პარხალი (ტაძარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარხალი

პარხალიბაზილიკური ტაძარი, სამონასტრო კომპლექსი და ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, აშენებული 961–973 ტაოში, მდ. პარხლისწყლის ხეობაში. პარხალი ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანია როგორც ხუროთმოძღვრული ძეგლი, ასევე ტაძარში გადაწერილი, ან მასთან დაკავშირებული ხელნაწერებით და მათი ანდერძ-მოსახსენებლებით, ძველი ქართული წარწერებით.

ხუროთმოძღვრული ფორმებით პარხლის ტაძარი, ტაოში მდებარე ოთხთა ეკლესიასთან ერთად, გვიანდელი ბაზილიკების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. ტაძარი მკვრივად ნაგებია. იგი თითქმის თავდაპირველი სახითაა მოღწეული. ჩანს, ეს იმის გამოც მოხდა, რომ XVI ს-იდან ამ ადგილებში ოსმალური მფლობელობის დამყარების შემდეგ ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, რომელიც დღესაც მოქმედია.

პარხალთან დაკავშირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ძველი ქართული ხელნაწერი, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი – პარხლის სახარება - ოთხთავი, გადაწერილი 973 (A-1451) და პარხლის მრავალთავი XI ს. დასაწყისისა (A-95).

სარჩევი

პარხლის ოთხთავი

პარხლის ოთხთავი ეტრატზე ასომთავრულით გადაწერილი ხელნაწერია (259 ფურცელი. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ანდერძი აქვს, რომელთა შორის აღსანიშნავია ორი. პირველი ანდერძის მიხედვით, ხელნაწერი გადაწერილია „სალოცველად მეფეთა ჩუენთათჳს – ღმრთივ დიდებულისა ბაგრატ ქართველთა მეფისა, დავით მაგისტროსისა, სუმბატ ერისთავთა ერისთავისა“, იოვანეს მიერ, რომის ნართაული სახელი ყოფილა ბერა. ამავე ანდერძში იოვანე-ბერა ხელნაწერის გადაწერის თარიღს წელთაღრიცხვის ორნაირი სისტემით ასახელებს – „დაიწერა დასაბამითგანთა წელთა ხფოზს (6577), ქრონიკონი იყო მეცამეტედ ქცეული რჟგ“ (193); ორივე შეესატყვისება ჩვენი წელთაღრიცხვის 973-ს.

ხელნაწერის მეორე ანდერძში კიდევ ერთხელ არის დასახელებული დავით მაგისტროსი, აგრეთვე პარხლის მონასტრის წინამძღვარი ეფთიმე. აქვე აღნიშნულია, რომ ხელნაწერი „წინაშე ახალსა ეკლესიასა, ახალსა საკურთხეველსა ზედა დაიდვას“, საიდანაც ჩანს, რომ 973-თვის პარხლის ტაძრის მშენებლობა ახალი დასრულებული ყოფილა. ანდერძის ბოლოს იოვანე-ბერა კიდეე ერთხელ მოიხსენიებს თავის თავს და წერს – „მე, იოვანე-ბერამან, მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა“. აქედან ცხადია, რომ იოვანე-ბერა შატბერდელი მოღვაწე ყოფილა და ხელნაწერიც მას იქ გადაუწერია.

ორივე ანდერძში დასახელებული დავით მაგისტროსი არის ცნობილი დავით კურაპალატი, ტაოს მეფე, ფეოდალური საქართველოს გაერთიანების საფუძვლის დამდები. პარხლის ოთხთავში იგი პირველად იხსენიება მაგისტროსის ტიტულით, რაც ქრონოლოგიური საყრდენია X ს. საქართველოს ისტორიის მთელი რიგი საკითხებისათვის.

პარხლის ოთხთავის ტექსტი, სხვა ქართული სახარებების ტექსტებთან შედარებით, განსხვავებული რედაქციისაა და ჯრუჭის I ოთხთავის (996) ტექსტთან ერთად ცალკე რედაქციას ქმნის. ამის გამო, იგი, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლი ძველი ქართული მწერლობისა, ადიშის სახარების (897) ტექსტის პარალელურად, ცალკეა მთლიანად გამოცემული.

პარხლის მრავალთავი

პარხლის მრავალთავი ეტრატზე ნუსხა-ხუცურით გადაწერილი დიდი მოცულობის (45,5 X 75,5 სმ) ხელნაწერია. შეიცავს 655 ფურცელს.

ანდერძის მიხედვით, იგი გადაწერილია პარხალშივე გაბრიელ პატარაჲს მიერ, რომელიც ხელნაწერს „წმიდათა მოწამეთა საკითხავებს“ უწოდებს. მას კრებულის შესადგენად დიდი მუშაობა ჩაუტარებია – „ესე მამათა მოწამეთაი, რომელი პარხალს არა ეწერა, იშხნით მოვიღე და მით გავისრულე“, – წერს იგი. ამჟამად ხელნაწერი შეიცავს 149 ნაწარმოებს – იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვრთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელისა და სხვა ბიზანტიელი ავტორების ბერძნულიდან თარგმნილ თხზულებებს. მასში ჩართულია ქართული ორიგინალური მწერლობის ძეგლები – „შუშანიკის წამება“, „ჰაბოს წამება“ და იოანე ბოლნელი ეპისკოპოსის ქადაგებანი (9 ჰომილია). აღსანიშნავია, რომ პარხლის მრავალთავი ყველაზე ძველი ხელნაწერია, რომელშიც ეს თხზულებებია წარმოდგენილი: პირველი – V, მეორე – VIII და მესამე – IX სს-ებისა.

პარხლის ტაძრის წარწერები

პარხლის ტაძარზე რამდენიმე ლაპიდარული და წითელი საღებავით შესრულებული წარწერაა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტაძრის სამხრეთ ფასადის შუა ნავის კედელზე წითელი საღებავით, დიდი ზომის ასოებით შესრულებული 11-სტრიქონიანი წარწერა, რომელიც ეკუთენის პარხლის წინამძღვარს იოვანეს. იგი წარწერაში საქართველოს ეკლესიის მეთაურს მოიხსენიებს „ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქის“ ტიტულით. წარწერა თარიღდება დავით კურაპალატის მეფობის წლებით, როდესაც ქართლის კათალიკოსი იყო იოვანე I ოქროპირი (980–1001). ესაა ქართლის კათალიკოსის სადღეისოდ ცნობილი უძველესი დასახელება პატრიარქის ტიტულით, რომლის დაწესებაც უკავშირდება დავით კურაპალატის სახელს და რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს ეკლესიის, ისე მთლიანად საქართველოს ისტორიისათვის.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (897, 936 და 9713 წ.წ., გამოსცა ა. შანიძემ, თბ., 1945;
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (4 კოლექცია), ტ. 5, თბ., 1955; ტ. 1, თბ., 1973;
  • თაყაიშვილი ე. 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები