პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია (პგო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია (პგო) – (Palestine Liberation Organization (PLO), შეიქმნა 1964 პალესტინის ეროვნულ კონგრესზე, არაბული სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა პირველი სამიტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ისრაელის მიერ (ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიების გათავისუფლებისათვის ბრძოლის მიზნით.

პგო-ის უმაღლესი ორგანოა პალესტინის ეროვნული საბჭო (პეს), მის სესიებს შორის კი – პგო-ის ცენტრალური საბჭო. უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა 15 - წევრიანი აღმასრულებელი კომიტეტი. მისი თითოეული წევრი ხელმძღვანელობს ერთ დეპარტამენტს, ესენია: სამხედრო, კულტურის, განათლების, პოლიტიკური, ადმინისტრაციული, სოციალური, ოკუპირებული ტერიტორიების, ინფორმაციის, სახალხო ორგანიზაციების, შრომის, ეკონომიკის, რეპატრიანტთა, პანარაბული და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პალესტინის ეროვნული ფონდის დეპარტამენტები.

პგო-ის თავმჯდომარე 1964-67 იყო აჰმად მუქაირი, 1967-68 – იაჰია ჰამუდა, ხოლო 1968-დან დღემდე იასირ არაფატი. მისი გენერალური მდივანია მაჰმუდ აბასი (აბუ მაზენი). პგო-ის შტაბ-ბინა ამჟამად მდებარეობს ქ. ღაზაში (პალესტინის ავტონომია). 1969-თვის პგო-ში შედიოდა პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის ყველა წამყვანი ორგანიზაცია: პალესტინის ეროვნული განთავისუფლების მოძრაობა (ეათჰ), პალესტინის განთავისუფლების დემოკრატიული ფრონტი (პგდუო), პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი (გკფ) და სხვ. მის მოღვაწეობას აფინანსებდნენ არაბული და მეგობარი ქვეყნები, კერძო პირები და ორგანიზაციები. 1978 ბაღდადის არაბული სამიტის დადგენილებით არაბული ქვეყნები პგო-ს ყოველწლიურად ურიცხავდნენ 330 მლნ დოლარს. ყოველ პალესტინელს პალესტინის ეროვნულ ფონდში შეჰქონდა წლიური შემოსავლის 3-6%.

1974 წლის ოქტომბერში რაბატში (მაროკო) არაბულმა სამიტმა აღიარა პგო პალესტინელი არაბი ხალხის ერთადერთ და კანონიერ წარმომადგენლად, რაც ცნო გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ. პგო-ს მიეცა გაეროში და მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში დამკვირვებლის სტატუსი. 1978 გახდა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის წევრი, გარდა ამისა, არის ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის, მიუმხრობელთა მოძრაობის და სხვა ორგანიზაციების წევრი.

1982 ისრაელმა გაანადგურა პგო-ის სამხედრო ბაზები ისრაელში, პგო-ის შტაბ-ბინა ტუნისში გადავიდა. 1968 მიღებული პგო-ის ეროვნული ქარტია (14) აცხადებდა. რომ „პალესტინის განთავისუფლება წარმოადგენს მთელი არაბი ხალხის ეროვნულ მიზანს. მის წინაშე დგას ამოცანა, განდევნოს თავისი სამშობლოდან სიონისტი და იმპერიალისტი დამპყრობლები და მთლიანად გაწმინდოს პალესტინა სიონიზმისგან.

12-15.XI.1989 ალჟირში, პეს-ს რიგგარეშე სესიაზე პგო-მ პირველად მიიღო ოფიციალურად გაეროს უშიშროების საბჭოს 242-ე რეზოლუცია და ფაქტობრივად აღიარა ისრაელის უფლება არსებობაზე. ამავე დროს, სესიამ გამოაცხადა პალესტინის სახელმწიფოს შექმნაც. 22.III.1989- პგო-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა ი. არაფატი დანიშნა პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტად და 2.V.1989 დანიშვნა დაამტკიცა პგო-ის ცენტრალურმა საბჭომ. პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ცნეს არაბულმა სახელმწიფოებმა (სირიის გარდა) და მიუმხრობელმა ქვეყნებმა. 9.IX ოსლოს საიდუმლო მოლაპარაკების შემდეგ, პგო-მ და ისრაელმა ცნეს ერთმანეთი და 13.IX ვაშინგტონში ხელი მოაწერეს „დეკლარაციას საშუალედო რეგულირების პრინციპების“ შესახებ. ის ითვალისწინებდა ღაზის სექტორსა და იერიქონის რაიონში (მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე) პალესტინელთა შეზღუდული თვითმმართველობის შექმნას და მათი საშუალედო ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას, რომელსაც უნდა წარმოედგინა პალესტინელი ხალხი ღაზის სექტორსა და მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ხუთწლიან გარდამავალ პერიოდში, ვიდრე საბოლოოდ არ მოწესრიგდებოდა პალესტინის პრობლემა გაეროს უშიშროების საბჭოს 242-ე და 338-ე რეზოლუციების საფუძველზე. ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო 1994 წლის 4 მაისიდან, როცა პგო-მ და ისრაელმა კაიროში ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ჯერ ღაზა და იერიქონი“. ი. არაფატმა პტო-ის შტაბ-ბინა ტუნისიდან ღაზაში გადაიტანა. 1996 წლის იანვარში პალესტინის ავტონომიაში ჩატარდა პარლამენტისა და პალესტინის მეთაურის (პრეზიდენტის) არჩევნები. ამ თანამდებობაზე აირჩიეს პგო-ის თავმჯდომარე ი. არაფატი.

იხილე აგრეთვე

პალესტინელთა შეზღუდული ავტონომიის გაფართოების შესახებ შეთანხმება 1995

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები