ჟერო
ჟერო (ლათ. Platalea leucorodia Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი ყარყატისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში გვხდვება ერთი სახეობა − ჟერო.
ჟერო დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 355-400 მმ-ია, გალო – 120-160 მმ, ნისკარტი – 180-220 მმ, წონა – 1700 გ-მდე. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის მთელი ბუმბულსაფარველი სუფთა თეთრია, მხოლოდ კისრის ძირში და მუცლის მხარეზე მოყვითალო ან ჟანგმიწისფერი ელფერი დაჰკრავს. ასეთივე ელფერი შეიმჩნევა კეფის წაგრძელებულ ბუმბულებზეც. ნისკარტი შავია, მაგრამ წვეროშია ყვითელი. იგი გრძელი, ბრტყელი და ბოლოში გაფართოებულია. შავი ფერის ფეხები საკმაოდ მაღალია, წინა სამი თითი ძირში ერთმანეთთან აპკითაა შეერთებული. ახალგაზრდა ფრინველს კეფაზე წაგრძელებული ბუმბულები არა აქვს, ხოლო პირველი რიგის მომქნევები, მათი ღეროები და მფარავები მორუხო-კვამლისფერია. ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ჟერო – P. 1. leucorodia Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპაში – ავსტრიას, უნგრეთს, იუგოსლავიას, ალბანეთს, დუნაის დაბლობს ბულგარეთსა და რუმინეთში, სსრკ სამხრეთ ნაწილს ამიერკავკასიამდე, აგრეთვე ორ იზოლირებულ რეგიონს – სამხრეთ ესპანეთში და ჰოლანდიაში. აზიაში მოიპოვება სირიაში, მესოპოტამიაში, ირანში, ავღანეთში, ინდოეთში, სამხრეთით ცეილონამდე, აღმოსავლეთით ზღვისპირეთამდე, არის შუა აზიასა და ყაზახეთში. ბუდობს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაშიც. ზამთრობს ცენტრალურ აფრიკაში, ინდოეთსა და სამხრეთ ჩინეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მიმომფრენი ფრინველი.
ბიოტოპი
ტენიანი ღია ადგილები, ტბებისა და მდინარეების სანაპიროები ძლიერ განვითარებული ლელქაშით, ბუჩქებითა და სხვა მცენარეულობით.
გამრავლება
ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ძველ ჩალეწილ ლელქაშის ტევრში, იშვიათად – ბუჩქებზე ან ხეებზე. მაისის პირველ ნახევარში დებს 3-4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. მართვეების კვებაში მონაწილეობს ორივე მშობელი. ახალნაჩეკი ფრენის უნარს იძენს 50 დღის ასაკში.
კვება
ჟეროს ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის მწერების ლარვები. ჭამს ბაყაყს, მათ თავკომბალებს, მოლუსკებს და წვრილ თევზებსაც. ზოგჯერ მცირე რაოდენობით იკვებება წყლის მცენარეთა ნაწილებითაც.
მნიშვნელობა
სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.