პლომბიერის შეთანხმება 1858
პლომბიერის შეთანხმება 1858 – საიდუმლო ხელშეკრულება საფრანგეთსა და სარდინიის სამეფოს (პიემონტს) შორის კავშირის შესახებ ავსტრიის წინააღმდეგ ომისათვის. ხელი მოაწურეს 21.VII პლომბიერში (ქ. ეპინალის მახლობლად, საფრანგეთი) იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ და კ. ბ. კავურმა.
შეთანხმების მიხედვით, ნაპოლეონ III სარდინიის სამეფოს ჰპირდებოდა სამხედრო დახმარებას ავსტრიის ბატონობისაგან ლომბარდიისა და ვენეციის განთავისუფლების და ჩრდილო იტალიური სახელმწიფოს შექმნისათვის სავოიის დინასტიის მეთაურობით. ამის სანაცვლოდ კავურმა იკისრა, გადაეცა საფრანგეთისთვის სავოია და ნიცა, თუმცა ავსტრიის წინააღმდეგ სარდინიის სამეფოსა და საფრანგეთის ომის დროს (1859, აპრილი) ნაპოლეონ III-მ, რომელიც შეშინდა იტალიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფართო ხასიათით, უღალატა თავის მოკავშირეს და 11.VII.1859 ავსტრიასთან დადო სეპარატული ვილაფრანკის ზავი, რომლის თანახმად, ვენეცია დარჩა ავსტრიის მფლობელობაში.