პეტერბურგის კონვენცია 1795
პეტერბურგის კონვენცია 1795 – (რეჩ პოსპოლიტას მესამე გაყოფის შესახებ), ხელმოწერილ იქნა 24.X. რუსეთის ნდობით აღჭურვილი პირების: ვიცე-კანცლერ გრაფ ი. ა. ოსტერმანის, გრაფ. ა. ა. ბეზბოროდკოსა და ი. ა. მარკოვის, ავსტრიის წარგზავნილის – გრაფ კობენცლისა და პრუსიის წარგზავნილის – გრაფ ტაუენცინის მიერ.
1794 პოლონეთში დაიწყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი აჯანყება ტადეუშ კოსტიუშკოს მეთაურობით, რამაც გაყოფის მონაწილე ქვეყნების სერიოზული განგაში გამოიწვია. რუსული და პრუსიული ჯარები პოლონეთში შევიდნენ. პრუსიის ჯარებმა აიღეს ქ. კრაკოვი და კრაკოვისა და სანდომიეჟის სავოევოდოები. ავსტრიის მთავრობამ, შეშფოთებულმა პრუსიის მიერ იმ მხარეების დაპყრობით, რომელთა შემოერთებასაც იგი თავად აპირებდა, საჩქაროდ დაიწყო მოლაპარაკება რეჩ პოსპოლიტას საბოლოო გაყოფასთან დაკავშირებით. ავსტრია პრეტენზიას აცხადებდა პოლონეთის ოთხ სამხრეთ – ლუბლინის, სოლმის, კრაკოვისა და სანდომიეჟის სავოევოდოზე. გაყოფის აუცილებელ პირობად იგი აყენებდა ქ. კრაკოვის ავსტრიისათვის გადაცემას. ამასთან ერთად, მან წარმოადგინა რუსეთის, ავსტრიისა და ინგლისის მჭიდრო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პრუსიის მზარდი ძლიერების აღკვეთას. რუსეთისათვის ეკატერინე II მოითხოვდა საზღვრებს მდინარე ნემასსა და ბეგზე, აგრეთვე კურლანდიის მისთვის გადაცემას.
1794 წლის დეკემბერში პეტერბურგში დაწყებული მოლაპარაკებები მალე ჩიხში მოექცა იმის გამო, რომ პრუსიის წარმომადგენელი კატეგორიულ უარს აცხადებდა, ავსტრიისათვის გადაეცა ქ. კრაკოვი და კრაკოვისა და სანდომიეჟის სავოევოდოები, რომლებიც პრუსიის ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. პრუსიის მთავრობა რუსეთისა და ავსტრიისგან მოითხოვდა თანხმობას იმაზე, რომ მისი საზღვარი გასულიყო მდინარე ვინდაეზე, ნემანზე, ნარეასა და ვისლაზე. იმავდროულად პრუსიამ დაიწყო მოლაპარაკება საფრანგეთთან, რათა მეტი თავისუფლება ჰქონოდა აღმოსავლეთში მოქმედებისათვის. ეკატერინე II-მ გადაწყვიტა მომხდარი ფაქტის წინაშე დაეყენებინა პრუსია და დაედო ხელშეკრულება მარტო ავსტრიასთან, რაც განმტკიცებული იქნებოდა სათანადო სამხედრო კავშირით პრუსიის მხრიდან მტრული გამოხდომის შემთხვევაში, თუმცაღა, პრუსიას შეუნარჩუნდა უფლება, მოგვიანებით შეერთებოდა გაყოფის აქტს.
3.1.1795. პრუსიისაგან მკაცრად გასაიდუმლოებული ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთის ნდობით აღჭურვილმა პირებმა ი. ა. ოსტერმასმა, ა. ა. ბეზბოროდეკომ. ი. ა. მარკოვმა და ავსტრიის წარგზავნილმა ლ. კობენცლმა ხელი მოაწერეს ორ საიდუმლო შეთანხმებას – რეჩ პოსპოლიტას გაყოფასთან დაკავშირებით და სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომლებიც გაფორმებული იყო როგორც იდენტური შინაარსის ორი ურთიერთგაცვლილი დეკლარაცია. გაყოფის შეთანხმების მიხედვით, ავსტრიამ მიიღო მდ. პილიცას, ვისლასა და ბუგს შორის განლაგებული ტერიტორია, მათ შორის: კრაკოვის, სანდომიეჟის, ლუბლინის სავოევოდოები, მაზოვიეცის, პოდლიაშის, სოლმისა და ბრესტ-ლიტოვსკის სავოევოდოების ნაწილები. რუსეთის ახალი საზღვარი გადიოდა მდ. ბეგზე ნემიროვამდე, შემდგომ – სწორხაზოვნად გროდნომდე, ხოლო შემდეგ – მდინარე ნემანის გასწვრივ აღმოსავლეთ პრუსიის საზღვართან მის გადაკვეთამდე. მთავრობებმა მისცეს ერთმანეთს გარანტიები ახალი სამფლობელოების შესახებ და შეთანხმდნენ, წინადადებით მიემართათ პრუსიისათვის, შემოერთებოდა გაყოფის აქტს. რუსეთმა და ავსტრიამ გადაწყვიტეს პრუსიისათვის შეეერთებინათ მდინარე პილიცას, ვისლას, ბუგსა და ნემანს შორის განლაგებული პოლონური მიწები, რომლებიც მოიცავდნენ: მაზოვიეცის სავოევოდოს მნიშვნელოვან ნაწილის ქ. ვარშავასთან ერთად, ტროქსისა და პოდლიაშის სავოევოდოების ნაწილსა და რაესკის სავოევოდოს დანარჩენ ნაწილს. ამასთან ერთად, ისინი მზად იყვნენ ამ სამფლობელოების გარანტად გამოსულიყვნენ.
სამოკავშირეო ხელშეკრულება ითვალისწინებდააგრეთვე რუსეთ-ავსტრიის მიერ 1972 თურქეთთან მიმართებაში დადებული პეტერბურგის სამოკავშირეო ხელშეკრულების საიდუმლო მუხლის გავრცელებას პრუსიაზე, ე.ი. მოლაპარაკების ერთ-ერთ მხარეზე პრუსიის თავდასხმის შემთხვევაში, მეორე მხარე კისრულობდა ვალდებულებას, მთელი თავისი ძალებით გამოსულიყო მოკავშირის დასახმარებლად, ხოლო თურქეთთან ავსტრიისა და რუსეთის ერთობლივი ომის შემთხვევაში, ავსტრია თავს იდებდა, ხელი შეეწყო ვლახეთის, მოლდავეთისა და ბესარაბიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებისათვის და მათი გადაცემისათვის სამემკვიდრეო უფლებით რუსეთის იმპერატორისა საგვარეულოს ერთ-ერთი წევრისათვის. ამის სანაცვლოდ, რუსეთი თანხმობას აცხადებდა, ხელი შეეწყო ავსტრიისათვის ბალკანეთში არსებული თურქეთის კუთვნილი ზოგიერთი ტერიტორიის მიერთებაში, იმ შემთხვევაში, თუკი შეუძლებელი შეიქნებოდა ავსტრიისათვის სასყიდლის გადაცემა საფრანგეთის ხარჯზე. ეკატერინე II თანახმა იყო, ავსტრიას მიერთებოდა ვენეციის სამფლობელოები, იმავე დღეს ცალკე აქტით, ავსტრია შეუერთდა 1793 წლის პეტერბურგის კონვენციის იმ ნაწილს, რომელიც ეხებოდა ავსტრიისა და რუსეთის ინტერესებს (ბელგიის გაცელა ბავარიაზე და რუსეთის მონაპოვრები) და გამოვიდა რუსეთის მიერ ამ კონვენციის შედეგად მოპოვებული მდგომარეობის გარანტად. პრუსიის მონაპოვრის გარანტირება ავსტრიამ გადადო რუსეთ-ავსტრიის შეთანხმებასთან პრუსიის მხრიდან შეერთებამდე.
