პროსოდია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროსოდია – (ბერძ. prosōdia, მახვილი სამღერი), ფონეტიკურ მახასიათებელთა (სიმაღლე, სიძლიერე, გრძლივობა) სისტემა, რაც ვლინდება მეტყველების ყველა დონეზე (მარცვალი, სიტყვა, სიტყვათა შეწყობა, ფრაზა, ტექსტი). საზოგადოდ გამოყოფენ პროსოდიის შემდეგ კომპონენტებს: ინტონაციას, მახვილს, გრძლივობას, ტემბრს, რიტმს, პაუზას. ამ შემთხვევაში პროსოდია სინონიმია ტერმინისა „მელოდიკა“, ორივე იხმარება ენის სუპრასეგმენტური ფუნქციონალური სისტემის აღსანიშნავად, თუმცა შეიმჩნევა პროსოდიისა და მელოდიკის გამიჯვნის ტენდენციაც: ტერმინ „მელოდიკას“ უკავშირებენ ფრაზას, პროსოდიას კი – ყველა სამეტყველო სეგმენტს მარცვლიდან ტექსტამდე.

70-იანი წლებიდან პროსოდიის პარალელურად ფართოდ იყენებენ ტერმინს პროსოდიკა, რაც განაპირობა ტექსტის შესწავლისადმი ინტერესის ზრდამ. ეს ტერმინები ზოგ შემთხვევაში იხმარება იდენტური მნიშვნელობით, ზოგჯერ კი – განსხვავებულით: პროსოდიკა გამოყენებულია მარცვალთან მიმართებით, ხოლო პროსოდია უკავშირდება ყველა სეგმენტურ ერთეულს (მარცვალს, სიტყვას, სინტაგმას, ფრაზას, ტექსტს).

ლექსთმცოდნეობაში პროსოდია აღნიშნავს ფონეტიკურ საშუალებათა სისტემას, რომელიც ახასიათებს მარცვალს.

ისტორიულად პროსოდია უკავშირდება ლექსთწყობის შესწავლას. ამ ტერმინითო აღინიშნებოდა ანტიკური გრამატიკის ის მონაკვეთი, რომელიც სწავლობდა ვერსიფიკაციის კანონებს.

ი. თევდორაძე



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები