პანდიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანდიონი(ბერძნ.) იონიურ თქმულებათა გმირი, რომელიც მეთაურობს ათენელ მეფეთა ნუსხას. თავად ეს ნუსხა შეადგინეს კლასიკისა და ელინისტური ხანის ათენელმა სწავლულებმა, რათა ადგილობრივი ლეგენდები სრულიად ბერძნული მითოლოგიის ნაწილად წარმოედგინათ. ამ მცდელობამ ქრონოლოგიური უზუსტობები გამოიწვია: ერთი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობამ ვერ დაიტია ზოგიერთი გმირის თავგადასავალი, რის გამოც მითოგრაფოსებს მოუხდათ მითოლოგიურ პერსონაჟთა გაორება. ერთი გმირის ადგილზე ორი გმირი გამოჩნდა ერთი და იმავე სახელით (პანდიონ პირველი და პანდიონ მეორე), ან მსგავსად სახელდებული (ერეხთევსი და ერიხთონიოსი).

ატიკური მითოსი პანდიონს ადგილობრივ ხთონურ ღვთაებებთან აკავშირებს და ერიხთონიოსის ძედ წარმოადგენს. მის ვაჟებად კი ასახელებს ერეხთევსსა და ბუტოსს. იმ მითების თანახმად კი, რომელიც გავრცელებული იყო ოდესღაც იონიელებით დასახლებულ მიწებზე, პანდიონი რამდენიმე სამეფო დინასტიის ფუძემდებელია. ანტიკური ხანის ავტორები პანდიონს წარმოგვიდგენენ არა მარტო ატიკის მეფეების, ეგევსისა და პალასის, არამედ არგოსის მეფის, ნისოსისა და თრაკიის მეფის მეუღლის, პროკნეს მამად.

მითოსური ქრონოლოგიით თუ ვიმსჯელებთ, ეგევსის, ნისოსისა და სხვათა მეფობის ხანას ათენის პირველმოსახლეთა ხანიდან დაახლოებით ხუთი თაობა აშორებს. ამიტომაც მოხდა პანდიონის სახის გაორება. აღმოჩნდა, რომ კეკროფსის ძე პანდიონ მეორე ერიხთონიოსის ძის, პანდიონ პირველის შვილთაშვილია. მითოსი გვამცნობს, რომ პანდიონ მეორემ, ცოლად შეირთო რა მეგარას მეფის ასული, მემკვიდრეობით მიიღო მეგარას სამეფო ტახტი და იქ მეფობის ჟამს აღესრულა. პანდიონის სახის გაორება, რომელიც დაკავშირებული იყო ათენელთა სურვილთან, გაეფართოვებინათ თავიანთი გავლენის სფერო, ხელოვნურ ხასიათს ატარებდა. სწორედ ამიტომ ძველმა მითოგრაფოსებმაც კი ვერ განსაზღვრეს ზუსტად, ვისი ასული იყო პროკნე (და ფილომელა) – პანდიონ პირველის თუ პანდიონ მეორისა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები