რაჭველი ნიკოლოზ
ნიკოლოზ რაჭველი – (15. მაისი 1979, თბილისი) ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და სოლისტ-შემსრულებელი (ფორტეპიანო). შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (2012), თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ბ. კვერნაძის ხელმძღვანელობით) და ვენის მუსიკისა და საშემრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (მიშელ ჟარელის ხელმძღვანელობით).
ნიკოლოზ რაჭველმა პირველად საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს 11 წლის ასაკში უდირიჟორა. კონსერვატორიის ერთწლიანი სწავლების დასასრულს განსაკუთრებულ მოვლენად იქცა მის მიერ ორიგინალური გაორკესტრებით განხორციელებული დადგმა − ჩვენემდე მოღწეული პირველი საოპერო ნიმუში იაკომო პერის „ევრიდიკე“. იგი არის შტოკჰაუზენის, კეიჯის, კრამბის, გუბაიდულინას, შნიტკეს და სხვა თანამედროვე კომპოზიტორთა მნიშვნელოვანი თხზულებების პირველი შემსრულებელი საქართველოში. 2005 მიწვეულ იქნა საქართველოს მუსიკისა და დარამის თეატრის მუსიკალურ ხელმძღვანელად და ამასთანავე ახლადდაფუძნებული საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელად. მის მიერ დაფუძნებულია თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „კონტრაპუნქტი“ და ფესტივალი „სტუმრად კვარტეტთან“, აღადგინა სიმფონიური კონცერტების სეზონები. დირიჟორის რანგში ხშირად თანამშრომლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ და უცხოელ მუსიკოს-შემსრულებლებთან.
რაჭველს შექმნილი აქვს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, მათ შორის ვოკალურ-ინსტრუმენტული თხზულება „გზა შინისკენ და უკან“, რომელიც აუდიო ალბომის სახით ვენაში გამოიცა, საფორტეპიანო კონცერტი „ინტროვერსია“, რომელის პრემიერა ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში შედგა, საორკესტრო პიესა „პასუხი“, სიმფონიური ნაწარმოები „რევერანსი“, სიმებიანი კვარტეტი და სხვ.
თ. თამარაშვილი