პაპენი ფრანც ფონ
ფრანც ფონ პაპენი – (1879-1969), გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმთავრესი სამხედრო დამნაშავე.
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იყო ვაშინგტონში გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშე, ხელმძღვანელობდა გერმანიის ჯაშუშურ მოღვაწეობას აშშ-სა და მექსიკაში;
1915 წლის დეკემბერში აღმოაჩინა ამერიკის დაზვერვამ და ქვეყნიდან გააძევა.
1920-28 და 1930-32 იყო პრუსიის ლანდტაგის დეპუტატი კათოლიკური პარტიიდან; მჭიდროდ იყო დაკავშირებული გერმანიის მრავალ სამრეწველო მაგნატთან, მათ შორის, ტისენთან, კრუპთან, კლეკსერთან. აგრეთვე, გერმანიის პრეზიდენტ ჰინდენბურგთან;
1932 წლის 1 ივნისს ჰინდენბურგმა რაიხსკანცლერად დანიშნა; იმავე დღეს რაიხსტაგი დაითხოვა ჰიტლერის დაპირების სანაცვლოდ, რომლითაც იგი მის მთავრობას ხელშეწყობას დაჰპირდა. გარდა ამისა, ჰიტლერის მოთხოვნით, ოფიციალურად დართო ნება სს-ისა და სა-ს ფაშისტური ორგანიზაციების არსებობას; 1932 წლის არჩევნებში ფაშისტების დამარცხების შემდეგ, მტკიცედ გაილაშქრა სოციალ-დემოკრატების მონაწილეობით კოალიციური მთავრობის შექმნის წინააღმდეგ და თანამდებობიდან გადადგა, რითაც გზა გაუხსნა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას.
1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერმა ჩამოაყალიბა კაბინეტი, რომელშიც პაპენმა ვიცე-კანცლერისა და ზაარის ოლქის საქმეების რწმუნებულის პოსტი დაიკავა:
1939-44 იყო გერმანიის ელჩი თურქეთში;
1945 წლის აპრილში მოკავშირეების ჯარებმა დააპატიმრეს და საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცეს.
1947 წლის იანვარში ნიურნბერგში გერმანიის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა;
ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ გამოაქვეყნა „მემუარები“ (1952).