პოლიმერბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩამოსხმული მარმარილო

პოლიმერბეტონი – ჩამოსხმული ქვა, ჩამოსხმული მარმარილო, კომპოზიტური მასალა, პოლიმერულ შემკვრელზე დამზადებული ბეტონი (ცემენტისა და წყლის გარეშე), რომლის საფუძველია სინთეზური ფისები (ეპოქსიდური, პოლიეთერის, აკრილის, კარბამიდის, ფორმალდეჰიდის, ფურანისა და სხვ.) ან მონომერი (ფურფურულაცეტონური და სხვ.) და რომელიც ბეტონში მაგრდება სპეციალური დანამატის მეშვეობით. შემვსებია ქვიშა და ღორღი.

ბეტონის თვისებების გასაუმჯობესებლად და ფისის ეკონომიისათვის, მასში ზოგჯერ შეჰყავთ წმინდად დაფქული შემავსებელი. გამაგრების დაჩქარებისა და თვისების გასაუმჯობესებლად იყენებენ გამამაგრებელს, პლასტიფიკატორს და სხვა სპეციალურ დანამატს.

კომპოზიტური მასალა

პოლიმერბეტონის თვისება დამოკიდებულია ფისის სახეობაზე, ბეტონის შედგენილობაზე და ტექნოლოგიაზე.

პოლიმერბეტონის შედგენილობა მასის მიხედვით, დაახლოებით შემდეგია:
მარმარილოს ღორღი – 50;
კვარცის ქვიშა – 20-25%;
დანამატები – 10-15%;
სინთეზური ფისი – 10-13% და გამამაგრებელი – 0,5-1%.

მისგან შესაძლებელია დამზადდეს ნებისმიერი ფერისა და ფაქტურის კომპოზიციები (ინტერიერის ელემენტები, ფანჯრის თაროები, სავაჭრო ფარდულებისა და მაღაზიების დახლები, სამზარეულოს ავეჯის სამაგიდო ზედაპირები და სხვ.). კარგად ეწინააღმდეგება მჟავების, მარილების, ორგანული გამხსნელებისა და ნავთობპროდუქტების მოქმედებას. ქიმიურად მედეგი პოლიმერბეტონი გამოიყენება დეფექტების (ფორები, კაპილარები, მიკროდეფექტები) ამოსავსებად; აგრეთვე აგრესიულ გარემოში, სადაც ჩვეულებრივი ბეტონი სწრაფად იშლება (მჟავების, მინერალური სასუქების, ხელოვნური ბოჭკოს, ცელულოზის, შაქრისა და სხვ. წარმოება). გაჟღენთვა ზრდის ბეტონის სიმტკიცეს.

პოლიმერბეტონის გამოყენება მიზანშეწონილია ისეთ კონსტრუქციებში, სადაც სრულად ვლინდება მისი დადებითი თვისებები; მაგ., კონსტრუქცია რომელიც განიცდის ძლიერ ცვეთას (ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ზოგი მილსადენი), ქიმიური მრეწველობის კოროზიამედეგი კონსტრუქციები, დინამიკურ დატვირთვებზე მომუშავე ელემენტები, სანტექნიკური ნაკეთობანი და სხვ. მაღალი ცოცვადობა, დაჯდომა, დაძველება, დაბალი თბომედეგობა (100-200°C) და სხვ. უარყოფითი თვისებები ზღუდავს პოლიმერბეტონის გამოყენებას შენობის მზიდ კონსტრუქციებში.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები