პრედიკატული განსაზღვრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრედიკატული განსაზღვრებაგანსაზღვრების ერთ-ერთი სახე, რომელიც სინტაქსურად ზმნას უკავშირდება. გადმოცემულია მიმღეობითა და სახელით. იგი ორმაგი ბუნებისაა, შედის შემასმენლის ჯგუფში. მაგრამ, ამასთანავე, დამოკიდებულია ქვემდებარესა თუ პირმიმართ დამატებაზედაც. პრედიკატული განსაზღვრება საგანს (ქვემდებარეს, პირმიმართ დამატებას) ახასიათებს ზმნით გამოხატული მოქმედების შესრულების მომენტთან მიმართებით და, ჩვეულებრივ, აღნიშნავს არა საგნის მუდმივ ან ხანგრძლივად დამახასიათებელ ნიშანს, არამედ – დროებითს, მომენტობრივს. ეს ნიშანი იმავდროულად ზმნა-შემასმენლით გამოხატული მოქმედების ნიშანიცაა (ნიბლია სულგანაბული შესცქეროდა ალალს), – იმ შემთხვევაშიც კი, როცა პრედიკატული განსაზღვრება მუდმივ ან დროის ხანგრძლივ მონაკვეთში ახასიათებს საგანს. ეს თვისება განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ზმნით გადმოცემული მოქმედების შესრულების მომენტში (დიდი და თვალტანადი იდგა იგი მთის კაცის წინ).

პრედიკატული განსაზღვრება ბრუნვასა და რიცხვში ეთანხმება იმ წევრს, რომელსაც იგი განსაზღვრავს (ლევანი გაყუჩებული იჯდა; მაჩვები დაჩოქილები იდგნენ დათვის წინაშე; თქვენისთანა პატივსაცემ კაცს ხელცარიელს ვერ გავისტუმრებ; იმათ ამ ამბავმა მოუმზადებლებს მოუსწრო).

პრედიკატული განსაზღვრება დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს ვითარების გარემოებასთან. ამით აიხსნება, რომ ისინი ზოგჯერ ერთი ოდენობის სინტაქსურ ერთეულებად არიან წარმოდგენილი („ის მიდიოდა წყნარად და დაფიქრებული“).

პრედიკატული განსაზღვრება ჩვეულებრივ, უშუალოდ უსწრებს ზმნა-შემასმენელს, შედარებით იშვიათად გვხვდება მომდევნო ან გათიშულ პოზიციაში. იგი შეიძლება ახლდეს როგორც გარდაუვალ, ისე გარდამავალ ზმნას, უფრო ხშირად კი – მდგომარეობის, მოძრაობის, მხედველობის, სმენისა და მეტყველების აღმნიშვნელ ზმნებთან გვხვდება.

სხვა თვალსაზრისით (ალ. ღლონტი), ხსენებული ფორმები ზმნასთან არიან სინტაქსურად დაკავშირებული, მიუგებენ ვითარების გარემოების კითხვას როგორ და ამის გამო ვითარების გარემოებად უნდა იქნენ მიჩნეული. ასევე თვლიან, რომ ეს ფორმები შედიან შემასმენლის შედგენილობაში, წარმოადგენენ მის სახელად ნაწილს (ატრიბუტივს) და მათი ცალკე წევრად გამოყოფა არ ხდება.

ლ. კვაჭაძე


ლიტერატურა

  • ჟორდანია თ. ქართული გრამატიკა, ტფ., 1889;
  • იმნაიშვილი ი. შედგენილი შემასმენელი ქართულში – „თბილისის სახელმწ. ჰედ. ინ-ტის შრომები“, I948, ტ. 8;
  • მისივე, მიმღეობისა და სახელის ზოგიერთი ფორმის სინტაქსური კვალიფიკაციისათვის. – „კომუნისტური აღზრდისათვის“, 1957, №12;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1966;
  • ღლონტი ა. ატრიბუტივიანი შემასმენელი ქართულში. – „ცხინვალის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები“, 1955, II;
  • მისივე, პრედიკატული განსაზღვრება ძველ ქართულში. – „ენათმეცნიერების საკითხები“, 1999, №4;
  • კიზირია ა. მარტივი წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში, თბ., 1963.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები