პრაქსიტელესი
პრაქსიტელესი – (ძვ. ბერძნ. Πραξιτέλης; დაახლ. ძვ. წ. 395, ათენი — დაახლ. ძვ. წ. 330), ძვ. წ. IV საუკუნის უდიდესი ბერძენი მოქანდაკე. ძალიან მწირია ინფორმაციაა პრაქსიტელესის ცხოვრების შესახებ. მისი ნამუშევრების უმეტესობა რომაული ასლებიდან ან ანტიკური ავტორების აღწერილობებით არის ცნობილი. პლინიუსის ცნობით, პრაქსიტელესის შემოქმედების აყვავების პერიოდი 104-ე ოლიმპიადას უკავშირდება, ანუ ძვ. წ. 364–361 წლებს.
სარჩევი |
სატირი დასვენებისას
პრაქსიტელესი გამოსახავს ახალგაზრდა მშვენიერ ჭაბუკს, რომელიც იმდენად ძლიერად ეყრდნობა ცალ ფეხსა და მის გვერდით მდგარ კუნძს მარჯვენა ხელით, რომ მთელი ფიგურა მკვეთრადაა გაზნექილი, გაღუნული და ამის გამო მისი სახე ზანტი, დუნე გრაციითაა აღბეჭდილი. სიახლე აქ სწორედ ამ პოზაშია, რომელიც სრულიად განსხვავებულ მხატვრულ ეფექტს ქმნის. არქაული ფიგურები სწორად იდგნენ, მათი პოზის სიმყარე თითქოს მტკიცე შინაგანი ღერძის განსახიერება იყო. მაღალმა კლასიკამ კონტრაპოსტით გააცოცხლა მოძრაობა; დაბალანსებული, არამკვეთრი, შინაგანად მშვიდი გახადა იგი და ამასთანავე სიმყარე და წონასწორობა შეინარჩუნა. პრაქსიტელესი აგრძელებს ამ ტრადიციას, კვლავაც იყენებს კონტრაპოსტს, მაგრამ იმდენად ზნექს და ღუნავს ფიგურებს, რომ მათი დატოვება საყრდენის გარეშე შეუძლებელია, ქანდაკება, უბრალოდ, ფეხზე ვეღარ გაჩერდება, წაიქცევა, რადგან წონასწორობის ღერძი უკვე ფიგურის შიგნით კი აღარაა, არამედ მის გარეთ, სხვა საგანში, ამ შემთხვევაში – კონკრეტულ კუნძში. ეს კი ფიგურას სიმყარეს უკარგავს.
სკოპასის ქანდაკებებშიც ანალოგიური მდგომარეობაა. მისი „მენადა“ სხეულის შმაგი, სპირალური ბრუნით, ფაქტობრივად, მოკლებულია სიმყარეს. ეს არამდგრადობა და შინაგანი თუ გარეგნული წონასწორობის დაკარგვა, რაღა თქმა უნდა, დროის, გვიანი კლასიკის დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ რამდენად განსხვავებულადაა გადმოცემული ის ამ ორი თანამედროვე ოსტატის შემოქმედებაში მათ ინდივიდუალობიდან, ტემპერამენტიდან, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე! სკოპასის „მენადასა“ და ჰალიკარნასოსის მავზოლეუმის რელიეფებისაგან განსხვავებით, პრაქსიტელესის ფიგურები ზანტი და დუნე გრაციით გამოირჩევიან და მეოცნებე-მელანქოლიურ განწყობილებას ქმნიან. მაშინაც კი, როდესაც თითქოს ქანდაკებაში დაძაბული მომენტია გადმოცემული და, შესაბამისად, ფიგურაც, გარკვეულ დონემდე მაინც, მობილიზებული უნდა იყოს, იგი ნებიერ პოზაშია წარმოდგენილი. მაგ., პრაქსიტელესის ცნობილი „აპოლონ საუროკტონოსი“.
აპოლონ საუროკტონოსი
პრაქსიტელესის ცნობილი „აპოლონ საუროკტონოსი“ (ხვლიკის მკვლელი აპოლონი), ცალი ხელით მაღალ ხესაა მიყრდნობილი, მეორეთი კი ქვას უღერებს ხის ტანზე მცოცავ ხვლიკს. ეს მოქმედება თავისთავად გულისხმობს გარკვეულ კონცენტრირებას, მობილიზებას, მაგრამ, ამის მიუხედავად, აპოლონის მშვენიერი სხეული მაინც დუნეა და, ამასთანავე, არამყარადაც დგას. ფიგურის ხილვისას მნახველს აოცებს სხეულის ფორმების მშვენიერება, დახვეწილობა და მოხდენილობა. სხეულის დამუშავების სირბილე ისეთ ზღვარსაა მიახლოებული, რომ ერთგვარ სინაზეს, „ქალურობასაც“ კი ანიჭებს ფიგურას. პრაქსიტელესსა და მისი წრის მოქანდაკეებს ნაკლებად იზიდავდათ ათლეტთა დაკუნთული სხეულები და მაშინაც კი, როდესაც ისინი მამაკაცებს გამოსახავდნენ, უპირატესად ნაზ ფორმებსა და სხეულის რბილ, ტალღოვან გადასვლებს ანიჭებდნენ. პრაქსიტელესი სწორედ იმით იყო სახელგანთქმული, რომ ბრინჯაოთიც ახერხებდა ფორმის არაჩვეულებრივად რბილად მოდელირებას, შუქ-ჩრდილის დახვეწილ ნიუანსირებას და ამით რეალური სხეულის მოქნილობის, სითბოსა და სიცოცხლის ეფექტს აღწევდა ამ მეტად ხისტი მასალით შესრულებულ ნამუშევრებში. შემთხვევითი არ არის, რომ ბერძნულ ხელოვნებაში ქალღმერთის პირველი შიშველი გამოსახულებაც სწორედ პრაქსიტელესს ეკუთვნის. ეს არის სახელგანთქმული ე.წ. „აფროდიტე კნიდოსელი“.
აფროდიტე კნიდოსელი
ცნობილია, რომ მოდელად ამ ფიგურისათვის მოქანდაკემ თავისი სატრფო, ათენელი ჰეტერა, ფრინე გამოიყენა. ქალის შიშველი სხეული თუმც კი იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება მაღალი კლასიკის ხელოვნებაში. ამ შემთხვევაში კი პირველად გამოისახა შიშველი ქალღმერთი და ისიც საკულტო დანიშნულების მრგვალ ქანდაკებაში. ესაა მშვენიერი, სრულყოფილი, ულამაზესი სხეული მიწიერი ქალისა. აი, რას ამბობს პლინიუსი ამ ქანდაკების შესახებ: „არა მარტო პრაქსიტელესის შემოქმედებაში, არამედ მთელ სამყაროში არსებულ ქანდაკებათა შორის ყველაზე მაღლა დგას მისი (პრაქსიტელესის) შექმნილი ვენერა“.
გადმოცემით ვიცით, რომ ქ. კოსის მოქალაქეებმა მას აფროდიტეს ფიგურა დაუკვეთეს. პრაქსიტელესმა ერთდროულად ორი ქანდაკება შექმნა ერთი შემოსილი იყო, მეორე კი – შიშველი. მოქანდაკემ ორივე ქმნილებას ერთი ფასი დაადო, მაგრამ ქ. კოსის მცხოვრებლებმა შემოსილი აფროდიტეს ქანდაკება მათთვის უფრო შესაფერისად მიიჩნიეს, უარყოფილი შიშველი ფიგურა კი კნიდოსელებმა შეიძინეს. მოგვიანებით სწორედ ამ ფიგურას სთხოვდა კნიდოსელებს მეფე ნიკომედესი ქალაქის უზარმაზარი ვალების სანაცვლოდ, მაგრამ კნიდოსელებმა ქანდაკების დათმობას ყველა გაჭირვების გადატანა ამჯობინეს და არც შემცდარან, რადგან პრაქსიტელესის ამ ქანდაკებამ დიდება და სახელი მოუტანა მათ ქალაქს (თუმცა, კნიდოსი ბევრი სხვა რამითაც იყო ცნობილი). შენობა, სადაც ეს ქანდაკება იდგა, ყოველი მხრიდან იყო გახსნილი ისე, რომ ყველას შეეძლო მისი ხილვა. გარდა ამისა, კნიდოსელებს სწამდათ, რომ ეს ქანდაკება შექმნილი იყო თვით ქალღმერთის კეთილისმყოფელი მონაწილეობით.
მოგვიანებით პრაქსიტელესის ამ ქანდაკების მიხედვით შიშველი ვენერას მრავალი მსგავსი ფიგურა შეიქმნა, თვით ორიგინალი კი დაკარგულია. მისი მოგვიანო ასლებიდან ცნობილია ვატიკანისა და მიუნხენის მუზეუმების ფიგურები (მთლიანადაა შემონახული), აგრეთვე ე.წ. „კაუფმანის აფროდიტე“ და „ხვოშჩინის აფროდიტეს ტორსი“. რაღა თქმა უნდა, ვერც ერთი ამ ასულთაგანი ვერ გადმოგვცემს ორიგინალის მშვენიერებას.
ჰერმესი და დიონისე
პრაქსიტელესის ნამუშევართაგან ორიგინალის სახით შემორჩენილია მხოლოდ ერთადერთი ქანდაკება ― „ჰერმესი და დიონისე“, რომელიც XIX ს-ში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ოლიმპიაში, ჰერას ტაძრის ნანგრევებში. ეს არის პრაქსიტელესის ერთ-ერთი გვიანი ნაწარმოები, შექმნილი დაახლოებით ძვ.წ. 340 წელს: ზევსმა ღმერთების შიკრიკსა და მოგზაურთა მფარველს – ჰერმესს უბრძანა თავისი უკანონოდ შობილი ძე, დიონისე ტყის ნიმფებისათვის მიეყვანა გასაზრდელად. პრაქსიტელესმა ამ გზაზე შესვენების მომენტი გამოსახა. ჰერმესი, მშვენიერი აღნაგობის ჭაბუკი, ცალი ხელით კუნძს დაყრდნობია, ამავე ხელში პატარა დიონისე უჭირავს. მეორე ხელი ამჟამად დაკარგულია, მაგრამ, ვარაუდობენ, რომ ჰერმესს იგი ზემოთ ჰქონდა აწეული და ყურძნის მტევანი ეჭირა, რომელსაც პატარა დიონისეს უჩვენებდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ვერსია სწორია, რადგან ბავშვი მთელი სხეულით სწორედ იქითკენ მიიწევს, სადაც სავარაუდოდ მტევანი ეგულება. ჭაბუკი ჰერმესის ფიგურა სიმშვიდეს ასხივებს — მისი სხეულის მოქნილი მოძრაობა, დახვეწილი და სრულყოფილი პროპორციები, მშვიდი პოზა და სახის კეთილშობილური გამომეტყველება; არაჩვეულებრივად რბილი გადასვლები სხეულზე, შუქ-ჩრდილის მსუბუქი თამაში მართლაც მშვენიერი სახის შექმნას უწყობს ხელს, მაგრამ მასში აღარ გამოსჭვივის მაღალი კლასიკისათვის დამახასიათებელი ჰეროიკულობა, ძალა, ვაჟკაცობა და სიმკაცრე. იგი უფრო პოეტურად განსულიერებულია, ლირიკული და მოხდენილია. სახეც, ულამაზესი ნაკვთებით, თითქოს უფრო რბილი, მჭვრეტელობითი გამომეტყველებითაა ნიშანდებული, ვიდრე ამაღლებული ჰეროიზმით.