პითაგორა სამოსელი
პითაგორა სამოსელი (ძვ. წ. ≈ 572 – ≈ 500), ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. იტალიის ქ. კროტონში დაფუძნებული ფილოსოფოსთა ჯგუფის – „პითაგორელთა კავშირის“ დამაარსებელი და მისი მეთაური. პითაგორემ და მისმა მოწაფეებმა განავითარეს არითმეტიკა და გეომეტრია – მათ ფორმულებისა და რეცეპტების კრებულიდან მათემატიკა გადააქციეს აბსტრაქტულ დედუქციურ მეცნიერებად. მათგან მომდინარეობს პირველი მათემატიკური თეორიები: წრფივი ნაკვთების პლანიმეტრია (პითაგორეს თეორემის მკაცრი მტკიცების ჩათვლით) და რიცხვთა თეორიის ელემენტები აღმოაჩინეს ხუთიდან ოთხი წესიერი სხეული: კუბი, ტეტრაედრი, ოქტაედრი და დოდეკაედრი. აღმოაჩინეს კვადრატის გვერდისა და მისი დიაგონალის უთანაზომობა. ამის საფუძველზე აუცილებელი გახდა შექმნილიყო როგორც თანაზომადი, ისევე არათანაზომადი გეომეტრიული სიდიდეების ფარდობათა თეორია. პითაგორელებმა დაადგინეს ოთხი მათემატიკური დისციპლინა – არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია და მუსიკა.