პროტესილაოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პროტესილაოსი – (ბერძნ.) თესალიური მოდგმის ხალხთა მეფე. იფიკლესის ძე, ლაოდამიას მეუღლე.
პროტესილაოსი ბერძნებთან ერთად გაეშურა ტროას ომში. იყო წინათქმა: აქაველთაგან ვინც პირველი დაადგამდა ფეხს ტროელთა მიწას, ის მოკვდებოდა. მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, პროტესილაოსი პირველი გადმოხტა ხომალდიდან ზღვის ნაპირზე და წამისუმალ გამოესალმა სიცოცხლეს ჰექტორის ისრით.
ლაოდამიამ ღმერთებს სთხოვა, მცირე ხნით დაებრუნებინათ მისი მეუღლე მიწისქვეშა სამყაროდან მზის სინათლეზე. ღმერთებმა შეისმინეს მისი ვედრება. ხოლო როდესაც პროტესილაოსს ამ ქვეყნის დატოვების დრომ მოუწია, მას ქვესკნელში ჩაჰყვა ლაოდამიაც.
პროტესილაოსის მითოსი გამოიყენა ლუკიანოსმა თავის ქმნილებაში, რომელსაც ეწოდება „საუბრები მიწისქვეშეთში“.