1821 წ. ფრაგმენტი. 33 ფ.; ლურჯი ქაღალდი; 34×22 სმ.; თარიღდება ჭვირნიშნის მიხედვით.
MS. Wardr. c. 7. „ყარამანიანი“.
1820 წ. 37 ფ.; ქაღალდი; 36×23 სმ.; მხედრული; დათარიღებულია ჭვირნიშნის მიხედვით.
MS. Wardr. c. 8. „ამბავი მანუჩარისა“.
უთარიღო. 34 ფ.; ქაღალდი, 35×21 სმ.; მხედრული, ნაკლული.
MS. Wardr. c. 9. „სირინოზიანი“.
XIX ს. 67 ფ.; ქაღალდი; 35×21 სმ.; მხედრული.
MS. Wardr. c. 10. „ქუჩუკისა ამბავი“.
XIX ს. 48 ფ.; ქაღალდი; 35×21 სმ.; მხედრული. „ქუჩუკ-ყარამანიანის“ ფრაგმენტი.
MS. Wardr. c. 11. პლატონ იოსელიანი. „ცხოვრება მეფისა გიორგი XIII-ისა“.
XIX ს. 180 ფ.; ქაღალდი; 34×21 სმ.; მხედრული. სრული დასათაურებაა: „ცხოვრება მეფისა გიორგი XIII-ისა, აღწერილი პლატონ ეგნატის ძის იოსელიანის მიერ. ტფილისი. 1867“.
MS. Wardr. c. 12. „არჩილიანი“.
XIX ს. ფრაგმენტი. 34 ფ.; ქაღალდი, 34×21 სმ.; მხედრული.
MS. Wardr. c. 13. ვახტანგ VI. სამართლის წიგნი.
1750-1800 წწ. 784 გვ.; ქაღალდი, 31×21 სმ.; რამდენიმე განსხვავებული ჭვირნიშანი, მათ შორის 1746 წლის აღნიშვნით. წიგნი შედგება ორი, სხდასხვა დროს გადაწერილი ნაწილისგან. პირველი ნაწერია თეთრ ქაღალდზე შავი მელნით, მსხვილი მხედრულით, თარიღდება 1750 წლით. „სამართლის წიგნი“ იწყება ანბანური საძიებლით, რომელიც შემდეგდროინდელი შევსება უნდა იყოს. გადაწერილია განსხვავებული ხელით. იგი შედგენილია თეიმურაზ II ბრძანებით მღვდელ ოსე დეკანოზიშვილის მიერ. მეორე ნაწილი არის გვიანდელი დამატება. შეიცავს გიორგი XII-ის ძე დავით ბატონიშვილის სამართალს, რომელიც ბატონიშვილს 1800 წელს შეუდგენია მამის დავალებით. „სამართალი დავითისა“ გადაწერილია ლურჯ ქაღალდზე. გადამწერია ანჩისხატის კანდელაკი, მღვდელი გაბრიელი. ე. თაყაიშვილის აზრით, აღნიშნული ხელნაწერი ვახტანგის სამართლის წიგნთა შორის გამორჩეულია ეგზემპლარია (თაყაიშვილი 1961: 196-198).
MS.Wardr.c.15. მარჯორი და ოლივერ უორდროპების ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ წიგნთა და ხელნაწერთა კატალოგი.
1895 წ. 129 ფ., ქაღალდი; 31x19 სმ.; შემდგენლები მ. და ო. უორდრიპები
MS. Wardr. c. 21. ვახტანგ VI. სამართლის წიგნი.
XIX ს. 24 ფ.; ქაღალდი; 26×21 სმ.; მხედრული. ხელნაწერი წარმოადგენს MS. Wardr. c. 13-ის 739-762 გვ-ის ასლს. გადაწერილია ო. უორდროპის მიერ.
MS.Wardr.d.1. ჟამნი.
XI-XII სს. 68 ფ.; ეტრატი; 25,7x17 სმ.; სათაურები მთავრულით, სინგურით. უორდროპმა აღნიშნული ხელნაწერი 1909 წელს შეიძინა ლაიფციგში, ვინმე ო. ჰარაშოვიჩისგან (Barrett 1973: 320). თუ ზოგადად გავიხსენებთ XIX-XX სს-თა მიჯნაზე ევროპისა თუ აშშ-ს წიგნსაცავებში არსებულ ეტრატზე გადაწერილ ქართულ ხელნაწერებს, მათი უმეტესი ნაწილი სინურ-პალესტინური წარმომავლობისაა. სავსებით შესაძლებელია უორდროპის კოლექციის ამ ნუსხასაც მოეძებნოს შემავსებელი ნაწილი, რისთვისაც, ვფიქრობთ, ძალზე მნიშვნელოვანია თავად ხელნაწერის შესწავლა.
MS. Wardr. d. 12. კრებული.
XIXს. 39 ფ.; ქაღალდი; 22×17 სმ. შესულია „ვეფხისტყაოსნის“, „ქალვაჟიანის“, „ალექსიანისა“ და სხვა პოპულარულ თხზულებათა ფრაგმენტები.
MS. Wardr. d. 13. სახარება. XIX ს.
1815 წლის ჭვირნიშანი. 47 ფ.; ქაღალდი; 22×18 სმ.; მხედრული, სათაურები, მუხლთა სათვალავი და საწყისი სიტყვები წითლით; ნაკლულია. ხელნაწერი შეიცავს მათე 9,27-იოვანე 7,53 მუხლებს.
MS. Wardr. d. 14. აპოკრიფული თხრობები.
XIX ს. 48 ფ.; ქაღალდი; 22×17 სმ.; დაზიანებული, ფურცელთა თანამიმდევრობა არეულია, მაგ. 15v უნდა მოჰყვებოდეს 34r. აღმწერელი ხელნაწერს უწოდებს სახარებისეულ არაიდენტიფიცირებულ თხრობებს, რომლებიც, მისი აზრით, უნდა ჩამოყალიბებულიყო ოთხთავისა და აპოკრიფების კომპილაციის შედეგად XII-XIII სს-ში სომხურიდან თარგმნის გზით (Barrett 1975: 321). თხრობის სომხურიდან თარგმნის ვარაუდი თავდაპირველად გამოთქვა გრ. ფერაძემ, რომელმაც გამოაქვეყნა აპოკრიფის პოლონური თარგმანი (Peradze 1935 (b)). დ. ბარეტის გარდა, იგივე თვალსაზრისი გაიმეორა დ. ყოლბაიამ, რომელმაც გამოსცა ქართული ტექსტი პოლონური თარგმანის თანხლებით (Kolbaia 2013: 43—85). ეს თვალსაზრისი ნაკლებ სავარაუდო ჩანს, ვინაიდან ზემოთ დასახელებულ საუკუნეებში ქართული ხელნაწერი ტრადიცია უპირობოდ ორიენტირებული იყო კონსტანტინეპოლური რედაქციის ბერძნული ტექსტების თარგმნაზე. თუ გავითვალისწინებთ ხელნაწერის გადაწერის თარიღს, გაცილებით მისაღები აღმოჩნდება მასში შემავალ თხზულებათა წყარო ვეძებოთ ევროპულ-სლავური გზით შემოსულ ტრადიციაში, რომელმაც სწორედ ამ ეპოქაში ძლიერ მოიკიდა ჩვენში ფეხი. ამდენად ტექსტის კრიტიკული შესწავლა არაა ინტერესს მოკლებული
MS. Wardr. d. 15. კრებული.
XIX ს. 92 ფ.; ქაღალდი; 22×17 სმ.; წიგნში შესულია: „ბეჟანიანი“, „ქალვაჟიანი“, „მელის წიგნი“, „ალექსიანი“, თეიმურაზ I-ის “ვარდბულბულიანი“, არაიდენტიფიცირებული რელიგიური ტექსტები. „მელის წიგნი“ აღწერილია (თაყაიშვილი 1899).
MS. Wardr. d. 17. „ვეფხიტყაოსანი“.
XVII ს. ii+237 გვ.; მოყვითალო ქაღალდი; 27×20 სმ.; 50 მოხატული გვერდი; ყდა ხის ტყავგადაკრული, ტვიფრული. წიგნი ეკუთვნოდა იმერეთის მეფე დავითის ასულ მზეხათუნს. ბიბლიოთეკას წიგნი წარუდგინეს გიორგი და ვენერა წერეთლებმა 1911 წ. (ცაიშვილი 1970). მინიატურები გამოქვეყნებულია (რუსთაველი 2013).
MS. Wardr. d. 27. „ვეფხისტყაოსანი“.
XVII ს. 176 ფ.; აკლია ფ. 82 და ფ. 140; ქაღალდი; 24×17 სმ.; 18 მოხატული გვერდი; დაზიანებული. ფონდში წიგნი შესულია 1949 წელს. (Gray 1951; ცაიშვილი 1970: 79; რუსთაველი 2013).
MS. Wardr. e. 1. კრებული.
XVIII ს. 15 ფ.; ქაღალდი, 1784 წლის ჭვირნიშნით; 21×15 სმ.; მხედრული; საზედაო ასოები ნუსხურითა და სინგურით; სათაურები სინგურით. გადამწერი: ზირაქი. ეს არის დაუდგენელი კრებულის ფრაგმენტი, რომელსაც დ. ბარეტი ასათაურებს „ნისიმეს ცხოვრებით“, რადგანაც ეს თხზულება კრებულის ტექსტია. ფრაგმენტში გარდა „ნისიმეს ცხოვრებისა“ შესულია: „ცხოვრება და მოქალაქეობა ევფიმიანესი და ძისა მისისა ალექსისა ღ~ისა“, ალექსის აკროსტიხი; „გალობა მოციქულისა“, ანტონ კატალიკოსის წყობილსიტყვაობის ფრაგმენტი. ბარეტისეული რაობა გასწორებულია შედგენილობის საფუძველზე (თაყაიშვილი 1961: 203).
MS. Wardr. e. 2. აგიოგრაფიული კრებული.
XVIII-XIX სს-ის მიჯნა. 105 ფ.; ლურჯი ქაღალდი; 21×16 სმ.; მხედრული; საზედაო ასოები და სტრიქონთა დასაწყისები ნუსხურით; სათაურები სინგურით; ყდა: ტყავგადაკრული მუყაოსი. გადამწერი ათანასე. კრებულში შედის: 15 აგვისტოს ბასილის კესარიელის „ღვთისმშობლის მიძინების“ საკითხავი, „მოქცევაჲ მირიანის მეფისა“, რომელი არის „ნინოს ცხოვრების“ მეტაფრასული ტექსტი, „ევფემიას წამება“’ „წმ. ეკატერინეს წამება“, „ცხოვრება ქალწულისა კანონიკესი“, „ათნი მცნებანი რომელნი მოეცნეს ღმრთისა მხილველსა მოსეს“, „ნისიმეს ცხოვრება“ (თაყაიშვილი 1961: 202). ო. უორდროპს ხელნაწერი 1911 წელს შეუსყიდია მაჯდ-ოს-სალტანესგან.
MS. Wardr. e. 3. ანტონ ბაგრატიონი.
მხითარ სებასტიელის რიტორიკა. XIXს. 99 ფ.; ლურჯი ქაღალდი; 22×17 სმ.; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულითა და ნუსხურით.
MS. Wardr. e. 4. ქართული ზღაპრები.
1894 წ. ჩაწერილია გურიაში ანა ბეჟანის ასულ მგელაძისაგან. iii+120 ფ.; ქაღალდი, მხედრული; გადამწერი: ანა მგელაძე. ხელნაწერი ო. უორდროპს ქუთაისში გადასცა ანა მგელაძემ.
MS. Wardr. e.5 .„ყარამანიანი“.
XIX ს. 694 გვ.; ქაღალდი; 20×16 სმ.; მხედრული. ტექსტის სრული დასათაურება ხელნაწერში ასე იკითხება: „ყარამანიანი, სპარსულიდან ქართულად ნათარგმნი სახლთხუცის და სარდლის თავადი დავით ორბელიანისაგან“.
MS. Wardr. e. 6. საპოლიტიკო თეატრონი.
XIX ს. 273 ფ.; ქაღალდი; მხედრული; საზედაო ასოები და სათაურები ნუსხურით; წითლით; გადაწერის ადგილი: კიკოს მონასტერი კვიპროსზე; გადამწერი: მღვდელი სერაპიონ პისიდიელი. განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის ე. თაყაიშვილის აღწერილობა, რომლის მიხედვითაც გადამწერი, სავარაუდოდ, უნდა იყოს იოსებ გაბაშვილი, სქოლიოები დამატებული აქვს არქიმანდრიტ ზაქარიას (თაყაიშვილი 1961: 202).
