ოჩამჩირე
ოჩამჩირე − (აფხ. Очамчыра), ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. ოჩამჩირე მდებარეობს გულრიფშის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. ღალიძგის შესართავთან, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. სოხუმიდან 58 კმ., ზუგდიდიდან 51 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ოჩამჩირე XIX ს. 30-იან წლებში დაარსდა. მისი სახელწოდება მომდინარეობს „ოჩემჩირიდან“, რაც მეგრულად „ვრცელ ყანას“ ნიშნავს. ოჩამჩირის მიდამოებში, მდ. მოქვის შესართავთან ანტიკურ ხანაში ძველი ბერძნული სავაჭრო ფაქტორია გიენოსი მდებარეობდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს (1918-1921 წწ.) ოჩემჩირე კოდორის უბნის, შემდეგ კი კოდორის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. საბჭოთა ხელისუფლების წლებში, 1921-1930 წწ. კოდორის მაზრის, 1930 წლიდან – კოდორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. 1926 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო. 1933 წელს კოდორის რაიონს სახელი გადაერქვა და ოჩემჩირის რაიონი ეწოდა. 1936 წელს დადგინდა რუსულად დაწერილობის ფორმა Очамчиры – Очемчири-ს ნაცვლად, ხოლო 1948 წელს – სახელწოდების ფორმა ოჩამჩირე – ოჩემჩირე-ს ნაცვლად. 1962 წელს რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1967 წელს დადგინდა სახელწოდების ფორმა ქართულ და რუსულ ენებზე ოჩამჩირა, Очамчира (ხორავა, ჭანტურია, 2019: 70).