პასტერნაკი ბორის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორის პასტერნაკი

ბორის პასტერნაკი – (დ. 10 თებერვალი (29 იანვარი), 1890, მოსკოვი — გ. 30 მაისი, 1960, პერედელკინო), რუსი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, ნობელის პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989).

დაიბადა 1890 წლის 10 თებერვალს პერედელკინოში (მოსკოვის ოლქი), ფერწერის აკადემიკოსის ლ. ო. პასტერნაკის ოჯახში. შემოქმედებით მიდრეკილებებს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. გატაცებული იყო ხატვით, მუსიკალურ კომპოზიციებში ვარჯიშით. 1909 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1912 წელს ჭაბუკმა – სწავლა განაგრძო ბერლინში, მარბურგის უნივერსიტეტში. ინტერესი ფილოსოფიური პრობლემებისადმი მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა. პოეტური შემოქმედების პირველი ნიმუშები გამოაქვეყნა ალმანახ „ლირიკაში“. 1914 წელს დაასრულა ლექსების პირველი კრებული „ტყუპისცალი ცაში“. ადრეულ ეტაპზე განიცდიდა ჯერ ბლოკის, მერე კი ფუტურისტების გავლენას. ორგანულად აითვისა რუსული და გერმანული ფილოსოფიური ლირიკის ტრადიციები.

1917 წელს დაასრულა და 1922 წელს გამოაქვეყნა პოემა „დაი ჩემი სიცოცხლე“, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდა მისი პოეზიის ყველა მნიშვნელოვანი თვისება. რევოლუციის ატმოსფეროთი დამუხტულმა პოეტურმა სიტყვამ, ბუნებრივია, ახალი ფორმები და გამოხატვის ახალი საშუალებები მოითხოვა. ასე დაიწყო მისი დებიუტი პოეტური ნოვაციებით.

1930 წელს გამოდის ლექსების წიგნი „მეორედ დაბადება“. ოციანი წლებიდან იწყება პასტერნაკის დაინტერესება თარგმანებით. ადრეულ თარგმანებს განეკუთვნება საკსის, კლეისტისა და ბენ ჯონსონის თარგმანები.

30-იანი წლებიდან ბორის პასტერნაკი საქართველოს ხშირი სტუმარია. საქართველო პასტერნაკის შემოქმედებითი ბიოგრაფიის განსაკუთრებული ფურცელია. იგი მძაფრ დაინტერესებას ამჟღავნებს მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზიის მიმართ, რომელიც თითქო „დასავლურ-აღმოსავლური დივანია“ (გოეთე), ისე უცნაურადაა შერწყმული ერთმანეთთან აზიური და ევროპული პოეტური კულტურების ყველა უკეთესი თვისება. ქართული ლექსის თავისუფალი სული და ფილოსოფიური სიღრმე, ფორმების მრავალფეროვნება და სიცოცხლის დაუცხრომელი ჟინი ზუსტად ესადაგებოდა პასტერნაკის მაძიებელ ბუნებას.

ბორის პასტერნაკის პოეტური მემკვიდრეობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად იქცა მის მიერ უზადოდ თარგმნილი ბარათაშვილი — ქართველი რომანტიკოსის თითქმის ყველა შედევრი. ასევე ბრწყინვალედ თარგმნა პასტერნაკმა აკაკი, ტ. ტაბიძე, გ. ლეონიძე, პ. იაშვილი, ს. ჩიქოვანი. მას პირადი თუ შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა ბევრ სახელოვან ქართველ თანამოკალმესთან, განსაკუთრებით ცისფერყანწელებთან, აგრეთვე ქართული კულტურის სხვა მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან. 30-იან წლებში, როცა რეპრესიების სულშემხუთავმა ატმოსფერომ თავისუფალი პოეტური შემოქმედება ლამის შეუძლებელი გახადა, პასტერნაკი „შემოქმედებით იატაკქვეშეთში“ გადავიდა ― მთლიანად გადაერთო პოეტურ თარგმანზე. ინგლისური, გერმანული და ფრანგული ენების საფუძვლიანი ცოდნა საშუალებას აძლევდა მას, კიდევ ერთი შემოქმედებითი გმირობა ჩაედინა ― შეექმნა მსოფლიოს მრავალი შედევრის კონგენიალური თარგმანები. ასეთია შექსპირის, შელის, კიტსის, ჰაინეს, ვერლენის, პეტეფის პასტერნაკისეული თარგმანები. ქართული პოეზიის რჩეული ნიმუშებიც ამ საგანძურშია.

თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე ბ. პასტერნაკი ყოველთვის მიმართავდა პროზას, რომელსაც ავსებდა ღრმა პოეტური აზრით და ამით თითქო ამ ორი ჟანრის ღვიძლ ნათესაობას თუ სულაც ერთობას კიდევ ერთხელ თვალნათლივ ადასტურებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პასტერნაკი მიუბრუნდა დიდი ხნის წინათ ჩაფიქრებულ რომანს „დოქტორ ჟივაგოს“. რომანის პროტაგონისტის საშუალებით გამოთქმულია რევოლუციური იდეებით სრული იმედგაცრუება.

რომანი გამოქვეყნდა საზღვარგარეთ 1957 წელს. ერთი წლის შემდეგ მას ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. ტოტალიტარული რეჟიმის რეაქცია ადეკვატური იყო — პასტერნაკს ნობელზე უარი ათქმევინეს, მერე კი იგი მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.

1960 წლის 30 მაისს რუსეთის პრესა („ლიტერატურნაია გაზეტა“) იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა არა დიდი პოეტი, არამედ ლიტფონდის წევრი ბ. ლ. პასტერნაკი.

პასტერნაკის პანაშვიდებზე უკრავდა სვიატოსლავ რიხტერი.

1989 წელს ბორის პასტერნაკს, რომელმაც თავისი ბრწყინვალე თარგმანებით შორს გაუთქვა სახელი დიდ ქართულ პოეზიას, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები