თაგორი რაბინდრანათ
რაბინდრანათ თაგორი – (ბენგ. রবীন্দ্রনাথ ঠাকুর, უფრო ზუსტია – თჰაკური როვინდრონათჰ, 1861-1941), ინდოელი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, კომპოზიტორი, მხატვარი, განმანათლებელი. წერდა ბენგალურ და ინგლისურ ენაზე. 1913 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში - ღრმა, მგრძნობიარე, ორიგინალური და შესანიშნავი ლექსებისათვის, რომლებშიც დიდი ოსტატობითაა გადმოცემული პოეტური აზროვნება, რაც მისივე თქმით, „დასავლური ლიტერატურის ნაწილია“.
თაგორმა კლასიკური ფორმების და უცვლელი ლინგვისტური სტრუქტურების უარყოფით ბენგალური ლიტერატურული ენა გაათანამედროვა. მისი ნოველები, მოთხრობები, სიმღერები და ესეები დაწერილია მარტივი ენით. „Gitanjali“ („სიმღერების შეთავაზებები“), „Gora“ („პატიოსან-სახიანი“), „Ghare-Baire“ („სახლი და მსოფლიო“) მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1876 წელს. მისი დრამატურგიული შემოქმედება (70-ზე მეტი პიესა) გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებით. პირველსავე დრამატურგიულ ნამუშევრებში (მუსიკალური დრამები) დიდი ადგილი დაუთმო მუსიკალურ ნაწილს, რაც გამოწვეული იყო არა მარტო ინდური თეატრის ტრადიციებით, არამედ მისი შეხედულებითაც, რომ მუსიკა სიტყვაზე უკეთ გადმოსცემს ადამიანის სულიერ მდგომარეობას. დაწერა პიესები „ვალმიკის გენიოსი“, „ბუნების შურისძიება“, „ჩიტრანგოდა“, „მალინი“.
თაგორმა პირველი პიესა „ვალმიკის გენიოსი“ („Valmiki Pratibha“) ოცი წლის ასაკში, 1881 წელს, ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ, დაწერა საოპერო სპექტაკლისთვის და საკუთარ სახლში დადგა.
როგორც დრამატურგს აღიარება მოუტანა რომანტიკულ-ისტორიულმა ტრაგედიებმა „რაჯა და რანი“ (1889) და „მსხვერპლშეწირვა“ (1890). ამ პიესებში გამოვლინდა რომანტიზმის ეპოქის ევროპული დრამატურგიის გავლენა, მაგრამ თვით თემატიკა ღრმად ნაციონალურია. 90-იან 900-იან წლებში იგი ქმნის სოციალურ მომენტებზე გამახვილებულ რეალისტურ კომედიებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია „უცოლოთა კლუბი“.
თაგორის დრამატურგიულ ნაწარმოებებში მრავლადაა რთული ქვეტექსტები, ხშირად იყენებს ვრცელ მონოლოგებს. XX ს. 10-იანი წლებიდან, მის დრამატურგიაში წამყვანი ადგილი დაიკავა სიმბოლურ-ალეგორიულმა რომანტიკულმა დრამებმა. ეს დრამები უფრო მეტად დაკავშირებულია ტრადიციულ ინდურ მისტერიალურ წარმოდგენებთან, შედარებით ნაკლებად ევროპულ სიმბოლიზმთან. დრამები „ფოსტა“ და „რაჯა“ ცნობილი გახდა ევროპაშიც. პიესები „კონსერვატიზმის სიმაგრე“, „განთავისუფლებული დინება“, „წითელი ოლეანდრები“ დღესაც ინდური თეატრის რეპერტუარშია. მის რომანტიკულ სიმბოლურ-ალეგორიულ დრამებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია პიესებს, რომლებიც გაერთიანებულია ციკლში „წელიწადის დრონი“ (1908-34). მათში ფართოდ არის გამოყენებული სასიმღერო და საცეკვაო სცენები, რაც დაკავშირებლია ხალხურ თეატრ „ჯატრას“ ტრადიციებთან. ეს დრამები დაიწერა მოსწავლე ახალგაზრდობისათვის სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში, მათი წარმოდგენა ხდებოდა დეკორაციების გარეშე, ღია ცის ქვეშ და ეძღვნებოდა წელიწადის ამა თუ იმ დროს. უმრავლესობა მათგანი უსიუჟეტოა, ზოგიერთები კი – „შემოდგომის ზეიმი“, „გაზაფხულის დღესასწაული“ აგებულია მარტივ სიუჟეტზე. მან შექმნა, აგრეთვე, მუსიკალურ-საცეკვაო დრამები, რომელთაგან მნიშვნელოვანია „მოცეკვავე ქალის თაყვანისცემა“, „ჩიტრანგადა“, „შემა“.