რუსეთი და ავსტრია ითვალისწინებდნენ პრუსიის მხრიდან სამხედრო გამოსვლის საშიშროებას და ამიტომ თავი მოუყარეს თავიანთ ჯარებს საზღვრებთან, რის შემდეგაც 9.VII.1795 დეკლარაციებით აცნობეს პრუსიის მთავრობას მათ, შორის დადებული შეთანხმების შესახებ. ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ ვერ გაბედა იარაღით გამოსულიყო რუსეთისა და ავსტრიის წინააღმდეგ და ამიტომ დათანხმდა შეერთებოდა მოლაპარაკებას იმ პირობით, რომ კონვენციაში აღნიშნული ტერიტორიების გარდა პრუსიას დამატებით მიერთებოდა კრაკოვის სავოევოდოს სილეზიასთან მოსაზღვრე ნაწილი და ვარშავის აღმოსავლეთით მდინარე ბუგსა და ვისლას შორის მდებარე ტერიტორიები.
პეტერბურგში, განახლებული მოლაპარაკებების მსვლელობისას, ავსტრიამ და პრუსიამ აპელაცია გააკეთეს ეკატერინე II-ის წინაშე და მას მიანდვეს მსაჯულის როლი ურთიერთ პრეტენზიების გადასაწყვეტად. საბოლოოდ, ეკატერინე II-მ მოახერხა მიეღწია ორივე მხარის კომპრომისისთვის, რადგან პრუსიის დათმობისუნარიანობაზე დიდ გავლენას ახდენდა 1795 წლის სექტემბერში საბოლოოდ ჩამოყალიბებული რუსეთ-ინგლის-ავსტრიის კავშირი. და თუმცა ეს უკანასკნელი მიმართული იყო საფრანგეთის წინააღმდეგ, მაგრამ, აუცილებლობის შემთხვევაში, შეეძლო ემოქმედა პრუსიის წინააღმდეგაც.
ყველა ამ მოლაპარაკების შედეგად --Tkenchoshvili (განხილვა) 23:49, 27 სექტემბერი 2024 (GET)დაიდო 1795 პეტერბურგის კონვენცია, რომელიც გაფორმებულია, როგორც იდენტური შინაარსის ორს საიდუმლო შეთანხმება – რუსეთ-პრუსიასა და პრუსია-ავსტრიას შორის. პრუსია შეუერთდა რუსეთ-ავსტრიის 3.1.1795 მოლაპარაკებას. ავსტრია უარს ამბობდა ვარშავის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრული იყო სწორხაზოვნად სვიდრიდან ვისლის გასწვრივ ბუგისა და ნარვის შესართავამდე. პრუსიის სასარგებლოს. თავის მხრივ, პრუსიამ თავს იდო 6 კვირის ვადაში დაეცალა მანამდე ოკუპირებული ქ. კრაკოვი და კრაკოვისა და სანდომიეჟის სავოევოდოს ნაწილები. სადავო საკითხზე. რომლებიც შეეხებოდა კრაკოვის სავოევოდოს ავსტრიასა და პრუსიას შორის დემარკაციის საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ, გამოეყოთ ერთობლივი კომისია რუსი კომისრის ხელმძღვანელობით და ამ საკითხის გარშემო წარმოქმნილ დავაში რუსეთის აზრი მიეჩნიათ საბოლოოდ და გადამწყვეტად. ავსტრიამ და პრუსიამ წინასწარ დაუმოწმეს ერთმანეთს ტერიტორიები, რომლებიც გაერთიანებული კომისიისა და რუსეთის ნდობით აღჭურვილი გადაწყვეტილების თანახმად გადაეცემოდა ერთ ან მეორე მხარეს. გათვალისწინებული იყო აგრეთვე, ერთმანეთის დასახმარებლად მთელი ძალებით დაუყოვნებლივ გამოსვლა, თუკი შეთანხმებაში მონაწილე რომელიმე მხარეს თავს დაესხმოდა გარეშე სახელმწიფო. 1797 პეტერბურგის კონვენციით საბოლოოდ მოწესრიგდა რეჩ პოსპოლიტას საბოლოო გაყოფასთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა სადავო საკითხი. რეჩ პოსპოლიტას სამი გაყოფის შედეგად რუსეთს გადაეცა ლიტვის, ბელორუსიისა და უკრაინის მიწები (გარდა უკრაინის დასავლეთ ნაწილისა, რომელიც ავსტრიამ დაიპყრო). პირველი პოლონური მიწები გაყოფილ იქნა პრუსიასა და ავსტრიას შორის.