MS. Wardr. e. 7. „იოსებ ზილიხანიანი“.
XIX ს. ix+73 გვ.; ქაღალდი; 21×16 სმ.; მხედრული; ერთი ფერადი მინიატურა. თეიმურაზ I-ის თარგმნილი “იოსებზილიხანიანის“ გარდა 58 გვ-ზე ფრაგმენტი: „ბერი ვინმე მივიდა მკურნალისა მიმართ...“, 60-64 გვ-ზე ლურჯ ქაღალდზე ერეკლე მეორისა და ქართველ მთავართა გვარების შესახებ.
MS. Wardr. e. 8. ვახტანგ VI. სამართლის წიგნი.
===== 1817 წ. vi+163 გვ.; ლურჯი ქაღალდი; 21×17 სმ.; სამართლის წიგნს ერთვის სამედიცინო ინფორმაცია ქალებისთვის, როგორც ჩანს, კარაბადინის ფრაგმენტი; გადამწერი: მოსე ყორღანოვი.
MS. Wardr. e. 9 .„ცხოვრება და მოქალაქობა ნეტარისა ანდრიასი, რომელი იქმნა სალოს“.
1818 წ. vi +349 გვ.; ლურჯი ქაღალდი, 21×16 სმ.; საზედაო ასოები მთავრულით; გადამწერი: ბერი ილარიონი (თაყაიშვილი 1961: 204).
MS.Wardr.e.10. კარაბადინი (ვეტერინალური).
1817 წ. 22 ფ.; ლურჯი ქაღლდი, 21×17სმ.; 1813 წლის ჭვირნიშანი; მხედრული; შავი მელანი; სათაურები სინგურით; ნაკლულია.
MS. Wardr. e. 11. რუსულ-ქართული სიტყვანი.
XIX ს. 155 ფ.; ქაღალდი, 21×1 6სმ.; 1813 წლის ჭვირნიშანი. შემდგენელი უცნობია.
MS. Wardr. e. 12. ვახტანგ მეექვსე. სამართლის წიგნი.
1840 წ. 63 ფ.; ქაღალდი, 21×16 სმ.; მხედრული.
MS. Wardr. e. 13. სულხან-საბა ორბელიანი.
ლექსიკონი ქართული. 1755 წ. 415ფ.; ქაღალდი, 21×17 სმ.; მხედრული, მელანი შავი, ყოველი პირველი სალექსიკონო სიტყვა დაწერილია სინგურით; ხის ტყავგადაკრული შავი ყდა, გადამწერი: ხუცესმონაზონი ეფრემი. ლექსიკონი იწყება ავტორის წინასიტყვაობით; ბოლოს ერთვის სულხან-საბას შესახებ ბიოგრაფიული ცნობები. გადამწერის ანდერძი ყურადღებას ამახვილებს წიგნის საჭიროებასა და არსებული ეგზემპლარების სიმცირეზე: „წელსა 1722, თვესა თეერვალსა 3. აღვსწერე მე, ყოვლად ცოდვილმან და უღირსმან ხუცესმონაზონმა ეფრემ...ამ ლექსიკონის დიდი სურვილი მქონდა და საქართველოს ქვეყანასა ცოტა იშოვებოდა. დედანიც ძვირად იშოვება. არც გასასყიდად მონდოდა, არც გასაცემათა. ვინც ჩემს შემდგომად იმსახუროთ, შენდობას ბრძანებდეთ“ (თაყაიშვილი 1961: 201).
MS.Wardr.e.14. სულხან-საბა ორბელიანი. „მოგზაურობა ევროპაში“.
XIX ს. vi+154გვ.; ლურჯი ქაღალდი; 21×17სმ.; 1824 წლის ჭვირნიშანი; მხედრული, ალგ-ალაგ სინგურით. ხელნაწერი ბოლონაკლულია; გადამწერი უცნობია (თაყაიშვილი 1961: 205-206).
MS. Wardr. e. 15. „გვირგვინი“.
1864 წ. ii+88 გვ.; ქაღალდი; 21×16 სმ.; მხედრული. გადამწერი უცნობია. კრებული შედგება 2 ნაწილისგან: 1. „ღვთივ შვენიერი მოთხობანი სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდების „გვირგვინი“; 2. ნაწილი მეორე...სიბრძნე სიცრუვის წიგნი ნათარგმნი რუსულის ენითგან“. კრებულში შემავალ თხრობათა ნაწილი გამოქვეყნებულია: „ღუთივ განათლებული თხრობანი სულისა ნაყოფიერმყოფელნი, რომელსა ეწოდების „გვირგვინი“, გამოცემული ვ. კარბელაშვილის მიერ (კარბელაშვილი 1892).
MS. Wardr. e. 16. „ყარამანიანი“ / „ქუჩუკყარამანიანი“.
1806 წ. viii+412 გვ.; ქაღალდი; 21×16 სმ.; გადამწერი: ყორღანოვი
MS. Wardr. e. 17. მანანა.
1825 წ. 61 ფ.; ქაღალდი; 20×16 სმ.; გვერდების დასაწყისები და საზედაო ასოები ნუსხურით; ნაკლული.
MS. Wardr. e. 18. „ისტორია ალექსანდრე მეფისა მაკედონელისა“.
XVIII-XIX სს. ii+223 გვ.; ქაღალდი, 19×16 სმ.; მხედრული, სათაურები სინგურით. გადამწერი უცნობია. თზხულება წარმოადგენს ფსევდო კალისთენეს ქართულ თარგმანს ხელნაწერი შეძენილია ო. უორდროპის მიერ თბილისში მაჯდ-ოსლ-სულტანესგან (თაყაიშვილი 1961: 203-204).
MS. Wardr. e. 19. „ცხოვრება და მოქალაქობა ნეტარისა ანდრიასი, რომელი იქმნა სალოს ქრისტესთვის“.
1817 წ. 152 ფ.; ქაღალდი; 19×16 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები სინგურით. ხელნაწერი შეძენილია უორდროპის მიერ თბილისში მაჯდ-ოს-სულტანესგან (თაყაიშილი1961:204)
MS. Wardr. e. 20. კატეხიზმო.
XIXს. 93 ფ.; ქაღალდი; 18×11 სმ.; ნაკლული.
MS. Wardr. e. 21. „ქალვაჟიანი“.
XIXს. 18 ფ.; ქაღალდი; 18×11 სმ.; ნაკლული.
MS. Wardr. e. 22. „მელის წიგნი“.
1846 წ. 59 ფ.; ქაღალდი; 17×11 სმ.; გადამწერი უცნობია. ხელნაწერს ახლავს ცხრილები: ფფ.11-14, 18-21, 94-101, 106-108, 112-127, 132-146, 149, 150, 152, 157; ცხრილების ნაწილი: ფფ.: 7, 8, 10, 15, 93, 105, 109, 111, 128, 131, 147, 148, 151, 154, 155 (თაყაიშვილი 1899)
MS. Wardr. e. 23. „ბეჟანიანი“.
XIX ს. 26 ფ.; ქაღალდი; 17×21 სმ.; მხედრული
MS. Wardr. e. 24 (1-3). „მარინე“, „ორი ძმა“, „რაინელი“.
XIX ს. 64, 30,30 გვ.; ქაღალდი.
MS. Wardr. e. 29. ქართულ არაიდენტიფიცირებულ ხელნაწერთა ნეგატივები.
45 ც. 16,5×11,5 სმ.;
MS. Wardr.e. 34. „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურათა ფოტოები.
MS. Wardr. e. 35-37. ქართულ ხელნაწერთა ნეგატივები და ფოტოები.
MS. Wardr. f. 2. „მოკლედ გამოჩინება გარემოს ქვეყნისა“.
1775წ. i+ 82ფ.; ჭვირნიშნიანი ქაღალდი, 16×10 სმ.; მხედრული, შავი მელანი, სათაურები წითლით; ე. თაყაიშვილის აღწერილობით, მუყაოს ტყავგადაკრულ ყდა. წიგნის დასასრულ გადამწერი აღნიშნავს, რომ გეოგრაფია ლათინურიდან ითარგმნა რუსულად, ხოლო ქართული თარგმანი შესრულდა რუსულიდან. წიგნი ო. უორდრიპმა შეიძინა მაჯდ-ოს-სალტანესგან (თაყაიშვილი 1961: 204).
MS. Wardr. f. 3. „ცხოვრება მოდგმითი გონებაბახვილისა ეზოპესი“,“იგავნი ეზოპე ბრძნისანი“.
XIX ს. 75 ფ.; ლურჯი, ჭვირნიშნიანი ქაღალდი; 16×10 სმ.; ჭვირნიშანი: 1802. ხელნაწერი ო. უორდროპს შეძენილი აქვს მაჯდ-ოს-სალტანესგან (თაყაიშვილი 1961: 204).
MS. Wardr. f. 4. ანტონ კათალიკოსი. რიტორიკა.
1804 წ. xx+362 გვ.; ლურჯი ქაღალდი, 16×10 სმ.; სათაურები და საზედაო ასოები ნუსხურით. გადამწერი: გერონტი, გარეჯელი მოღვაწე.
MS. Wardr. f. 5. „წიგნი საზღუვართა დავითისა უძლეველისა ფილოსოფოსისა.“
1791 წ. 95 ფ.; ქაღალდი, 16×10 სმ.; სათაურები და საზედაო ასოები ნუსხურით; გადამწერი: ეგნატე იოსელიანი. სომეხ ფილოსოფოს დავით ანახტის ტრაქტატის ქართული თარგმანი.
MS. Wardr. f. 6. „ჯვარშემოსილი“.
XVIII-XIX სს. ii+247 გვ.; ქაღალდი; ჭვირნიშანი: 1798; 16×10 სმ.; სათაურები, ქვესათაურები და საზედაო ასოები ნუსხურით; შემდგენელი: გაბრიელ გარეჯელი. გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის განგება, შედგენილი გაბრიელ მცირე გარეჯელის მიერ მე-18 ს-ში. ხელნაწერის სრული სათაურია: „ღვთივ სულიერი წიგნაკი, რომელსა ეწოდების ჟვარ-შემოსილი, აღწერილი უღირსის იერომონახის გაბრიელის მიერ, რომელი იყო უდაბნოსა გარეჯისა მონასტერსა ნათლისმცემლისასა.“ შედგენილობა: 1. „განმარტება ლიტურგიისა“; 2. „განმარტება მამაოჩვენოსა“; 3. „განმარტება მაზარის კურთხევისა“; 4. „თხრობა სულიერი მონათა“. ხელნაწერის გარკვეული მონაკვეთები გამოქვეყნებული აქვს 1934 წ. გრიგოლ ფერაძეს ჟურნალის „ჯვარი ვაზისას“ მე-4 ნომერში.
MS. Wardr. f. 7. „გვირგვინი“.
XIXს. 168 ფ.; ქაღალდი, 16×10 სმ.; სათაურები და საზედაო ასოები ნუსხურით. ხელნაწერის მიხედვით ტექსტი 1892 წელს გამოსცა პოლიევქტოს კარბელაშვილმა (კარბელაშვილი 1892).
MS. Wardr. f. 10. არაიდენტიფიცირებულ ხელნაწერთა ფოტოები.
ბრიტანელ ორიენტალისტ ფ. კონიბერის ფოტოები, 4 ნეგატივი.
MS. Wardr. g. 1. დაუჯდომელი, პარაკლისი.
XIXს. 27 ფ.; ქაღალდი, 11×10 სმ.; დაზიანებული.
MS. Wardr. g. 2. „ქალვაჟიანი“.
1827წ. 55 ფ.; ქაღალდი; 10×8 სმ.; კრებულში, გარდა დაუჯდომლისა, შედის „ასოთ სამღერალი მართალი და ჭეჩმარიტი დანიელისაგან და იმონისაგან და ალექსანდრესაგან.“
MS. Wardr. g. 3. დაუჯდომელი.
XVIII-XIXსს. 53 ფ.; ქაღალდი; 10×8,2 სმ.; შედგება სხვადასხვა დროსა გადაწერილი მასალისგან.
MS. Wardr. g. 4. დაუჯდომელი.
XIXს. 30 ფ.; ქაღალდი, 10×8 სმ.; ნაკლული; შავი და წითელი მელანი; წითელი გახუნებულია.
MS. Wardr. g. 5. დაუჯდომელი, პარაკლისი.
XVIIIს. 55 ფ.; ქაღალდი, 9×8 სმ.; ძირითად ტექსტს ერთვის რუსულ-ქართული სიტყვანი და ლოცვები.