პლინიუს უმცროსი
გაიუს პლინიუს კეცილიუს სეკუნდოსი – (ლათ. Gaius Plinius Caecilius Secundus; დ. დაახლ. 61 — გ. დაახლ. 113), რომაელი სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი.
ნაადრევად დაობლებული იშვილა და აღზარდა ბიძამ პლინიუს უფროსმა, რომაული განათლებული არისტოკრატიის ბრწყინვალე წარმომადგენელი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმპერიის ადმინისტრაციულ მმართველობაში. 110 იყო კონსული. სიცოცხლის ბოლო წლებში ასრულებდა იმპერატორის ლეგატის თანამდებობას ბითინიასა და პონტოში.
მისი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ჩვენამდე მოღწეულია „წერილები“ 10 წიგნად. პლინიუს უმცროსი არ ითვლება მკვლევრად. იგი მიჩნეულია დაუღალავ მკითხველად და ცოდნის შემგროვებლად, „წერილებში“ გამოკვეთილად ჩანს ტრაიანეს ეპოქის განათლებული რომაელის სულიერი მისწრაფებები. პლინიუს უმცროსის მაღალ ავტორიტეტზე მეტყველებს იმპერატორ ტრაიანესთან მიმოწერა. წერილებში იგი წარმოგვიდგება განათლებულ, კეთილ პიროვნებად, საქმიან მმართველად და დიპლომატად. სიტყვებიდან ცნობილია მხოლოდ „პანეგირიკი“, წარმოთქმული ტრაიანეს პატივსაცემად.