პროკნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროკნე(ბერძნ.) პანდიონისა და ძევქსიპეს ასული. ფილომელას და. თრაკიის მეფის, ტერევსის მეუღლე და იტისის დედა.

ფოკისში პროკნესთან დასახლდა მისი და ფილომელა, რომელიც შეურაცხყო ტერევსმა. თავისი დანაშაული რომ დაემალა, მეფემ ფილომელას ენა ამოგლიჯა. მაგრამ ფილომელამ სამოსზე ამოქარგა ის, რაც შეემთხვა და ასე განაცხადა ტერევსის საშინელი ძალადობის ამბავი. როდესაც ქმრის ბოროტმოქმედებაში დარწმუნდა პროკნე, მოკლა თავისი ძე, იტისი და მისი ხორცი შეაჭამა ტერევსს, სიმართლეც თავად გაუმხილა. გონება წაერთვა მეფეს, დებს დაედევნა, სურდა მოეკლა, მაგრამ ზევსმა ისინი ფრთოსნებად გარდასახა: პროკნე – ბულბულად, ფილომელა – მერცხლად, ტერევსი – ოფოფად.

პროკნეს მითოსი ეტიოლოგიურ (განმარტებითი ხასიათს) თქმულებათა რიცხვს განეკუთვნება. ბულბულის სევდიანი გალობა ხალხურმა ფანტაზიამ იმ დედის მოთქმად წარმოიდგინა, რომელმაც შვილი მოკლა და იტანჯება ჩადენილი საშინელებით. მერცხლის ჭიკჭიკი უენო ქალის გაურკვეველ ბგერებად აღიქვა, ხოლო ოფოფის ქოჩორი თრაკიულ ვარცხნილობას მიამსგავსა. აი, ასეთი ახსნაც დაეძებნება ამ შემზარავ ამბავს. თუმცა, მეცნიერები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ პროკნეს მითოსმა შემოინახა ელემენტები ოდესღაც არსებული კანიბალიზმისა (შდრ. ტანტალოსის და პელოფსის, ატრევსისა და თიესტესის ამბები).

პროკნეს მითოსზე შეუქმნია სოფოკლეს ტრაგედია სახელწოდებით „ტერევსის სუფრა“, რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია. ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ კი იგი მთელი თავისი საშინელებით არის წარმოდგენილი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები